12
იან
2018

Secret Santa 2018 დასრულდა! როგორ იქმნებოდა საყოველთაო პროექტი და რა შედეგები აქვს ღონისძიებას?

12 იან 2018

საყოველთაო Secret Santa დასასრულს მიუახლოვდა და სულ მალე შემცირდება იმ ადამიანების რიცხვიც, რომლებიც თავიანთი სანტების საჩუქრებს ჯერ კიდევ ელიან. წელს, პლატფორმაზე დარეგისტრირებულ ადამიანთა რიცხვი 60 000-დან 200 000-მდე გაიზარდა და 500-ზე მეტი ადგილობრივი ბიზნესი ჩაერთო ღონისძიებაში.

BOG PLUS

#მევარსანტა და #აჩუქექართული 2018 წლის „სეკრეტ სანტას“ გზავნილი იყო, რომელიც საქართველოს ბანკმა კვლავ სარეკლამო სააგენტო JWT Metro-სა და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო Redberry-სთან, ასევე საქართველოს ფოსტასთან თანამშრომლობით განახორციელა. საყოველთაო ღონისძიება 2018 წელს, სიახლეებით იყო სავსე – სააგენტოების მიერ შეიქმნა წინა წლისგან განსხვავებული კონცეფციის ვიდეორგოლები, „სეკრეტ სანტას“ მონაწილეთა ინტერესების გათვალისწინებით, შარშანდელი გამოცდილებით, პლატფორმას ფუნქციონალები დაემატა და მისი გამოყენება გამარტივდა. ასევე, ღონისძიებამ მიზნად დაისახა ქართველი მეწარმეების მხარდაჭერა და საჩუქრებად, რაც შეიძლება მეტი ქართული პროდუქციის გაცემა. მოეწყო „სეკრეტ სანტას“ საახალწლო ბაზრობა, სადაც პროექტის მონაწილეებს შეეძლოთ ქართული საჩუქრის ყიდვა და გზავნილის ჩაბარება ფოსტისთვის ადგილზევე. 2018 წლის საყოველთაო „სეკრეტ სანტას“ სამუშაო პროცესსა და შედეგებზე მარკეტერი საქართველოს ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროს ხათუნა კაკაბაძეს, JWT Metro-ს კრეატიულ დირექტორ ეკა ყიფიანსა და Redberry-ს დამფუძნებელ გაგა დარსალიას ესაუბრა: M: გამართლდა, თუ არა „სეკრეტ სანტასთან“ დაკავშირებული თქვენი მოლოდინები?
ხათუნა კაკაბაძე, BOG: მომხმარებელი დიდი სიხარულით შეხვდა მოწოდებას #აჩუქექართული. საქართველოს ბანკში ყველას გვახარებს, რომ Secret Santa-ს პლატფორმისა და შემდეგ ასევე Secret Santa საახალწლო ბაზრობის მეშვეობით, შევუწყეთ ხელი ქართულ მცირე ბიზნესს – ბევრმა მათგანმა თავი გააცნო მომხმარებელს, არსებულმა ბიზნესებმა ახალი მომხმარებლები მოიზიდეს და მთლიანობაში, ყველა მათგანმა ახლა კიდევ უფრო კარგად იცის ბაზრის თავისებურებები. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში გვქონდა კონტაქტი ბაზრობის მონაწილეებთან და შეგვიძლია თამამად გითხრათ, რომ არაერთი მათგანის პროდუქცია სრულად გაიყიდა.

M: როგორი იყო ვიდეორგოლზე მუშაობის პროცესი? წელს რაზე გააკეთდა აქცენტი?
ეკა ყიფიანი, JWT Metro: წლევანდელი secret santa კამპანია 4 ნაწილად დავყავით:

1. ბიზნეს პლატფორმა „სეკრეტ სანტას სახელოსნო“;
2. რეგისტრაციის დაწყება – „სეკრეტ სანტას ზღაპარი – ბაბუსა და თოვლის ბურთზე“;


3. რეგისტრაციის დასასრული და საჩუქრების გაგზავნა – „სეკრეტ სანტას ზღაპარი – წიგნზე“, რომელსაც ყველაზე მეტად გამოვყოფდი. წელს, ძალიან ბევრი ადამიანი ჩაერთო პროექტში, შესაბამისად, მათი სურვილებიც განსხვავდებოდა. გამოჩნდნენ ადრესატები, რომლებიც საკმაოდ ძვირადღირებულ სურვილებს წერდნენ წერილებში – რაც თავის მხრივ, გულს წყვეტდა ხოლმე სანტებს. არადა პროექტი ეფუძნება გულით გაცემულ პატარა საჩუქრებს. ამის გამო, შევქმენით ისტორია მთაში მცხოვრებ მოზარდზე, რომლის ოცნებაც კოსმოსში მოგზაურობა იყო – სანაცვლოდ კი საჩუქრად მიიღო, უბრალოდ, სათავგადასავლო მოთხრობების წიგნი.

