სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების გუნდმა (SCSA) გამარჯვება მოიპოვა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში „მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებები“. SCSA-მ საგრანტო კონკურსისთვის წარადგინა სეზონური სკოლის პროექტი, სახელწოდებით „კიბერ უსაფრთხოების და 5G-ს ლიგა“.
უნდა აღინიშნოს, რომ SCSA აქტიურად მუშაობს საქართველოში კიბერუსაფრთხოების და კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით კვალიფიციური კადრების მომზადებაზე. ასევე, კომერციული სასწავლო პროგრამების გარდა, სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოცაიაცია ახორციელებს უფასო სასწავლო პროექტებს სხვადასხვა საგრანტო პროგრამის ფარგლებში. ზემოხსენებულ კონკურსში გამარჯვებამ კი გუნდს საშუალება მისცა, უფასოდ მოამზადოს კვალიფიციური კადრები, კიბერუსაფრთხოებისა და 5G უსაფრთხოების მიმართულებით.
M: მაქსიმ, რა მნიშვნელობის მატარებელია კონკურსში გამარჯვების მოპოვება? რა შედეგები მოჰყვება ამას?
მაქსიმ იავიჩი, სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის პრეზიდენტი, კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი, კიბერ უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი:
პროექტის ფარგლებში მოეწყობა „კიბერ უსაფრთხოების და 5G-ს ლიგა“, რომლის ძირითადი მიზანი და ამოცანა არის დარგის სპეციალისტების გადამზადება, ახალი მაღალკვალიფიციური კადრების გაწვრთნა, ეროვნული კიბერშესაძლებლობების გაძლიერება; ქვეყნის 5G და მომდევნო ტექნოლოგიებისთვის მომზადება და ამ ტექნოლოგიების უსაფრთხოების უზრუნველყოფა; კიბერ უსაფრთხოების და 5G ტექნოლოგიების სამეცნიერო მიმართულებით ახალგაზრდების დაინტერესება; მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლება და საჯარო და კერძო თანამშრომლობის დამატებითი (Public-Private Partnership) პლატფორმის შექმნა.
M: რას გულისხმობს პროექტი „კიბერ უსაფრთხოების და 5G-ს ლიგა”, რომელიც კონკურსზე წარადგინეთ?
„კიბერ უსაფრთხოების და 5G-ს ლიგა“ არის 14-დღიანი ინტენსიური სასწავლო პროგრამა. ამ ტრენინგების შედეგად, მსმენელები შეისწავლიან კიბერ უსაფრთხოების და 5G ტექნოლოგიების პრაქტიკულ და სამეცნიერო ასპექტებს. ტრენინგი შედგება სპეციალურად შექმნილი პროგრამისგან, რომელიც მოიცავს კურსებს კიბერ უსაფრთხოების, 5G არქიტექტურის, 5G უსაფრთხოების პრობლემების და მათი მოგვარების მიდგომების მიმართულებით. მონაწილეები მოისმენენ ინტერაქციულ ლექციებს, გაეცნობიან მოწინავე უცხოელი ექსპერტების მიგნებებს, შეისწავლიან აქტუალურ მიმართულებებს, როგორიცაა 5G-ს უსაფრთხოების არქიტექტურა, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება 5G-ს უსაფრთხოებაში, Python-ზე დაწერილი სკრიპტების გამოყენება უსაფრთხოებაში, კრიპტოგრაფია, კვანტური და პოსტ-კვანტური კრიპტოგრაფია, ეთიკური ჰაკინგი, ელექტრომობილები, დრონები და მათი აპლიკაციები, ნივთების ინტერნეტი 5G-ის კონტექსტში, blockchain ტექნოლოგია, ISO სტანდარტები და GDPR შესაბამისობის მოთხოვნები.
შედეგად, მსმენელებს მიეცემათ მყარი ცოდნის ბაზა, რის საფუძველზეც უკვე თავად შეძლებენ სამეცნიერო მოღვაწეობის, ან პრაქტიკული საქმიანობის დაწყებას/გაგრძელებას. დამსწრე საზოგადოებას მიეცემა საშუალება ამოხსნას ისეთი ამოცანები, რომლებიც დღეისთვის მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების ექსპერტების მუშაობის ერთ-ერთი ძირითადი საგანია და ამ დროისთვის უკვე ამოხსნილი, ან ბოლომდე ამოხსნილი ჯერ არ არის.
M: თქვენი შეფასებით, რამდენად მნიშვნელოვანია კიბერ უსაფრთხოებისა და 5G ტექნოლოგიების პრაქტიკული და სამეცნიერო ასპექტების შესწავლა დღევანდელ სამყაროში?
დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში უკვე დიდი ხნის მანძილზე ტარდება „კიბერ უსაფრთხოების და 5G-ს ლიგის“ ანალოგიური პროექტები და ამ ტიპის ღონისძიებების ჩატარების შედეგები უკლებლივ ყველა ქვეყანაში ფასდება დადებითად. ის შედეგიანია, არამხოლოდ დარგის პრაქტიკოსებისთვის, არამედ ამ დარგით დაინტერესებული პირებისთვისაც. საქართველოში „კიბერ უსაფრთხოების და 5G-ს ლიგა“ იქონიებს არსებით მნიშვნელობას კიბერ უსაფრთხოების, 5G-ს და მომდევნო ფიჭური ქსელების მეცნიერებების განვითარებაში. ეს განვითარება გამოვლინდება რამდენიმე ეტაპად. პირველი ეტაპი იქნება ცნობიერების ამაღლება ამ სფეროში, რაც, თავის მხრივ, წაახალისებს ქართველ ახალგაზრდებს, დაიწყონ ამ მიმართულებების შესწავლა.
