კინოში მუსიკა ხშირად იმაზე ადრე გვკარნახობს, რას უნდა ვგრძნობდეთ, ვიდრე ეკრანზე მომხდარის გააზრებას მოვასწრებთ. დაძაბულობას, სევდას, ირონიას თუ სიმსუბუქეს კომპოზიტორი წინასწარ ქმნის და საბოლოო ფილმშიც ეს ინტერპრეტაცია ერთხელ და სამუდამოდ ფიქსირდება. Screen Sounds ამ წესს ცვლის: აქ გამოსახულება იგივე რჩება, მუსიკა კი ყოველ ჩვენებაზე თავიდან იქმნება.
პროექტი კინოსა და ცოცხალ მუსიკალურ იმპროვიზაციას აერთიანებს. მუსიკოსები ფილმს დარბაზშივე ახმოვანებენ და ზოგჯერ ეკრანზე ნანახს პირველად მაყურებელთან ერთად ეცნობიან. წინასწარ დაწერილი საუნდტრეკის ნაცვლად სპონტანური რეაქციისთვის რჩება სივრცე, რის გამოც ერთი და იგივე ფილმი სხვადასხვა საღამოს შეიძლება სრულიად განსხვავებულ ნამუშევრად აღიქმებოდეს.
Screen Sounds-ის იდეა მუსიკოს თიკო ღოღობერიძეს ძველი მუნჯი კინოს გახმოვანების გამოცდილებიდან გაუჩნდა. მოგვიანებით იდეა უფრო ფართო ფორმატად ჩამოყალიბდა: არა მხოლოდ არსებული მუნჯი ფილმების ახალი მუსიკალური ინტერპრეტაცია, არამედ კინემატოგრაფისტებისა და მუსიკოსების თანამშრომლობით ახალი ნამუშევრების შექმნა. პროექტი უკვე თეატრ „ჰარაკის“ 2026-2027 წლების სეზონის პროგრამის ნაწილიცაა.
თიკო ღოღობერიძეს Screen Sounds-ის შექმნაზე, იმპროვიზაციის თავისუფლებაზე და იმაზე ვესაუბრეთ, როგორ შეიძლება მუსიკამ რეჟისორისთვისაც კი შეცვალოს საკუთარი ფილმის აღქმა.
M: როგორ გაჩნდა Screen Sounds-ის იდეა და რატომ გადაწყვიტეთ თანამედროვე მუნჯი კინოს ფორმატზე მუშაობა?
მე თვითონ მუსიკოსი ვარ და მეგობრებთან ერთად ხშირად ვახმოვანებდით ძველ მუნჯ კინოს. პირველად, ნატალია ბერიძის და ნიკა მაჩაიძის კურატორობით, კოტე მიქაბერძის „ჩემი ბებია“ გავახმოვანეთ და სწორედ ამ გამოცდილებამ მომცა ინსპირაცია, რომ შემექმნა პროექტი, რომელიც მხოლოდ ძველი მუნჯი ფილმების გახმოვანებით არ შემოიფარგლებოდა.
მინდოდა, რაღაც ახალი და ექსპერიმენტული შექმნილიყო და, ამავე დროს, ეს ყოფილიყო კოლაბორაცია კინემატოგრაფისტებსა და მუსიკოსებს შორის. აქედან გაჩნდა იდეა, რომ თავადაც შეგვექმნა ახალი მუნჯი ფილმები და პარალელურად ძველი ნამუშევრებიც ახალი ფორმით გაგვეცოცხლებინა.
ჩემთვის, როგორც მუსიკოსისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი სივრცეების არსებობა, რომლებიც სხვადასხვა სფეროს ადამიანებს თანამშრომლობის შესაძლებლობას აძლევს. თან ყოველთვის მაინტერესებს პროექტი, რომელიც რაღაც ახალს ცდის და უკვე ნაცნობ ფორმატში ახალი მიმართულების პოვნას ცდილობს.
