in

რა არის სეზონური დეპრესია და რატომ გვემართება ის ზამთარში?

M2
M2

მილიონობით ადამიანისთვის ზამთრის თვეები, როდესაც დღეები მცირდება და ღამეები უფრო ცივია, მწუხარებასთან ბრძოლის დროა. ამას ზამთრის ტიპის სეზონური აფექტური აშლილობა (SAD) ეწოდება. და როგორც ჯანდაცვის ექსპერტები ამბობენ, სეზონური დეპრესია უფრო მეტია, ვიდრე უბრალო მოწყენილობა — ამასთან, ქალები, ახალგაზრდები და „ოჯახური დეპრესიის“ მქონე ადამიანები ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არიან.

„ეს არის ყოველწლიური განმეორებადი დეპრესია, რომელიც ზამთრის დადგომასთან იწყება, შემდეგ სრულდება და კვლავ ასე დაუსრულებლად. მთლიანობაში, კი დეპრესიისთვის დიდი დროა“, — განმარტავს კელი როჰანი, კლინიკური ფსიქოლოგი და ვერმონტის უნივერსიტეტის პროფესორი.

მიუხედავად აშკარა ნიშნებისა, მარტივი პასუხი არ არსებობს იმაზე, თუ რა იწვევს SAD-ს. ექსპერტების თქმით, ზოგიერთი ადამიანისთვის ბნელი, ღრუბლიანი ამინდი უარყოფით ფსიქოლოგიურ ასოციაციებს იწვევს. ამავდროულად, არსებობს მტკიცებულება, რომ მზის შუქის შემცირება შემოდგომასა და ზამთარში პირდაპირ ან ირიბად იწვევს განწყობის ცვლილებას.

რა არის SAD-ის ნიშნები?

  • SAD-ის ერთ-ერთი ნიშანია ძილის ჩვევების ცვლილება, ძირითადად გადაჭარბებული ძილი.
  • კიდევ ერთი სიმპტომია ზედმეტი ჭამა და ნახშირწყლებისადმი ლტოლვა. შესაბამისად, SAD-ის მქონდე ადამიანებში წონის მატებაც ფიქსირდება.

საერთო სიმპტომებია სოციალური ურთიერთობების თავიდან არიდება და იზოლაცია. ამას უკავშირდება ის ფაქტიც, რომ სეზონური დეპრესიის მქონე ადამიანები თავს უმოქმედოდ გრძნობენ.

როგორია SAD-ის ზოგიერთი გამომწვევი მიზეზი?

მეცნიერების თქმით, ერთ-ერთი რისკ ფაქტორია გეოგრაფია. როგორც კვლევები მოწმობს, ადამიანები, რომლებიც ეკვატორიდან მოშორებით განლაგებულ რაიონებში ცხოვრობენ, სადაც ზამთარში დღე იკლებს, SAD უფრო ხშირია.

ამასთანავე, მოქმედებს ტემპერატურაც, თუმცა გაუგებარია, რატომ. შესაძლოა, ძალიან ცივმა ტემპერატურამ პირდაპირი გავლენა იქონიოს ჩვენს იზოლაციაზე: „ცივ ამინდში ნაკლებად გამოვდივართ გარეთ და, შესაბამისად, დღის ნაკლებ სინათლეს ვიღებთ“, — ამბობს რუთ ბენკი, უეიკ ფორესტის ფსიქიატრიისა და ქცევითი მედიცინის დეპარტამენტის თავმჯდომარე.

რა როლს ასრულებს მზის შუქი სეზონურ დეპრესიაში?

კვლევების თანახმად, სინათლეს პირდაპირი გავლენა აქვს სიფხიზლესა და განწყობაზე. მის გარეშე კი ზოგიერთი ადამიანი მეტად მიდრეკილია დეპრესიისკენ. ჩვენი ცირკადული რიტმები, რომლებიც გვეუბნება, როდის გავიღვიძოთ, ვჭამოთ და დავიძინოთ, ყოველდღიური სინათლის ზემოქმედებით განისაზღვრება.

გარდა ამისა, არსებობს სეზონური რიტმები, რომლებიც წლის კურსს მართავს და ესეც დღის განმავლობაში არსებული მზის სინათლის ხანგრძლივობით განისაზღვრება. თავის მხრივ, აღნიშნული რიტმები ისეთ საკითხებზე მოქმედებს, როგორებიცაა ჩვენი მადა, ძილის რეჟიმი და განწყობა.

ხანმოკლე დღისა და ზამთარში მზის შუქის დაბალი დონის გამო, ზოგიერთ ადამიანს შეიძლება განუვითარდეს ცირკადული საათის დარღვევა, რასაც ორგანიზმში მნიშვნელოვანი ქიმიკატების წარმოების შეჩერება შეუძლია — ასეთია კორტიზოლი, სტრესის მთავარი ჰორმონი; მელატონინი, რომელიც ხელს უწყობს ძილს; და სეროტონინი, რომელიც აუცილებელია განწყობის რეგულირებისთვის. ცხადია, მათი დარღვევა დეპრესიისადმი მოწყვლადს გვხდის.

რატომ არის ზოგიერთი ადამიანი სეზონური დეპრესიისკენ უფრო მიდრეკილი?

მზის შუქი იმდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ტვინისა და სხეულისთვის, რომ ჩვენი თვალების ბადურაზე სპეციალიზებული ფოტორეცეპტორებია განლაგებული — ისინი სიგნალებს აგზავნიან ტვინის პერიქაბენულურ ბირთვზე, რომელიც განწყობას არეგულირებს. ასევე, ამ რეცეპტორების სიგნალები ჩვენს ცენტრალურ ცირკადულ საათს უკავშირდება.

მეცნიერებმა ზუსტად არ იციან, რატომ არის ზოგიერთი ადამიანი SAD-ის მიმართ უფრო მგრძნობიარე… თუმცა ერთი თეორიის მიხედვით, შესაძლოა, მათ ნაკლებად მგრძნობიარე ფოტორეცეპტორები ჰქონდეთ თვალებში — ეს კი იმას ნიშნავს, რომ მზის საკმარის შუქს ვერ იღებენ ამ საათების სინქრონიზაციისთვის. „მათი ფოტორეცეპტორები ისე ძლიერად არ რეაგირებს, როგორც ადამიანების, ვისაც SAD არ აქვთ“.

როგორ უნდა ვუმკურნალოთ SAD-ს?

ფოტოთერაპია, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც კაშკაშა სინათლის თერაპია, შექმნილია ქუჩის შუქის იმიტაციისთვის და SAD-ის სამკურნალო პრაქტიკას წარმოადგენს. ის გულისხმობს კაშკაშა შუქის ზემოქმედებას განსაზღვრული დროის განმავლობაში, ჩვეულებრივ დილით — ინტენსივობას და დროს თავად სპეციალისტები განსაზღვრავენ.

სხვა მკურნალობა მოიცავს კოგნიტიურ ქცევით თერაპიას, ანტიდეპრესანტების მიღებას და ჯანსაღი ყოველდღიური რუტინის ჩამოყალიბებას. უბრალოდ, მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ შეიძლება ჰქონდეს SAD, მნიშვნელოვანია დიაგნოზის დასმა ექიმისგან ან ფსიქიკური ჯანმრთელობის პროფესიონალისგან.

ასე ჩაიარა საახალწლო „ქარავანმა“, ტერაბანკის მხარდაჭერით

9 ნაბიჯი გაყიდვების წარმატებული სტრატეგიის შესაქმნელად