20
Nov
2019

ტვინის იმპლანტი, რომლითაც უსინათლომ გარემო დაინახა – Second Sight-ის პროდუქტი

20 Nov 2019

Alta
Alta


რამდენიმე თვის წინ გიყვებოდით ექსპერიმენტული მოწყობილობა Orion-ის შესახებ, რომელიც უსინათლოებს მხედველობას აღუდგენდა, ან სულაც, მისცემდა სამყაროს ვიზუალური აღქმის უნარს დაბადებიდან უსინათლოებს… ცოტა ხნის წინ, ბიოტექნოლოგიური სტარტაპ Second Sight-ის ექსპერიმენტმა Orion, აქამდე არსებული ბიონიკური თვალის პრობლემა გადაჭრა – 6 ცდისპირიდან ერთ-ერთმა – ჯეისონ ესტერჰუიზენმა, რომელიც სრულად უსინათლოა, მხედველობის დაკარგვიდან 7 წლის შემდეგ, პირველად შეძლო საკუთარი დაბადების დღის ტორტისა და სანთლების დანახვა. ასევე, მან ქუჩაში მოძრავი მანქანებიც დაინახა. აქამდე, მოწყობილობის დახმარებით, ცდისპირები კომპიუტერის ეკრანზე მოძრავ თეთრ კვადრატს ხედავდნენ.

როცა ადამიანს მხედველობის უნარი ეკარგება, ან უსინათლო იბადება, მისი ტვინის ვიზუალურ აღქმაზე პასუხისმგებელი ნაწილი, ტიპურად, დაუზიანებელია. თუმცა, ეს ნაწილი უფუნქციოდ რჩება, რადგან თვალების გზით, ტვინამდე ვერ მიდის ვიზუალური ინფორმაცია. Orion-ს გამოსახულების ელექტრულ აქტივობად ქცევა და შესაბამისად, ტვინში, ვიზუალურ ინფორმაციაზე პასუხისმგებელი უბნის სტიმულირება შეუძლია. მსგავსი სისტემა კი ვიზუალური ინფორმაციის აღქმას უზრუნველყოფს. ფაქტობრივად, მოწყობილობა არის თვალები მათთვის, ვისაც თვალები აღარ, ან არ უმუშავებს.

ჯეისონ ესტერჰუიზენის მხედველობის პრობლემა 2011 წელს, ავტოკატასტროფის შედეგად დაიწყო. როდესაც მან სამხრეთ აფრიკაში, პრეტოზიას ჰოსპიტალში გაიღვიძა, გარშემო ვეღარაფერს ხედავდა. ამ დროს ჯეისონი 23 წლის იყო და პილოტის პროფესიას ეუფლებოდა. მხედველობის დაკარგვის შემდეგ, ჯეისონს ბრაილის შრიფტის სწავლა და სხვადასხვა მოწყობილობის გამოყენება მოუწია, იმისათვის, რომ კომპიუტერით, ან საჯარო სერვისებით ესარგებლა. 2013-ში მან გაიგო ექსპერიმენტის შესახებ, რომლის ფარგლებშიც, უნდა შექმნილიყო ტვინის იმპლანტი უსინათლოების მხედველობის უზრუნველსაყოფად. 2018 წელს, ჯეისონმა შეძლო კომპანია Second Sight-ის ექსპერიმენტში მონაწილეობა. ამისთვის ის ცოლთან ერთად, სამხრეთ აფრიკიდან ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად.

ამჟამად, ჯეისონი ერთ-ერთია იმ 6 უსინათლო ადამიანიდან, რომელიც ექსპერიმენტული მოწყობილობის გამოცდაში მონაწილეობს. ამ ეტაპზე, ცნობილია, რომ Orion-ს შეუძლია უზრუნველჰყოს სხვადასხვა მიზეზით მხედველობადაკარგული ადამიანების ვიზუალური აღქმა. მათ შორისაა გლაუკომა, ოპტიკური ნერვის დაზიანება, ან დაავადება, თვალის პირდაპირი დაზიანება, დიაბეტური რეტინოპათია და ა.შ. სამომავლოდ კი, სხვა დარღვევებთან მიმართებაზეც ზუსტად შეძლებენ საუბარს.

გარედან, მოწყობილობა Orion არის მზის სათვალე, რომელზეც დამაგრებულია პატარა კამერა და ვიდეო დამუშავების ერთეული (VPU). მოწყობილობის უხილავი და ალბათ, მთავარი ნაწილიც, ტვინშია იმპლანტირებული. საფოსტო მარკის ზომის ჩიპზე 60 ელექტროდია, რომელიც ტვინში, ვიზუალურ ინფორმაციაზე პასუხისმგებელი უბნის ქერქზეა განთავსებული. როცა მოწყობილობა ჩართულ მდგომარეობაშია, სათვალეზე დამაგრებული კამერა იღებს გარემოს, გამოსახულებები მუშავდება უკაბელო VPU-სა და სპეციალური ალგორითმის დახმარებით, იქცევა ელექტრულ იმპულსებად. ეს იმპულსები გარდაიქმნება ელექტროდებად ტვინში, რაც ტვინის კონკრეტული უბნის გააქტიურებას და ვიზუალური ინფორმაციის აღქმას იწვევს.

ტვინის იმპლანტის ჩადგმის საჭიროება არის ის, რაც Orion-თან დაკავშირებით, მსგავს პროექტებთან შედარებით, კრიტიკული კითხვების ქონის საშუალებას გვაძლევს. მაგალითად, ფრანგული Pixium Vision-ის მიერ შექმნილი მოწყობილობა Argus II-ს არ სჭირდება ტვინის ოპერაცია, იმისათვის, რომ იმუშაოს, თუმცა, აუცილებელია, რომ თვალის, როგორც ორგანოს რაღაც ნაწილი იყოს ფუნქციური. ანუ, თვალს არ ჰქონდეს ბოლომდე დაკარგული თავისი ფუნქცია. რაც ნიშნავს, რომ მსგავსი მოწყობილობა მხოლოდ რეტინიტის პიგმენტოზას დაავადების მქონე ადამიანებს ეხმარება, რომელი დიაგნოზიც უსინათლოთა ძალიან მცირე რაოდენობას აქვს. Orion-ის მოწყობილობით კი შესაძლებელია მხედველობის აღდგენა იმ შემთხვევაშიც, თუ პაციენტს თვალები საერთოდ არ აქვს. კომპანია Second Sight, ამ მიმართულებით, ექსპერიმენტებს ჯერ კიდევ აგრძელებს.

განხილვა