მართალია, ობობის პირველი სახეობა ჯერ კიდევ 1757 წელს აღწერეს, მაგრამ ახლა მეცნიერებმა ობობის ახალი სახეობა აღმოაჩინეს, რითაც აღწერილ სახეობათა რიცხვმა 50 000-ს მიაღწია. როგორც ბერნის ბუნების მუზეუმის განცხადებაში ვკითხულობთ, მკვლევრები კიდევ მრავალი ათასი სახეობის აღმოჩენას ელოდებიან. ხოლო თუ ვარაუდებს დავუჯერებთ, ეს უკვე დადგენილ სახეობათა რიცხვსაც გადააჭარბებს.
ეს ობობა Guriurius minuano-ა, Salticidae ოჯახის წევრი, რომლის აღწერა ბრაზილიელმა მკვლევრებმა პირველად მოახერხეს. იგი მრგვალთვალებიანი მხტუნავი ობობების ოჯახს ეკუთვნის და პატარა მცენარეებში, ბუჩქებსა თუ ხეებში ცხოვრობს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ Guriurius minuano ობობების მსოფლიო კატალოგშიც — WSC მოიხსენიეს.
რაც შეეხება მის სახელს, იგი სამხრეთ ბრაზილიაში, ბუენოს-აირესსა და ურუგვაიში მცხოვრები უკვე გადაშენებული ეთნიკური ჯგუფის — Minuane საპატივცემულოდ დაარქვეს. ეს ზუსტად ის რეგიონებია, სადაც არაჩნიდის სახეობის მხტუნავი ობობები ცხოვრობენ. ისინი ზოლიანი მუცლითა და დიდი შავი თვალებით გამოირჩევიან. მრავალფეროვანი არაჩნიდები ჩვეულებრივ ტროპიკებში გვხვდება, მაგრამ ზოგიერთი იშვიათი სახეობა ცივ რეგიონებში, მათ შორის არქტიკაშიც კი ცხოვრობს.
საინტერესოა ისიც, რომ მხტუნავ ობობებს გამოსახულების კარგად აღქმა შეუძლიათ, რასაც მსხვერპლის დასადევნებლად საკმაოდ ეფექტურად იყენებენ. როგორც ცნობილია, ისინი ყოველწლიურად 400-დან 800 მილიონ ტონა მწერს იჭერენ. ზოგიერთ სახეობას კი ულტრაიისფერი შუქის, ლურჯი და მწვანე ფერების აღქმის უნარიც აქვს.
Salticidae ოჯახის წევრები თავისი ცეკვითაც არიან ცნობილი, რასაც ობობები სხეულისა თუ ფეხების ძლიერი მოძრაობით ახერხებენ. 2012 წელს კი ამ ოჯახის წევრი Phidippus johnsoni პირველი ობობა გახდა, რომელმაც საერთაშორისო კოსმოსური სადგური 100 დღის მანძილზე თავის სახლად აქცია. დიახ, ეს იყო პირველი ობობა, რომელიც კოსმოსში გაემგზავრა და შემდეგ დედამიწაზე უვნებელი დაბრუნდა.