in

Scoot Scoot: “ვისაც ჩვენი კომპანია აინტერესებს, პირდაპირ მოგვწეროს, კადრები გვჭირდება ყველა მიმართულებით”…

“აღმოჩნდა, რომ ყოველ არსებულ თანამშრომელზე ერთი დამატებითი კადრი გვჭირდება”

Startauperi
Startauperi

ბავშვობიდან გვასწავლიდნენ, როგორ არ დაგვეშვა შეცდომა. რაღაც დონეზე, ჩაგვიბეჭდეს კიდეც აზრი, რომ არაფერი უნდა შეგვეშალოს. ამიტომ, ფეხაკრეფით მივეჩვიეთ სიარულს და ხშირად, შეცდომის დაშვების შიშით, არც კი გაგვირისკავს. როდესაც ორმა მეგობარმა სრულიად აუთვისებელ ქართულ ბაზარზე სკუტერების ბიზნესი საკუთარი რესურსებით დაიწყეს, იცოდნენ, რომ გაუკვალავ გზას დაადგნენ და წინ ბევრი სირთულე ელოდათ, თუმცა ენთუზიაზმმა გადაწონა და დღეს, Scoot Scoot „სკუტერივით ჩქარ ბაზარზე“ დაქრის. რა სირთულეები გამოიარა სტარტაპმა? რა შეცდომები გახდა განვითარების მომდევნო ეტაპზე გადასვლის წინაპირობა? Scoot Scoot-ის #შეცდომები სტარტაპის თანადამფუძნებელთან, გიორგი მონავარდისაშვილთან ერთად მიმოვიხილეთ.

M: ერთ-ერთ ინტერვიუში მითხარი, სტარტაპიდან ბიზნესის მასშტაბზე გადავდივართო. ასეთ გარდამტეხ დროს, ბუნებრივია, ბევრი სტარტაპი უშვებს შეცდომას. როგორი იყო თქვენი გამოცდილება?

მთავარი გამოწვევა, რაც ამ ეტაპისთვის გვაქვს, კადრების მოძიებაა. ახლა ცოტანი ვართ, ხოლო საქმე, რასაც ვაკეთებთ – ძალიან ბევრი. სტარტაპისთვის ბუნებრივია, როდესაც სხვადასხვა საქმეს აკეთებს ერთი და იგივე ადამიანი, თუმცა ბიზნესის ზრდასთან ერთად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ახალი ადამიანების მოძიება და პროცესებისა და პასუხისმგებლობების გამიჯვნა.

ბიზნესი უცებ არ გაზრდილა, დაარსების დღიდან, სტაბილურად ვიზრდებით ჩვენც და ბაზარიც, თუმცა როცა დავსხედით და „სკუტ სკუტის“ გაზრდის გეგმისთვის საჭირო განახლებული ორგანიზაციული სტრუქტურა შევიმუშავეთ, აღმოჩნდა, რომ ყოველ არსებულ თანამშრომელზე ერთი დამატებითი კადრი გვჭირდება. დრო კი ძალიან ცოტაა, სეზონი ახლოვდება და გაორმაგებული მარაგები პორტს მოადგა. გვიწევს ძალიან ჩქარი ტემპებით ხალხის აყვანა, ამიტომ, ვისარგებლებ შემთხვევით და თქვენს მკითხველსაც მოვუწოდებ, თუ ეს სფერო და ჩვენი კომპანია აინტერესებს, პირდაპირ მოგვწეროს, კადრები გვჭირდება ყველა მიმართულებით.

M: შეცდომები, რომლებიც კონკურენტუნარიანობის შენარჩუნების/გაზრდის პროცესში დაგიშვიათ…

„სკუტ სკუტის“ დაარსების დღიდან, ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ციფრულ კომუნიკაციას და ნაკლებს – ფიზიკურ მდებარეობას. ამჟამინდელი მაღაზია პლეხანოვზე გვაქვს, ძველი კინოსტუდიის ტერიტორიაზე. ეს ტერიტორია ძალიან მოგვწონს, რადგან ქალაქის ცენტრშია, ადვილი მოსასვლელია და დიდი ქირის საფასურიც არ გვაწევს ტვირთად, თუმცა მაღაზია ქუჩიდან არ ჩანს და ცნობადობის გაზრდაზე საერთოდ არ მუშაობს. ჩვენი არსებული მაღაზია თავიდან კომფორტული იყო, როდესაც ბაზარიც არც ისე დიდი იყო და ჩვენს საკმაოდ ვიწრო აუდიტორიას ციფრულ არხებშიც მარტივად ვპოულობდით.