ასე იწყება ბიჭის მოგზაურობა წიგნების სამყაროში. იმისათვის, რომ ეს ვიდეო კარგი გამოსულიყო – აუცილებელი იყო, ყოველ დეპარტამენტს ემუშავა თავისი პოტენციალის მაქსიმუმით – რაც ნამდვილად მოხდა. რეკორდულად მცირე დროში უნდა მოხერხებულიყო კომპლექსური რეჟისურა, რთული განათება, სპეციალურად რგოლისთვის შექმნილი მუსიკა, მსუყე გრაფიკა და სპეცეფექტები, გრიმი, კასტინგი, უნიკალური მხატვრობა, დეკორაცია. თუმცა, სწორედ ასეთ პროექტებზე მუშაობა არის ყველაზე საინტერესო და ამიტომაც გახდა ეს კონკრეტული ვიდეო ჩვენთვის განსაკუთრებულად საყვარელი.

4. „მადლობა სანტებს“ – 
თითოეული ეტაპის ხასიათი მიუხედავად განსხვავებული ხასიათისა, უნდა ყოფილიყო თბილი, ზღაპრული და ბუნებრივია, საახალწლო.


M: როგორი იყო პლატფორმაზე მუშაობის პროცესი? კონკრეტულად, რა ცვლილებები განახორციელეთ და რატომ?
გაგა დარსალია, „რედბერი“:
 
Secret Santa-ს ციფრულ პროდუქტზე მუშაობის პროცესი იყო საკმაოდ მასშტაბური, დატვირთული და ინტენსიური. პლატფორმის კონცეფციაზე მუშაობა ზაფხულიდან დავიწყეთ. წელს, ჩვენ შევქმენით ერთ-ერთი იშვიათი ქართული ციფრული პროდუქტი, რომელიც ეფუძნება Big Data-სა და ხელოვნურ ინტელექტს. უმთავრესი მიზანი იყო, მაქსიმალურად ბევრი Secret Santa შეგვეხვედრებინა ქართულ საჩუქრებს საახალწლოდ. შესაბამისად, რეგისტრაციის გავლის შემდეგ პლატფორმა აანალიზებდა სანტებისთვის მიწერილ თითოეულ წერილს და Secret Santa-ს სახელოსნოდან არჩევდა ქართულ ბიზნესებს, რომელთა დამზადებული საჩუქრები ყველაზე მეტად აასრულებდნენ ადრესატის საახალწლო სურვილებს. გარდა ამისა, წინა წლის Secret Santa-ს მონაცემების ანალიზის შედეგად, მნიშვნელოვნად შევცვალეთ UX და პლატფორმაში შევიტანეთ სხვა ფუნქციონალური ცვლილებებიც: ვებგვერდი თითოეული სანტასთვის იცვლებოდა იმის მიხედვით, თუ თამაშის რა ეტაპზე იყო იგი: გაუჩნდა სანტა, შევურჩიეთ ადრესატი, გამოუგზავნეს საჩუქარი და ა.შ. ასევე, პალტფორმას დაემატა ნოტიფიკაციების სისტემა, რაც სანტებს საშუალებას აძლევდათ, მიეღოთ მათთვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა შეტყობინება. წინა წელს საჩუქრის მომლოდინე ბევრ ადრესატს ჰქონდა სურვილი, თავი შეეხსენებინა სანტასთვის. ამიტომაც, წელს, პლატფორმაზე დავამატეთ თავის შემხსენებელი მარკების გაგზავნის ფუნქციონალი. ასევე, წინა წელს მრავალ ადრესატს ჰქონდა სურვილი მარტივად გადაეხადა მადლობა თავისი სანტასთვის. წელს მათ შევთავაზეთ ამის გაკეთება ვებგვერდიდანვე.

M: მომავალ წელსაც იქნება, თუ არა Secret Santa?
ხათუნა კაკაბაძე:
 Secret Santa უამრავი ადამიანისთვის საყვარელი პლატფორმა გახდა და რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია მომხმარებელთა მოლოდინების გამართლება.

განხილვა