ვინაიდან კიბერ ტექნოლოგიები ვრცელდება და ვითარდება ელვისებრი ტემპით, კიბერ შეტევებიც უფრო დახვეწილი და უფრო დიდი ზიანის მომტანი ხდება. სხვა მიმართულებებისგან განსხვავებით, ახალი რისკები პრაქტიკულად ყოველდღე იჩენს თავს. გარდა ამისა, კიბერ სივრცეს არ აკავებს ქვეყნის საზღვრები და ენობრივი ბარიერები. რადგანაც ეს არის საერთაშორისო ფენომენი, ერთი ქვეყანა, თავის მხრივ, ვერ გაუმკლავდება ამ გლობალურ გამოწვევას. აქედან გამომდინარე, აუცილებელია მჭიდრო თანამშრომლობა უცხოეთის ქვეყნების სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებთან და ამ სფეროს მოწინავე თეორეტიკოსებთან თუ პრაქტიკოსებთან.
პროექტის მიზანია, სწორედ ასეთი ტიპის თანამშრომლობა გააღრმაოს. ამიტომაც, მეორე ეტაპზე, სპეციალურად მომზადებული პროგრამის საფუძველზე, „კიბერ უსაფრთხოების და 5G-ს ლიგა“ უზრუნველყოფს აღნიშნული სფეროების წამყვანი მეცნიერების და პრაქტიკოსების ჩართულობას. დამსწრეებს მიეცემათ საშუალება, მიიღონ ცოდნა პროფესიონალებისგან, რომელთა ყოველდღიურობა დაკავშირებულია კიბერ რისკების შესწავლასთან და მათ მოგერიებასთან. პირადი გამოცდილება, რომელსაც მოწვეული სტუმრები გააზიარებენ „ლიგის“ ფარგლებში, დააკვალიანებს ადგილობრივ სპეციალისტებსაც და დამწყებ ახალგაზრდა მეცნიერებსაც.
შედეგად, ისინი შეისწავლიან მსოფლიოში უკვე დამკვიდრებულ ეფექტურ მეთოდიკას და მუშაობის გაგრძელებას დამოუკიდებლად შეძლებენ.
M: როგორ შეუძლიათ მონაწილეებს სეზონურ სკოლაში ჩართვა?
პროექტში მონაწილეობის მიღების მსურველები შესარჩევ კომისიასთან გაივლიან გასაუბრებას. „კიბერ უსაფრთხოების და 5G-ს ლიგაში“ 50-მდე მსმენელის ჩართვა იგეგმება. საჭიროების შემთხვევაში, მსმენელები განაწილდებიან ცალკე ჯგუფებში. ღონისძიების თემატიკიდან და მასში საერთაშორისო და ადგილობრივი ლექტორების ცნობადობიდან გამომდინარე, „კიბერ უსაფრთხოების და 5G-ს ლიგის“ მიმართ მოსალოდნელია დიდი დაინტერესება. მსმენელებად მიიღებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ადა დოქტორანტურის სტუდენტები.
M: როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის სამომავლო გეგმებში შედის სხვადასხვა კიბერუსაფრთხოების და კომპიუტერული მეცნიერების ახალი პროექტების განხორციელება, კიბერუსაფრთხოებისა და კომპიუტერული მეცნიერების ახალი პროდუქტების და სერვისების დანერგვა.
აგრეთვე პერსპექტივაში განიხილება კვანტური, 5G და მომდევნო ქსელების ლაბორატორიის შექმნა საქართველოში.
საგულისხმოა, რომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში წამყვან ორგანიზაციას წარმოადგენს კავკასიის უნივერსიტეტი. თანამონაწილე ორგანიზაცია არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU).
- სკოლის დირექტორი — პროფესორი მაქსიმ იავიჩი
- თანახელმძღვანელი — პროფესორი ავთანდილ გაგნიძე
- კოორდინატორი — დოქტორი გიორგი იაშვილი
- მენეჯერი — დიანა პოპოვა
ეს კი იმ პროფესორთა ჩამონათვალია, რომელთა ლექციებსაც მოისმენენ პროექტის მონაწილეები:
- ჰარალდ ვერტცი — კომპიუტერული მეცნიერებების დამსახურებული პროფესორი, ხელოვნური ინტელექტის ექსპერტი პარიზის უნივერსიტეტიდან;
- აუდრიუს ლოპატა — კიბერუსაფრთხოების ექსპერტი, კაუნასის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტის პროფესორი,
- რაზვან ბოქუ — ბრაშოვის ტრანსილვანიის უნივერსიტეტიდან რაზვან ბოქუ არის კიბერ უსაფრთოების და 5G უსაფრთოების ექსპერტი;
- ვალენტინ კარდენოსო პაიო — კიბერუსაფრთხოების ექსპერტი და პროფესორი ვალადოლიდის უნივერსიტეტიდან;
- უკრაინელი პროფესორები, სერგეი გნატიუკი და რომან ოდარჩენკო — კიბერუსაფრთხოებისა და 5G უსაფრთხოების ექსპერტები, უკრაინის ეროვნული საავიაციო უნივერსიტეტიდან;
- ალესანდრო ბრიგენტე — კიბერუსაფრთხოების ექსპერტი, იტალიელი დოქტორი პადოვას უნივერსიტეტიდან;
- ა.რავიშანკარ (რავი) რაო — კიბერუსაფრთხოების ექსპერტი, ამერიკელი პროფესორი ფერლი დიკინსონის უნივერსიტეტიდან.
ავტორი: ქეთია ბელქანია