M: საინტერესოა, რა შესაძლებლობას გაძლევთ უხმო ფილმი, რომელსაც დასრულებული საუნდტრეკის მქონე კინო ვერ მოგცემდათ?
უხმო ფილმი მუსიკოსისთვის ცოცხალი წყაროა. შენ უყურებ გამოსახულებას, ის შენში კონკრეტულ ემოციას იწვევს და სწორედ ამ პირველ რეაქციას მიჰყვები მუსიკალურად. ამიტომ ცოცხალი შესრულება Screen Sounds-ის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია.
როდესაც ფილმს საუნდტრეკი არ აქვს, მუსიკოსს თავისუფალი სივრცე რჩება საკუთარი აზრის გამოსახატად. შეგიძლია ყურადღება გარემოზე გადაიტანო, პერსონაჟის ხასიათს გაუსვა ხაზი ან სრულიად სხვა დეტალი დაინახო. ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა ისიც, როგორ აღიქვამენ იმავე კადრებს სხვა მუსიკოსები. შეიძლება ჩემთვის კონკრეტული სცენა უფრო სახალისო იყოს, სხვა მუსიკოსმა კი მასში მელანქოლიური ხაზი დაინახოს.
სწორედ ამიტომ, როდესაც ერთსა და იმავე ფილმს სხვადასხვა შემადგენლობით ვახმოვანებთ, ყოველთვის ახალი გამოცდილება იქმნება. მუსიკასთან ერთად თვითონ ფილმის აღქმებიც იცვლება. ვფიქრობ, Screen Sounds-ის ერთ-ერთი მთავარი თავისებურებაც სწორედ ეს ცოცხალი კომპონენტია.
M: როგორ არჩევთ მუსიკოსსა და ფილმს ერთმანეთისთვის? მსგავს ესთეტიკას ეძებთ თუ განსხვავებული ხელოვანების შეჯახებაც გაინტერესებთ?
ძალიან მიყვარს ექსპერიმენტები და ბევრ შემთხვევაში ინტუიციას ვენდობი. გამოცდილებიდან გამომდინარე, შეიძლება უცებ ვიფიქრო, რომ კონკრეტული ფილმი საინტერესო იქნება ამა თუ იმ მუსიკოსის ინტერპრეტაციით, ელექტროაკუსტიკური შემადგენლობით ან, მაგალითად, მხოლოდ ელექტრონული მუსიკით.
ვცდილობ, ეს ნაწილიც მუდმივად იცვლებოდეს და ერთ ფორმულაზე არ გავჩერდეთ. ასევე ჩემთვის მნიშვნელოვანია, პროექტი ღია იყოს ახალი ადამიანებისთვის. მინდა, რაც შეიძლება მეტ მუსიკოსს, ვისაც მსგავსი ექსპერიმენტები აინტერესებს, ჰქონდეს შესაძლებლობა, შემოგვიერთდეს.
M: რა იცის მუსიკოსმა ჩვენებამდე? სად გადის ზღვარი წინასწარ მომზადებასა და ნამდვილ იმპროვიზაციას შორის?
პროექტის პირველი პრეზენტაცია Mutant Radio-ში გვქონდა და იქ საკმაოდ საინტერესო ექსპერიმენტი ჩავატარეთ. რეჟისორები სოფო კობიძე და ნატო ბაგრატიონი, რომლებიც თავიდანვე შემომიერთდნენ და მხარი დაუჭირეს ინიციატივას, ფილმით მხოლოდ კონცერტის დაწყების დროს მოვიდნენ.
არც ერთ მუსიკოსს ფილმი წინასწარ არ გვქონდა ნანახი. დაახლოებით ორმოცი წუთის განმავლობაში მას პირველად მაყურებელთან ერთად ვუყურებდით და იმავე მომენტში ვახმოვანებდით. ამიტომ მართლაც ცოცხალი ექსპერიმენტი გამოვიდა და ჩვენთვისაც სერიოზული გამოწვევა იყო.
