24
Jun
2019

თბილისში საერთაშორისო სტარტაპ კონკურსი Seedstars 2019 გაიმართება

24 Jun 2019

როგორ ვაქციოთ იდეა ბიზნესად? 29-30 ივნისს, საქართველო საერთაშორისო სტარტაპ კონკურსს Seedstars უმასპინძლებს, სადაც სტარტაპერებს, მენტორებთან ერთად, შეუძლიათ წარადგინონ ბიზნეს კონცეფცია და მხარდაჭერაც მოიპოვონ. კონკურსის პირველი დღე თბილისში ჩაივლის, 30 ივნისს კი ბორჯომში გაგრძელდება. კონკურსი გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში ტარდება და მათ საჭიროებებზეა მორგებული, ტარდება 75-ზე მეტ ქვეყანაში და მასში 100 000-მდე სტარტაპი მონაწილეობს. Seedstars საქართველოში უკვე მეხუთე წელია ტარდება და წლის გამარჯვებულ სტარტაპს გამოავლენს. გამარჯვებული, საქართველოს სახელით, გაემგზავრება შვეიცარიაში და $500,000 ჯილდოსთვის იბრძოლებს.

ადგილობრივ ღონისძიებაზე რეგისტრირებული 20 საუკეთესო გუნდი, მენტორებთან ერთად, გაივლის ტრენინგს და Seedstars-ის განმავლობაში, განავითარებს საკუთარი ბიზნეს იდეის პროტოტიპს. გამარჯვებული სტარტაპიც სწორედ ამ გუნდებიდან გამოვლინდება.

კონკურსი მოიცავს ორ ძირითად ეტაპს: 1. ადგილობრივი გამარჯვებულის გამოვლენას 75 ქვეყანაში და 2. თითოეული ქვეყნიდან ფინალისტი გუნდის წარმოდგენას შვეიცარიაში გლობალურ ფინალზე, სადაც გამარჯვებულს ექნება შესაძლებლობა მიიღოს დაფინანსება 500 000 აშშ დოლარის მოცულობით, შეხვდეს საერთაშორისო დონის ინვესტორებს და გაზარდოს სტარტაპის/იდეის ცნობადობა. ესაა სტარტაპერების შანსი, მიიღონ ბიზნესისთვის დაფინანსება, მოიპოვონ 2019 წლის საუკეთესო სტარტაპის წოდება, გახდნენ რეგიონული და გლობალური Seedstar სამიტის წევრი, მიიღონ ცოდნა გამოცდილი მენტორებისგან და ერთი თვის მანძილზე უფასოდ ჩაერთონ სპეციალურ საინვესტიციო მზადყოფნის პროგრამაში (Investment readiness Program).

2018 წელს, Seedstar-ის გლობალურ სამიტზე, შვეიცარიაში, საქართველოდან სტარტაპ STYX-ის გუნდი წარდგა. STYX – ციფრული ინფრასტრუქტურაა, რომელიც ლოჯისტიკის სფეროში, ტვირთის გადამზიდავებისა და დამკვეთების ელექტრონულ დაკავშირებას უზრუნველყოფს. პროექტმა, 2016-2018 წლებში, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორ კონკურსში გამარჯვების შედეგად, 200 000 ლარის ოდენობის გრანტი მიიღო.

ლაშა გორგოშიძე, STYX-ის თანადამფუძნებელი: “Seedstars-ის გლობალური სამიტი ჩვენი სტარტაპისთვის აღმოჩნდა უდიდესი გამოწვევა. ეს იყო ჩვენი პროექტის საერთაშორისო არენაზე პირველი წარდგენა. საბედნიეროდ ინვესტორების შეკითხვებს მომზადებული დავხვდით, სწორად ამას ვურჩევდი სტარტაპებს, სანამ გლობალურ სამიტზე აღმოჩნდებით კარგად მოემზადეთ. მზად იყავით ინვესტიციის მისაღებად, რადგან ძალიან ბევრი რეალური ინვესტორი დაგხვდებათ შვეიცარიაში.”

განხილვა