პოლ კალკბრენერის მიერ შექმნილი ვიდეორგოლი რეალობას სრულიად უჩვეულო ხედვით წარმოგვიდგენს — ალბათ, ზუსტად ისეთს, როგორშიც ახლა ვცხოვრობთ, მაგრამ ასე მძაფრად არ დავკვირვებივართ.
ვიდეო ნახატების სერიის პრინციპს მიჰყვება, რომელიც ჩვეულებრივ რეალობასა და აბსურდულობას შორის მერყეობს. მსგავსი მიდგომა მაყურებელს უბიძგებს, თვალით ნანახი ეჭვქვეშ დააყენოს, ადამიანური და „ყალბად ადამიანური“ ერთმანეთისგან ვერ გაარჩიოს. ამისათვის რეჟისორმა ნამდვილი სცენები ბერლინში გადაიღო, შემდეგ კი 4D მოცულობითი ტექნოლოგიის გამოყენებით, ხელოვნურად შექმნილი ფიგურებიც დაამატა — ზუსტად ისეთები, ვიდეოთამაშებსა და ვირტუალურ სივრცეებში ავატარების სახით რომ წარმოგვიდგება.
პროექტისთვის შერჩეული მეთოდები და ტექნოლოგია მას საშინელ, იმიტირებულ განცდას ანიჭებს — განსაკუთრებით იმის გამო, რომ ადამიანის ფიგურები „არასწორ“ გარემოში იმყოფებიან. კონცეფცია კაცობრიობისა და გამოსახულებების დღევანდელ კავშირს ეფუძნება. „ჩვენს ცხოვრებაში ალგორითმები და ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული სურათები დომინირებს. მათი რეალობისგან გარჩევა სულ უფრო რთული ხდება. ვიდეორგოლის კონცეფცია საზოგადოების დაკვირვებას ემყარება, გვსურდა, შეგვექმნა რეალობის სახეცვლილი ვერსია — აშკარა ციფრული სარკისებრი ყოველდღიურობა, რომელიც სოციალური ქცევის აბსურდულ ნიმუშებს ასახავს“.