შუშხუნა სასმელების დიდ სიაში ერთ-ერთი ყველაზე უნივერსალური სახელია Schweppes, რომელიც მე-18 საუკუნიდან მოყოლებული არ კარგავს თავის უნიკალურობას. მისი განვლილი გზა სავსეა ინოვაციებით, კავშირებით სამეფო კართან და სწორი მარკეტინგული გათვლებით.
ბრენდის დაბადება
მე-18 საუკუნის ბოლოს გერმანელ-შვეიცარიელმა მესაათემ და მეცნიერმა, იოჰან იაკობ შვეპსმა ერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთა – სოდიანი წყალი. მან გაზიანი სასმელების წარმოებაში დაინახა პოტენციალი, ბევრი არ უყოყმანია,1783 წელს ჟენევაში Schweppes Company დააარსა და თავი მიუძღვნა ამ რევოლუციური სასმლის გაყიდვასა და გავრცელებას.
თუმცა მალე მისმა ამბიციებმა გადააბიჯა ჟენევის საზღვრებს და 1792 წელს მიიღო თამამი გადაწყვეტილება, გადასულიყო ლონდონში, სადაც თავისი შუშხუნა სასმლით მთელ დიდ ბრიტანეთს მოედებოდა.
სამეფო ოჯახის საყვარელი სასმელი
1843 წელს Schweppes-მა გადადგა სტრატეგიული ნაბიჯი და შეიმუშავა გამაგრილებელი სასმელი, რომელიც ბრიტანეთის სამეფო ოჯახს შესთავაზა. ის მალვერნის წყაროებიდან იღებოდა, რაც სასმელს სხვებისგან გამორჩეულ გემოს აძლევდა. სამეფო ოჯახი სწრაფად გახდა ამ სასმლის მოყვარული და კომპანია Schweppes-მა 1836 წელს მოიპოვა ბრიტანეთის სამეფო ორდენი, რაც განამტკიცებდა მის სტატუსს, როგორც ხარისხისა და პრესტიჟის მიმწოდებელს.
ეს წარმატება ამით არ დასრულებულა. 1851 წელს Schweppes-ს მიენიჭა პატივი, პრინც ალბერტის დიდი გამოფენის ოფიციალური სპონსორი გამხდარიყო.
კოლაბორაცია Cadbury-სთან
შეიძლება იფიქროთ, სამეფო ოჯახთან თანამშრომლობაც საკმარისი იყო ბრენდის წარმატებისთვისო, თუმცა Schweppes განვითარებას სტრატეგიულ პარტნიორებშიც ხედავდა. 1969 წელს ის შეუერთდა Cadbury-ს, შოკოლადის გიგანტს, რის შედეგადაც მათ გამოუშვეს პროდუქტი – Cadbury Schweppes. ის გახდა ახალი მოთამაშე გლობალურ ბაზარზე, რომელიც აერთიანებდა Schweppes-ის სასმელების შუშხუნა მიმზიდველობას Cadbury-ის შოკოლადების მდიდარ, დამამშვიდებელ ეფექტთან.
ახალი გემოები
Schweppes-მა, როგორც ინოვაციისა და მრავალფეროვნების სინონიმმა, არაერთი გემო გამოცადა და ყოველთვის სიახლეების შექმნისკენ მიისწრაფოდა. 1870 წელს კომპანიამ წარმოადგინა ჯანჯაფილის არომატიანი სასმელი, რომელიც კარგი შერწყმა აღმოჩნდა გამაგრილებელ, გაზიან სასმელთან და მალე მოიპოვა თაყვანისმცემლები მსოფლიო მასშტაბით.
თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ, 1957 წელს, Schweppes-მა წარმოადგინა კიდევ ერთი ახალი პროდუქტი, რომელიც მწარე ლიმონისა და არომატების ნაზავი იყო. ამ სიახლემ კომპანიის ისედაც შთამბეჭდავ რეპუტაციას კიდევ უფრო ახალი მიმართულება მისცა.
თუმცა ბრენდის ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი მიქსოლოგიის სამყაროში მაინც 1871 წელს გაჩნდა, როდესაც მან შექმნა პირველი გაზიანი მატონიზირებელი წყალი, რევოლუციური ინგრედიენტი, რომელიც დღემდე რჩება უთვალავი კლასიკური კოქტეილის საფუძვლად, განსაკუთრებით, ჯინტონიკის.
კოლაბორაცია მხატვართან
როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, Schweppes-ს ბევრი სწორი მარკეტინგული სვლა ჰქონდა და აქედან კიდევ ერთი უნდა გავიხსენოთ. მე-20 საუკუნის ოცდაათიან წლებში ბრენდი დაუკავშირდა მხატვარ უილიამ ბარიბალს, რომელმაც შემდგომ იმუშავა ბრენდის ვიზუალურ იდენტობაზე.
ბარიბალმა შექმნა პლაკატების სერია, რომლებზეც გამოსახა Schweppes-ის „შინაგანი სული” და ბრენდის მიმზიდველობა ახალ სიმაღლეებზე აიყვანა მომხმარებლის თვალში. ეს ნამუშევრები დაეხმარა Schweppes-ს, კულტურული ხატი შეექმნა საზოგადოებაში.
გაყოფა და შეერთება
2008 წელს Cadbury Schweppes-ის ოდესღაც ძლიერი იმპერია ორად გაიყო. კომპანიის აშშ-ს სასმელების განყოფილებაში მოვიდა ახალი მენეჯმენტი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ უპრიანი იქნებოდა შექმნილიყო უფრო ძლიერი ერთეული, რომელიც გააგრძელებდა დომინირებას ჩრდილოეთ ამერიკის გამაგრილებელი სასმელების ბაზარზე. ამიტომ Schweppes-ის სასაქონლო ნიშანი გაერთიანდა დიდი ქოლგის, Keurig Dr Pepper ქვეშ, რამაც გააძლიერა მისი პოზიცია აშშ-სა და კანადაში.
ხანგრძლივი ისტორიის მქონე Schweppes ახლაც რჩება ფართოდ აღიარებული ბრენდად, რომელსაც აქვს გლობალური დისტრიბუცია.
ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი