Abi Raja-მ ახალი AI ინსტრუმენტი წარმოადგინა, სახელწოდებით Screenshot-to-Code. ეს უკანასკნელი ვებგვერდის ან აპლიკაციის ინტერფეისის სქრინშოთებს შეისწავლის და „ალგორითმული ჯადოქრობით“ რეალურ კოდად აქცევს.
ცოტა დეტალურად რომ განვიხილოთ, სისტემა GPT-4-ის მოდელს იყენებს, რომელსაც ვიზუალური მონაცემების მიღება და შესაბამისი პასუხების გაცემა შეუძლია. ასევე, ეყრდნობა DALL-E 3-ს, რომელიც საბოლოო შედეგის მიღებაში იღებს მონაწილეობას. მთელი პროცესის განმავლობაში AI თანდათან აუმჯობესებს კოდს და განუწყვეტლივ ადარებს მას პირვანდელ მოცემულობას, რათა სრული სიზუსტე უზრუნველყოს.
ასევე, შესაძლებელია, რომ მომხმარებლებმა ან მხოლოდ კოდის მიღების ფუნქცია აირჩიონ ან გამოსახულებიანი კოდის. ამასთან, შეგიძლიათ URL-ის გაზიარება, სქრინშოთის ნაცვლად.
ეს ინოვაციური ინსტრუმენტი GitHub-ზეა განთავსებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ღია წყაროა და ყველასთვის ხელმისაწვდომია. უბრალოდ, როგორც ბევრი AI აპლიკაცია, ჯერჯერობით Screenshot-to-Code-იც არაა სრულყოფილი — მომხმარებლები არაერთ ხარვეზზე საუბრობენ, მაგრამ აბი ეტაპობრივად ასწორებს თითოეულ მათგანს.