ბაზრის ზრდასთან და სეგმენტის გამსხვილებასთან ერთად, გამოჩნდნენ კონკურენტები, რომლებმაც ფაქტობრივად, ყველა უბანში, ადვილად დასანახ/მისაგნებ ადგილას გახსნეს მაღაზიები. ამან კონკურენტებს ცნობადობა საკმაოდ გაუზარდა და ჩვენს აქტუალობაზე იმოქმედა. დღესდღეობით, ციფრული არხები სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, თუმცა, საცალო ვაჭრობისთვის გაყიდვების წერტილი არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და გამოსაჩენი ადგილის ქონა კონკურენციაში მნიშვნელობით არაფრით ჩამოუვარდება ციფრულ არხებში წარმოჩენას.

იყო ფინანსური ფაქტორიც:

ამ საქმეს თავიდანვე ძალიან დიდი ენთუზიაზმით ვაკეთებდით. სკუტერებზე ვესაუბრებოდით ყველას, ყველგან. როდესაც ვიწყებდით, მაშინ სკუტერით ცოტა ვინმე თუ მოძრაობდა და ბევრისთვის წარმოუდგენელი იყო, რომ ჩვენს ქვეყანაში, ეს პატარა ტრანსპორტი ოდესმე აქტუალური გახდებოდა. ჩვენ ძალიან გაგვიტაცა ქვეყნის გასკუტერიანების მისიამ, ვფიქრობდით, რომ თუ მოვახერხებდით ბევრი ადამიანის დარწმუნებას ამ ტრანსპორტზე გადმოჯდომაში, ბიზნესიც თავისთავად კარგად წავიდოდა.

იმ დროს, მთავარი შეცდომა დავუშვით იმაში, რომ არ დავხარჯეთ საკმარისი ენერგია ფინანსების მოძიებაში. დაარსების დღიდან მარაგების პრობლემები გვქონდა, ყოველთვის მოთხოვნა იყო იმაზე მეტი, ვიდრე შეგვეძლო მიგვეწოდებინა. სამაგიეროდ მარაგების პრობლემა არ აქვს ბაზარს – როდესაც ჩვენ საკმარისი ასორტიმენტი არ გვქონდა, კლიენტი მიდიოდა და სხვაგან ყიდულობდა სკუტერს. მას შემდეგ, კონკურენცია ძალიან გაიზარდა და გამოჩნდა ბევრი ბიზნესი, ვინც ამ პროდუქტით დაინტერესდა, ჩვენ კი ძალიან ბევრი კლიენტი დავკარგეთ იმის გამო, რომ არ გვქონდა საკმარისი ფინანსები მარაგების გასაზრდელად.

ახლა:

ახლა ფინანსების პრობლემა ნაკლებად გვაქვს, გარდა გაუნაწილებელი მოგებისა, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში დავაგროვეთ, მოვიძიეთ პარტნიორი საბანკო სფეროშიც, რაც დაგვეხმარება მაღაზიების დამატებასა და მარაგების გაზრდაში. ეს ყველაფერი საშუალებას მისცემს სკუტ სკუტს დიდი ნახტომით მიუახლოვდეს ქვეყნის გასკუტერიანების მისიას. წელს, მასშტაბების გაზრდას ვგეგმავთ, „სკუტ სკუტის“ მაღაზიებს მალე ბევრგან იხილავთ და პირობას გაძლევთ, გულგრილად ვერ ჩაუვლით. fingers crossed.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

ამ გვრილის ფოტოს ყოველდღიურად 90 მილიონი ნახვა აქვს – ფაქტი გამოძიებამდე მივიდა

ნახეთ: კვამლში გახვეული ბილბორდი, რომელიც კლიმატურ ცვლილებაზე დაგვაფიქრებს