in

ფორმულა 1-ის ოთხგზის ჩემპიონის, სებასტიან ფეტელის კარიერული გზა

ფორმულა 1-ს ბევრი საკულტო მრბოლელი ჰყავს. მათგან ერთ-ერთი სებასტიან ვეტელია – ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონი. ის მხოლოდ 21 წლის იყო, როცა F1-ის ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონად დასახელდა. 2022 წლის სეზონის ბოლოს მრბოლელმა დიდი სპორტი დატოვა.

კარტინგიდან დიდ რბოლაში

ფეტელი მთელი ბავშვობა ლეგენდარული მრბოლელის, მიხაელ შუმახერის თაყვანისმცემელი იყო. 1995 წელს მან თავისი ძალები ჯერ კარტინგში მოსინჯა, სადაც მალევე გამოავლინა ნიჭი და მიიპყრო გერჰარდ ნოაკის, ტრასის მფლობელის ყურადღება. ეს იყო ადამიანი, რომელიც თავად შუმახერს უწევდა მწვრთნელობას იმ დროს, როცა ის მონაწილეობდა კარტინგში. 

ნოაკის მხარდაჭერამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ფეტელის განვითარებაში. მისი დასპონსორება Red Bull Racing-მაც გადაწყვიტა და ეს ყველაფერი დაეხმარა ფეტელს, რომ არაერთი ტიტული აეღო. 

ეს ერთგვარი მზადება იყო უფრო დიდი რბოლისთვის. 2003 წელს ის  Junior Formula BMW series-ში მონაწილეობდა და 20 რბოლაში 18 გამარჯვება მოიპოვა. შემდგომში ის გადავიდა Formula Three Euro Series-ში, ხოლო ამის მერე Renault-ის მსოფლიო სერიებში. 2007 წელს ოფიციალურად ფორმულა 1-ის მრბოლელი გახდა.

შრომა წარმატებისთვის

მიუხედავად იმისა, რომ ფეტელი უკვე დიდი რეპუტაციით სარგებლობდა, როგორც გასაოცარი მრბოლელი, ვერ ვიტყვით, რომ მან თავის კარიერულ წარმატებას უცებ და მარტივად მიაღწია. პირველ 21 რბოლაში F1 წრეზე მას მეოთხე ადგილზე მაღალი ადგილი არ დაუკავებია. 

2008 წელს წვიმიან ტრასაზე დაბალი ტიპის სარბოლო მანქანით მონაწილე ფეტელმა 21 წლის ასაკში მოიგო იტალიის გრანპრი ფორმულა 1-ში და გახდა მისი ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული. ამან ბიძგი მისცა Red Bull-ს, 2009 წლის სეზონის მძღოლად გამოეცხადებინა.

ამის შემდეგ ფეტელმა ოთხი რბოლა მოიგო და რედ ბულთან ერთად პირველ სეზონში მეორე ადგილი დაიკავა მძღოლების მსოფლიო ჩემპიონატში. 2010 წელი მისთვის განსაკუთრებული იყო – ხუთ რბოლაში გაიმარჯვა, მათ შორის ბრაზილიისა და აბუ დაბის გრანპრები. 

ერთმანეთს მიყოლებული გამარჯვებები

2010 წელს ფეტელმა თითქოს დაიბედა გამარჯვება. 2011 წლის F1 სეზონზე დომინანტობა არავის დაუთმო და 19 რბოლიდან 11 მოიგო. მიუხედავად იმისა, რომ 2012 წელს ეს შედეგი შემცირდა, მაინც მოახერხა ხუთი რბოლის მოგება და ზედიზედ მესამედ აიღო ჩემპიონის ტიტული. 

2013 წელს მან კვლავ შთამბეჭდავად გაიარა F1 მოედანი, მოიგო 10 რბოლა და მოიპოვა ზედიზედ მეოთხე ტიტული. იმ წელს ის ასევე გახდა პირველი მძღოლი ფორმულა 1-ის ისტორიაში, რომელმაც მოიგო ზედიზედ რვა რბოლა სეზონში, თუმცა არც ამას დასჯერდა და სეზონის ბოლომდე ეს ციფრი 9-მდე ასწია. 

ახალი გუნდი

2014 წელს ფეტელის შედეგი მაინცდამაინც სახარბიელოდ არ გამოიყურებოდა. მან მეხუთე ადგილი დაიკავა და სეზონის ბოლოს განაცხადა, რომ ტოვებდა Red Bull-ის გუნდს და შეუერთდა Ferrari-ს. 

ახალ გუნდში მან კარიერა კარგად დაიწყო, თუმცა ისეთ სიმაღლეებს ვეღარ მიაღწია, როგორც მანამდე. 2015 წელს მესამე ადგილზე გავიდა, 2016 წელს მეოთხე ადგილზე, 2017 წელი ძლიერი სტარტით დაიწყო, პირველი ექვსი რბოლიდან სამი მოიგო, თუმცა სრული სეზონის განმავლობაში მეორე ადგილზე წინ ვერ წავიდა. მას გადაასწრო ლუი ჰამილტონმა. 

მსგავსი შედეგები ჰქონდა ფეტელს 2018 წელსაც – მოიგო ხუთი რბოლა, მაგრამ სეზონი მაინც მეორეადგილოსანმა დაასრულა. მომდევნო ორი სეზონის განმავლობაში, მხოლოდ ერთი შეჯიბრი მოიგო 2019 წელს და არცერთი 2020 წელს. ბოლო სეზონის ბოლოს ის და Ferrari ერთმანეთს დაშორდნენ და 2021 წელს მან Aston Martin-თან გააფორმა კონტრაქტი.

კარიერის ბოლო წელი

2022 წელს კოვიდ-19-ის ტესტის დადებითმა პასუხმა ფეტელი პირველი ორი რბოლიდან გამოთიშა. დაბრუნების შემდეგ მან არც ისე შთამბეჭდავი შედეგები აჩვენა – იმოლაში მერვე ადგილი დაიკავა, ხოლო ბაქოში მე-6. 

იმავე წლის ზაფხულში ფეტელმა გამოაცხადა, რომ სეზონის ბოლოს დატოვებდა F1-ს. ამის შემდეგ მან კიდევ რამდენიმე რბოლაში მიიღო მონაწილეობა და ბოლო შეჯიბრი იყო აბუ დაბი, სადაც მეათე ადგილზე გავიდა. 

სებასტიან ფეტელი რბოლას ემშვიდობება

იმის მიუხედავად, რომ კარიერის ბოლო წლებში ფეტელი ფორმაში აშკარად აღარ იყო, ახალგაზრდობაში მოპოვებულმა მისმა წარმატებებმა და ზედიზედ რამდენჯერმე ჩემპიონის ტიტულმა მის სახელი ფორმულა 1-ის ისტორიაში სამუდამოდ ჩაწერა. ის მრავალგზის ტიტულიანი მრბოლელია, რომელმაც თავისი კვალი დატოვა სპორტის ამ სახეობაში.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

როგორ მივედით უცხოპლანეტელების თანამედროვე აღქმამდე?

10 ნამუშევარი, რომლებმაც სკანდალი გამოიწვია