in

ცოტა მეცნიერება, ცოტაც – ფანტასტიკა! – სააგენტო Sci-fi Communication-ის #პორტფოლიო

ამ სააგენტოს ამბავი, დაახლოებით 7 წლის წინ, სხვა სააგენტოებში იწყება. ყოველთვიური შემოსავალი რომ არ ჰყოფნიდათ, მეგობრებმა, სააგენტოებში მუშაობის პარალელურად, დამატებითი პროექტების კეთება დაიწყეს. ცოტა ხანში, პროექტების მოცულობა რომ გაიზარდა, მიხვდნენ – მოვიდა დრო, ამ ყველაფრისთვის სახელი დაერქმიათ. ასე გაჩნდა მათ პრეზენტაციებზე სახელი Sci-fi Communication – Science based Fictionსამეცნიერო ფანტასტიკის მათეული აღქმა რეკლამაში. თვლიან, რომ ამ საქმეში ორივე საჭიროა – თუკი მეცნიერება არ ურევია, ე.ი. კარგად არ აკეთებ, თუ „ფანტასტიკა“ დააკელი – მონაცემებზე მომუშავე საკონსულტაციო კომპანიას ემსგავსები. მათთვის ამ ძვირფას საქმეს ცოტა მეცნიერებისა და ცოტა ფანტასტიკის ქიმია ქმნის. დღეს, Sci-fi თბილისსა და ვარშავაში არასტანდარტული მოდელით, დისტანციურად და  ცვალებადი გუნდის წევრებით მუშაობს. ძირითადი გუნდი პროექტის მასშტაბის და სპეციფიკის მიხედვით აკომპლექტებს გუნდს ინდუსტრიის პროფესიონალებით და მუშაობს შემდეგ მიმართულებებზე:
ბრენდინგი, დიზაინი, კამპანია, სტრატეგია, ვებგვერდი თუ სხვა სახის შემოქმედებითი კონტენტი.

რა დასამალია და, ასეთი შემართების მიუხედავად, Sci-Fi-ის დამფუძნებელს არ უყვარს საკუთარ თავზე საუბარი (ეს 2019 წლის ინტერვიუშიც გამოჩნდა, როდესაც ვარშავაში გამხმარი ხელოვნური პალმის ინსტალაციაზე სასაუბროდ მივაკითხეთ). ლევან მუსხელიშვილთან ჩვენი ინტერვიუც დაახლოებით ასე შედგა: ჯერ იყო Windfor’s Tbilisi, შემდეგ Havas Warsaw, ბოლოს კი Syrena Warsaw, პარალელურად ყოველთვის იყო Sci-Fi communication-ში, მაგრამ ყველაფერს ნუ ჩავწერთ… ჰოდა, არ ვწერთ. ვეცდებით, მათზე ისე გიამბოთ, რომ არ გიამბოთ – Sci-fi-ში ურჩევნიათ, მათ ნაცვლად, პორტფოლიომ ისაუბროს.

Sci-Fi-ის არტეფაქტები

აიზეკ აზიმოვისეული მანიფესტის გარდა, Sci-Fi-ის „ფანტასტიკურობას“ არტეფაქტებითაც ეზიარებით. ყოველი პროექტისთვის, სახსოვრად, უნიკალურ არტეფაქტს ქმნიან. უბრალოდ, ასე მოსწონთ.

#scifiversion

#scifiversion ასე ესმით „კომუნიკაციის გაკეთილშობილება“ Sci-Fi-ში. ისინი ირჩევენ კომუნიკაციის საშუალებებს, საკუთარი სურვილით და ქმნიან არსებული კონცეპტის ახალ უფრო ფუნქციონალურ დიზაინ ვერსიას (ჰეშთეგით #scifiversion), მოწონების შემთხვევაში, ნამუშევარს ადრესატს უსასყიდლოდ გადასცემენ.

„თვალი ჭამს“

ყოველ ქალაქს აქვს სათქმელი. არქიტექტურის, ადამიანებისა და კულტურული მემკვიდრეობის გარდა, ქალაქი ბრენდების, სარეკლამო განცხადებების თუ სხვა გზავნილების სახით გვესაუბრება. კამპანია „თვალი ჭამს“ ოთხი ქალაქის: თბილისის, ჰანოის, ვარშვისა და ბერლინის ამ მხარეზე გვესაუბრება.

Covid Skeleton

პანდემიის პირველი ტალღისა და ყველაზე დიდი პანიკის პიკში გაუშვეს ვებგვერდი და გამოჩნდნენ. უნდოდათ, 2020 მაისში ბრენდები შეეგულიანებინათ, მარკეტინგული აქტივობები არ შეეჩერებინათ და დახურულ ლეპტოპთან ლოცვის პოზიციიდან, ადაპტაციის რეჟიმში გადასულივყვნენ. კამპანიის მთავარი გზავნილი იყო Do You Still Believe in Brands? ამ სტილშივე გააფორმეს მაისურები, ვებგვერდი, პოსტერები და სტიკერები.

სასტუმრო IOTA

სასტუმრო IOTA-ს პროექტი Sci-Fi-ის პირველი დიდი ბრენდინგია. სააგენტომ შექმნა ძველი ქართული ასოს კონცეფცია, როგორც ძველისა და ისტორიულის თანამედროვეობასთან ბმა. ბრენდინგზე მუშაობისას იაპონური Wabi-Sabi-ის მაგვარ ფილოსოფიამდე მივიდნენ, რომლის თანახმადაც არასრულყოფილების სილამაზე, დეტალების აღქმა და ფუნქციურობა წამოწიეს წინ. ამგვარად, ქალაქის ცენტრში ისტორიულობისა და მემკვიდრეობითობის სიმბოლო შექმნეს.

„ქვა ინახავს ისტორიას“

ეს კი, Sci-fi-ის ერთ-ერთი პირველი დიდი პროექტია. კამპანია „ქვა ინახავს ისტორიას“ რადიო, პრინტ რეკლამასა და ვიდეორგოლების სერიას მოიცავდა და ჩვენ გარშემო არსებული ქვის ამბებს მოგვითხრობდა.

Sci-Fi-ში მომავალი წლისთვის ბევრ ახალ არტეფაქტს გვპირდებიან. ისღა დაგვრჩენია, მათგან საინტერესო ამბებს დაველოდოთ.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

უმსხვილესი საერთაშორისო კომპანიები საქართველოში და მათი როლი ქართული ბაზრის განვითარებაში

„ქენჯა“ – როგორ შეიქმნა გათანამედროვებული თუშური ქუდი