in

სკუტ სკუტი: „ძალიან გვინდა, მთელი ქვეყანა ისინი იყვნენ!“

Startauperi
Startauperi

არც კი წარმოგვედგინა, რომ ახალგაზრდები ნაგროვები ფულით შეძლებდნენ ისეთი რისკიანი გადაწყვეტილების მიღებას, როგორც მაშინ იყო სკუტერის შეძენა, როცა ის ნაკლებად პრესტიჟულ და საშიშ ტრანსპორტად აღიქმებოდა. სწორედ მაშინ მივხვდით  ჩვენს ქვეყანაში ამ ტრანსპორტის პოტენციალს, როდესაც ახალგაზრდები, საქართველოსნაირ კონსერვატიულ გარემოშიც კი, მიდიოდნენ სტატუს-კვოს წინააღმდეგ და დიდი მანქანების ნაცვლად, წითელ-ყვითელ იამაჰა ვინოებსა და ჰონდა სკუპებზე სხდებოდნენ.

დასაწყისში, რამდენიმე ორგანიზაციამ მოგვცა კარგი ბიძგი ჩვენი სტარტაპის ვალიდაციისთვის. ორი ასეთი იყო ფაბრიკა და თიბისის სტარტაპერის პროგრამა. ფაბრიკაში სკუტ სკუტის განთავსებამ ყველაზე თავისუფალ და დამოუკიდებელ ადამიანებთან პირდაპირი კომუნიკაციის არხი გაგვიჭრა. სტარტაპერის პროგრამამ კი, იმ პირობებში, რომ არატექნოლოგიური სტარტაპებისთვის კაპიტალის მოძიება ძალიან ჭირს, კრიტიკულ მომენტში გაგვიწია ფინანსირება. ეს რესურსი რემონტისა და ოფისის მოსაწყობად გამოვიყენეთ. თანხაზე არანაკლებ დაგვეხმარა სტარტაპერის მარკეტინგული ხელშეწყობა. მაშინ, როდესაც არანაირი ცნობადობა არ გვქონდა, უცებ მივიღეთ წვდომა ძალიან კარგი ხარისხის კონტენტსა და თიბისის საკომუნიკაციო არხზე, რომელიც მაშინაც ძალიან დიდ აუდიტორიას მოიცავდა. ამგვარად, მოკლე დროში, ძალიან ბევრი ადამიანის თვალში ვალიდურ ბიზნესად ვიქეცით.

დავიწყეთ პატარა გაქირავების ობიექტით. ახლა, ორი დიდი მაღაზია გვაქვს, ერთი თბილისში, მეორე – ბათუმში. სკუტერს საქართველოს ყველა წერტილში ვყიდით დისტანციურად. კლიენტები ყველა კუთხიდან გვყავს. ასევე, ქვეყნის მასშტაბით, გვაქვს უდიდესი და ტექნიკურად ყველაზე უზრუნველყოფილი სკუტერ-მოტო სერვისი, რომელიც ორ თვეში უკვე მთლიანად იქნება აღჭურვილი და გამართული. ვართ ლიდერები ჩვენ მიერვე შექმნილ ინდუსტრიაში, ძალიან ბევრი საცალო და რამდენიმე კორპორაციული კლიენტით. რაც ყველაზე მთავარია, თუკი დასაწყისში, სკუტერი საერთოდ არ განიხილებოდა ტრანსპორტად, ახლა, მეტნაკლებად ყველა ფიქრობს ამ ტრანსპორტის შეძენაზე. არ არსებობს ადამიანი, ვისი სანაცნობო წრიდან ერთს მაინც არ ჰყავს სკუტერი ან მოტოციკლი.

მთავარი, რაც სკუტ სკუტმა მოიტანა ისაა, რომ უამრავი ახალგაზრდა ადამიანი გაათავისუფლა გადაადგილების სირთულეებისგან. 18 წლის ადამიანს, რომელსაც ჰყავს სკუტერი, ფაქტობრივად არ აქვს საზღვრები. მას შეუძლია დღის განმავლობაში მთელი თბილისი მოიაროს, უარი არ თქვას ერთ დღეში დიღომში სწავლაზე, ვაკეში ბიბლიოთეკაში მისვლაზე, პლეხანოვზე კალათბურთის თამაშზე, საბურთალოზე პროგრამირების კურსებზე მისვლაზე. ასეთი ცოცხალი ადამიანები, რა თქმა უნდა, ჩვენ არ შეგვიქმნია, მაგრამ გვსურს ხელი შევუწყოთ და ძალიან გვინდა, მთელი ქვეყანა ისინი იყვნენ.

#სტარტაპერი5წლისაა

ახალი პროდუქტები Acer-ის ღონისძიებიდან!

Skoda-ს ყველა დროის 10 საუკეთესო მანქანა