ყოველთვის ასეთი ექსტრემალური ფორმატი არ გვაქვს. ზოგჯერ მუსიკოსები წინასწარ ერთხელ ან ორჯერ ვხვდებით ერთმანეთს, ერთად ვუყურებთ ფილმს და შეიძლება ზოგად ხასიათზე შევთანხმდეთ, ან რომელიმე პერსონაჟისთვის ძალიან მარტივი მუსიკალური მონახაზი მოვიფიქროთ. თუმცა ვცდილობთ, წინასწარი სტრუქტურა მინიმალური იყოს და ძირითადი ნაწილი იმპროვიზაციად დარჩეს.
M: Screen Sound მხოლოდ სპეციალურად პროექტისთვის შექმნილ მუნჯ ფილმებზე მუშაობს?
არა. საინტერესოა უკვე არსებული ნამუშევრის ხელახლა ინტერპრეტაციაც, მათ შორის ისეთი ფილმის, რომელსაც საკუთარი საუნდტრეკი უკვე აქვს. როდესაც მუსიკოსი მას ცოცხლად, სრულიად ახალი მუსიკით ახმოვანებს, სხვა პერსპექტივა ჩნდება. ეს საინტერესოა როგორც მუსიკოსისთვის, ისე თვითონ რეჟისორისთვის.
M: რამდენად რთულია რეჟისორისთვის იმის მიღება, რომ მუსიკოსმა მისი ფილმის განწყობა შეიძლება სრულიად სხვა მიმართულებით წაიყვანოს?
ამ ეტაპზე რამდენიმე რეჟისორთან ვაწარმოებ მოლაპარაკებებს და მათ სწორედ ამას ვთავაზობ, რომ საკუთარი ფილმი სხვა მუსიკალური ინტერპრეტაციით მოისმინონ. რეაქცია ძალიან პოზიტიურია. რეჟისორებიც ენთუზიაზმით ერთვებიან ამ ექსპერიმენტში.
ავტორს, რა თქმა უნდა, უკვე აქვს თავისი წარმოდგენა პერსონაჟზე, გარემოზე, ატმოსფეროზე. ჩვენ კი შეიძლება სრულიად ახალი ვერსია შევთავაზოთ. ჩვენების შემდეგ ყოველთვის გვაქვს დისკუსია და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია რეჟისორის აზრის მოსმენა.
ამ პროცესში ყველა ერთგვარად ექსპერიმენტის მონაწილე ვართ: რეჟისორიც, მუსიკოსიც და მაყურებელიც. ალბათ ამიტომ არის საინტერესო, რომ ყველაფერი ბოლომდე წინასწარ განსაზღვრული არაა.
M: ყოფილა შემთხვევა, როდესაც მუსიკალურმა ინტერპრეტაციამ ავტორსაც სხვაგვარად დაანახა საკუთარი ფილმი?
კი, და მგონია, რომ ეს ავტორისთვისაც საინტერესო გამოცდილებაა. რეჟისორს უკვე აქვს საკუთარი დამოკიდებულება პერსონაჟის, გარემოსა თუ ატმოსფეროს მიმართ, შემდეგ კი ისმის სხვა ადამიანის მუსიკალური ინტერპრეტაცია და შეიძლება აქცენტი სრულიად სხვა რამეზე გადავიდეს.
ჩვენების შემდეგ სწორედ ამ განსხვავებებზე საუბარი ხდება განსაკუთრებით საინტერესო. Screen Sound-ის იდეაც ამაშია, რომ არ გვაქვს ერთი საბოლოო პასუხი, როგორ უნდა ჟღერდეს კონკრეტული ფილმი.
M: რადგან ყოველი ჩვენება უნიკალურია, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ის, რაც მხოლოდ კონკრეტულ საღამოს შეიძლება მოხდეს?
ჩემთვის, როგორც მუსიკოსისთვის, იმპროვიზაცია პირველ რიგში გულწრფელ რეაქციას ნიშნავს. როდესაც ვუკრავ, თითოეული ბგერა დაკავშირებულია იმ ემოციასთან, რომელსაც იმ წამს განვიცდი. Screen Sound-ის დროს ეს ემოცია პირდაპირ ფილმიდან მოდის.
