დაგვპირდნენ, მთელი ქვეყანა ჩვენ ვიქნებითო და ამ მიზნისკენ შემართებით მიდიან – „სკუტ სკუტმა“ წარმომადგენლობა ბაქოში გახსნა. ხუთ წელზე მეტია, „სკუტ სკუტი“ საქართველოს ბაზარზე ოპერირებს და ორთვლიანი ტრანსპორტის მოყვარულებს აერთიანებს, ახლა კი, მთელი მონდომებით აზერბაიჯანის 17-მილიონიან ბაზარზე გამოცდიs ძალებს. რა საერთო და განსხვავებული სპეციფიკა ახასიათებს ქართულ და აზერბაიჯანულ ბაზარს? რატომაა მნიშვნელოვანი ქართული სტარტაპერებისთვის რეგიონული მასშტაბით გაფართოება და როგორია უფრო მასშტაბური „სკუტ სკუტი“, კომპანიის თანადამფუძნებელმა, გიორგი მონავარდისაშვილმა გვიამბო.
M: რამ მიგიყვანათ გადაწყვეტილებამდე, რომ სწორედ ახლა გაგეხსნათ ბაქოში „სკუტ სკუტი?
ზოგადად, საქართველოს ბაზარი თავისი მცირერიცხოვნობით და დაბალი ეკონომიკით ხასიათდება, რაც ყველა ბიზნესს ურთულებს საქმეს. ვფიქრობთ, დროა, ქართულმა ბიზნესებმა თამაშის ასპარეზად საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის ერთობლიობას შეხედონ და არ შეიზღუდონ თავი მხოლოდ საქართველოთი, მითუმეტეს, რომ ბიზნეს გარემო ამ ქვეყნებში შესამჩნევად არის გაუმჯობესებული.
რაც შეეხება „სკუტ სკუტს“ საქართველოში, ის გამართულად მომუშავე ორგანიზაციად შედგა. ყველა პროცესს ჰყავს პასუხისმგებელი პირი და ქართული ბაზრის ზრდასთან ერთად კომპანიაც თანმიმდევრულად იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ გამოწვევები ულევია, ჩავთვალეთ, რომ ჩვენი დაგროვილი გამოცდილება შეგვიძლია ახალ ბაზარს და მის განვითარებას დავუთმოთ. დაახლოებით ორი წელია ვეძებთ პარტნიორებს და პარტნიორობებს ჩვენს მეზობელ ქვეყნებში – სომხეთსა და აზერბაიჯანში. ამ ქვეყნებში მოტოციკლების ბაზარი ძალიან ჰგავს საქართველოს იგივე ბაზრის დასაწყისს, დაახლოებით 2015-2017 წლებს, სოციალური რეალობაც ძალიან შორს არ არის ჩვენისგან და ჩავთვალეთ, რომ შეგვიძლია ეს ბიზნესი მეზობელ ბაზრებზეც განვავითაროთ.
M: როგორი იქნება „სკუტ სკუტი“ ბაქოში?
ბაქოში, ახალი მაღაზია ჩვენი და ჩვენი პარტნიორების საზიარო კომპანიაა. ბევრი მსგავსების მიუხედავად, საქართველოსა და აზერბაიჯანის ბაზრებს შორის განსხვავებებიც მრავლადაა. ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება ის არის, რომ აზერბაიჯანში სკუტერებზე მეტად, მოტოციკლები მოსწონთ. ჩვენი მაღაზიაც, მოტოციკლების უფრო მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს, ვიდრე სკუტერების. ამ სხვაობის გამო, „სკუტ სკუტის“ სახელიც, რომელიც სკუტერებთან უფრო ასოცირდება, უფრო მკაცრი, მოტოციკლებთან დაკავშირებული – „მოტომანიით“ ჩავანაცვლეთ.
M: როგორი კომუნიკაცია გექნებათ მომხმარებლებთან, რაც „სკუტ სკუტის“ ხელწერაა, უკვე დიდი ხანია?
