11
Jul
2019

თვითგორიალების „შეარინგი“ თბილისში

11 Jul 2019

თბილისში, ე.წ. შეარინგის პრინციპით, თვითგორიალების ქირაობის სერვისი გამოჩნდა. ადგილობრივ ბაზარზე, ბიზნესის ფრენჩაიზი ნიკო პაპაშვილს ეკუთნის. მოწყობილობაზე GPS სისტემა რუსულმა კომპანიამ To Go დააყენა. ამავე ენაზეა აპლიკაციაც. ამ ფაქტმა, ბუნებრივია, მომხმარებელთა უკმაყოფილება გამოიწვია. როგორც ნიკო პაპაშვილი ამბობს, პრობლემის მოსაგვარებლად ტექნიკური ჯგუფი უკვე მუშაობს.

„სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა ჯერ რეგისტრაცია, შემდეგ კი მისი დაჯავშნა – აპლიკაციით იგებ, სად არის თავისუფალი, უთითებ, რა დრო გჭირდება იქამდე მისასვლელად და ანგარიშიდან გეჭრება თანხა. სადგურები არ გაქვს კონკრეტულ ადგილზე. ანუ დატოვება შეგიძლია ველოსიპედის ნებისმიერ პარკინგზე ან თუნდაც ბოძზე, მთავარია, მოძრაობას არ უშლიდეს ხელს. სერვისით სარგებლობის დასასრულს, მომხმარებელი, სატრანსპორტო საშუალებას უღებს 2 ფოტოს, სადაც უნდა ჩანდეს, რომ უვნებელ მდგომარეობაში აბრუნებს მას. თვითგორიალას ქირაობა, 1 წუთით, 30 თეთრი ღირს. ერთი საათით კი 18-ის ნაცვლად, 15ლარი. ახლა ვფიქრობთ, მთელი დღით ქირაობის სერვისი დავამატოთ. მომხმარებელს თან გავატანთ დამტენსაც. რაც შეეხება აპლიკაციის ენას, რადგან რუსული ფრენჩაიზია, თავდაპირველად აპლიკაციაც არის რუსული. უკვე ნათარგმნი გვაქვს ქართულად და რამდენიმე დღეში გავუშვებთ. შემდეგ იქნება ქართული „ინტერფეისი“ და რა ქვეყნის ნომერსაც შეიყვან, ავტომატურად, იმ ენაზე გამოჩნდება აპლიკაცია. ასევე მზად გვაქვს გამოყენების ინსტრუქცია ქართულ ენაზე. ამ „სტიკეტებს“ უკვე ვაკრავთ „თვითგორიალებს“.

მომხმარებელთა უკმაყოფილება, ასევე, გამოიწვია გადახდის სისტემამ. ახლა რეგისტრაციის დროს, ანგარიშსწორების ვალუტას რუსულ რუბლს აჩვენებს. ნიკო პაპაშვილის თქმით, ამ ეტაპზეც, როგორც თვითგორიალას დაჯავშნის დროს, აპლიკაცია ცენტებსა და დოლარში უნდა აჩვენებდეს თანხას.

„პრობლემის გადასაჭრელად უკვე ვმუშაობთ, დაახლოებით, ორი კვირა დაგვჭირდება, რომ ეს საკითხი მოვაგვაროთ. შემდეგ თანხა დოლარსა და ცენტებში გამოჩნდება. ლარი ფიზიკურად ვერ მოხერხდება, რადგან ქართული ვალუტა საერთაშორისო გადახდების სისტემებში არ არის“.

თვითგორიალას ქირაობა, ჯერჯერობით, მხოლოდ დედაქალაქშია შესაძლებელია, აპლიკაცია კი ადაპტირებულია როგორც iOS, ისე Android სისტემებისთვის.

განხილვა