მაგრამ გავლენას მხოლოდ ფილმი არ ახდენს. მნიშვნელოვანია სივრცე, აუდიტორია, აკუსტიკა, გარემო. ყველაფერზე რეაგირებ. შენ კონკრეტულად იმ მომენტში ხარ და გადაწყვეტილებებს იქვე იღებ.
ერთხელ მეგობრებთან ერთად Mutant Radio-ში კონცერტი გვქონდა. ხუთი მუსიკოსი ვიყავით, ელექტროაკუსტიკური შემადგენლობით. რაღაც მონახაზიც მქონდა მომზადებული, ვიცოდი დაახლოებით, რას დავუკრავდი, მაგრამ კონცერტის დროს სრულიად სხვა იდეა მომივიდა. გადავწყვიტე, მისთვის კარი არ დამეხურა. საბოლოოდ მომზადებული პროექტი საერთოდ აღარ გამიხსნია და სხვა რაღაცის დაკვრა დავიწყე.
ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია, სივრცე დარჩეს ახალი იდეებისთვის. თუ ყველაფერი წინასწარ ჩაკეტილია, იმპროვიზაციის მთავარი ღირებულებაც იკარგება. Screen Sounds-საც სწორედ ამ დამოკიდებულებით ვუყურებ.
M: თქვენთვის Screen Sounds უფრო კინოჩვენებაა მუსიკალური პერფორმანსით თუ უკვე დამოუკიდებელი ფორმა, რომელიც ამ ორი მედიუმის სინთეზით იქმნება?
ჩემთვის ეს უკვე დამოუკიდებელი ფორმაა. სწორედ ამ სინთეზშია მისი მნიშვნელობა. პროექტი აერთიანებს მუსიკოსებს, კინემატოგრაფისტებსა და ვიზუალურ ხელოვანებს და ქმნის სივრცეს ახალი კოლაბორაციებისთვის.
მნიშვნელოვანია, რომ აქ სხვადასხვა სფერო უბრალოდ ერთმანეთის გვერდით არ დგას. ისინი ერთმანეთზე რეაგირებენ და ამ ურთიერთქმედებიდან ახალი ნამუშევარი იქმნება.
M: თეატრ „ჰარაკთან“ რეგულარული თანამშრომლობის ფონზე როგორ წარმოგიდგენიათ Screen Sounds-ის განვითარება? რა გინდათ, რომ ამ პლატფორმამ გრძელვადიანად შექმნას ქართულ კინოსა და მუსიკალურ სცენაზე?
ძალიან მიხარია, რომ Screen Sounds თეატრ „ჰარაკის“ 2026-2027 წლების სეზონის პროგრამას შეუერთდა. ვფიქრობ, ეს შესაძლებლობას მოგვცემს, ბევრი საინტერესო პროექტი განვახორციელოთ და ფორმატი კიდევ უფრო განვავითაროთ.
იმედი მაქვს, შეიქმნება ახალი ფილმები, პარალელურად გავახმოვანებთ უკვე არსებულ ნამუშევრებს და ანიმაციის მიმართულებითაც ვითანამშრომლებთ არტისტებთან. საბოლოოდ მინდა, პროექტის გარშემო ჩამოყალიბდეს ერთგვარი ეკოსისტემა, სადაც სხვადასხვა სფეროს ადამიანები შეხვდებიან ერთმანეთს და ახალი იდეების გამოცდისთვის სივრცე ექნებათ.
ძველი მუნჯი ფილმების ახალი ინტერპრეტაციაც ძალიან საინტერესოა, თუმცა ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი ნამუშევრების შექმნა და ექსპერიმენტების გაგრძელება. სწორედ იქ ჩნდება ის, რისი წინასწარ განსაზღვრაც შეუძლებელია.
ავტორი: ქეთია ბელქანია