პირველ რიგში, ისევე როგორც დასაწყისში საქართველოში, ძალიან მნიშვნელოვანი არის დავაგროვოთ პირველი კლიენტების კრიტიკული რაოდენობა, 100 ადამიანი, რომელიც პირველად ეზიარა ორთვლიან ტრანსპორტს. ეს ხალხი ძალიან ბევრს და დიდი ენთუზიაზმით საუბრობს საკუთარ გამოცდილებაზე. ვაპირებთ, რომ წავახალისოთ ასეთი ადამიანები, დავუმეგობრდეთ, მოვაწყოთ ღონისძიებები, შეკრებები და ა.შ, რაც ძალიან ეხმარება ახალი ბაზრის გაჩენას.
რაც შეეხება კომუნიკაციას, თუ „სკუტ სკუტში“ კომუნიკაციის 90% ინსორს კეთდება, აზერბაიჯანში სააგენტოსთან მუშაობა გვიწევს, რათა ენის და სხვა კულტურულმა ბარიერებმა ხელი არ შეგვიშალოს. თუმცა უშუალოდ მაღაზიის თანამშრომლებსაც ვარჩევთ ისე, რომ ბაქოს ახალგაზრდობასთან საერთო ენაზე საუბრობდეს, რათა ყოველდღიური კომუნიკაცია მაინც შიგნიდან ვაკეთოთ. რა დოზით გვექნება კომუნიკაცია ინსორს, ჯერ ჩვენ თვითონაც არ ვიცით.
კომუნიკაციის შინაარს რაც შეეხება, ბაქოშიც არის საცობები, ავტომობილები კი ახალგაზრდებისთვის მაღალი გადასახადების გამო კიდევ უფრო რთულად ხელმისაწვდომია. შესაბამისად, საკომუნიკაციო მესიჯები მეტნაკლებად იგივე იქნება, რაც ჩვენთან.
M: როგორი იქნება ბიზნესმოდელი?
ექსპორტის უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილება გვაქვს დაგროვილი, აზერბაიჯანთანაც და სომხეთთანაც გვითანამშრომლია და გაგვიგზავნია პროდუქცია. საქართველოში კი უკვე იმხელები ვართ, რომ ბაქოს ამჟამინდელ ბაზრის მოცულობას ადვილად და ძალიან მოქნილად დავაკმაყოფილებთ.
ჯერჯერობით, ბაქოში იგზავნება ის ბრენდები, რომლებთანაც უკვე ვთანამშრომლობთ საქართველოში. საშუალოვადიან პერსპექტივაში, აზერბაიჯანი საკუთარ შეკვეთებს განათავსებს და პირდაპირ მწარმოებელი ქვეყნიდან მიიღებს, რაც თვითღირებულებას უფრო შეამცირებს.
M: რას ნიშნავს თქვენთვის ეს ახალი ნაბიჯი?
„სკუტ სკუტისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ არ დავრჩენილიყავით იმ შეზღუდული ბაზრის პირობებში, როგორც აქამდე ვიყავით. ჩვენი პროდუქტი ჯერ კიდევ საშიში სიახლეა უმეტესობისთვის და მასობრივად არ გავრცელებულა, მოსახლეობის სიმცირე და მცირე ეკონომიკა, კიდევ უფრო ართულებს ბიზნესის კეთებას. ხშირად, რაღაც კარგ პროდუქტს ვნახულობთ, ველაპარაკებით მწარმოებელს და შემდეგ, თანამშრომლობა ვერ დგება, რადგან იმ რაოდენობის პროდუქტს ვერ ვუკვეთავთ, რომ მწარმოებელს ჩვენთან მუშაობა უღირდეს. მსგავსი პრობლემები მხოლოდ ბაზრის გაზრდით გადაიჭრება.
დღეს „სკუტ სკუტი“ ოპერირებს უკვე არა 3.5 მილიონიან საქართველოში, არამედ 17 მილიონიან რეგიონში. დარწმუნებული ვარ, სურათის ასე დანახვა, ჩვენ, როგორც მეწარმეებს, და ასევე ჩვენს თანამშრომლებს, ძალიან ბევრ საინტერესო ახალ კარს გაგვიხსნის.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი