in

გაიცანით სექსუალურად განათლებული ჩეტბოტი

სექსი ადამიანის ყოველდღიურობის ნაწილი და ძალიან ბუნებრივი რამ არის. თითქოს, ეს ფაქტი მასზე საუბარს უფრო უნდა ამარტივებდეს, მაგრამ რამდენადაც გასაკვირი უნდა იყოს, საქართველოში ამ თემაზე საუბარი არათუ ცოტა რთულია, არ აქვს მნიშვნელობა სკოლაში, ოჯახში თუ სამეგობროში, არამედ ეს თემა ხშირად საერთოდ ტაბუ დადებულია. 

სწორედ ამიტომ, ადამიანებს და განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ამ თემაზე ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა აქვთ, რადგან ასე ითვლება, რომ სექსზე საუბარი ტეხავს. ამავე მიზეზით, საქართველოში სექსუალური განათლების მიღების სანდო წყაროები ძალიან ცოტაა. 

ამ პრობლემის, მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც გადასაჭრელად, დემოკრატიის ლაბორატორიამ შექმნა ჩეტბოტი, რომელთან კომუნიკაციას imitom.ge-ს ფეისბუქის გვერდის საშუალებით შეძლებთ და სექსთან დაკავშირებულ თითქმის ყველა თემაზე მიიღებთ ინფორმაციას. ჩეტბოტი მოიცავს ისეთ თემებს, როგორებიცაა: რეპროდუქციული ჯანმრთელობა, კონტრაცეფციის მეთოდები, სექსი, ძალადობა, ძალადობის პრევენცია, პაციენტის უფლებები და ა. შ.

ამ ინფორმაციის მისაღებად კი, მხოლოდ კოდური სიტყვის ცოდნაა საჭირო. Imitom.ge-ს ფეისბუქ გვერდს ჩათში სიტყვა „მაზლი“ უნდა მიწერო და სექსუალურად განათლებული ჩეტბოტიც წამში გააქტიურდება. ჩეტბოტში საკითხები წინასწარ არის ჩაინტეგრირებული და სხვადასხვა თემას თვითონ შემოგთავაზებს — თანაც, 24 საათის განმავლობაში დაუღალავად გეჩათვება. 

სექსუალურად განათლებულ ჩეტბოტს ერთი დიდი მიზანი აქვს — სექსუალურ განათლებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ცნობიერება გაზარდოს და ადამიანებს მათთვის ის აუცილებელი ინფორმაცია მიაწოდოს, რომელზეც არც ოჯახში, არც სკოლაში და, პრინციპში, არც არსად გველაპარაკებიან.

მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ეს ჩეტბოტი განკუთვნილია როგორც სთრეით ადამიანებისთვის, ისე LGBTQ+ თემის წარმომადგენლებისთვის. რაც მთავარია, ის ინფორმაცია, რომელსაც ჩეტბოტი გაწვდის, არის სანდო, რადგან ის შექმნილია შესაბამისი სფეროს ექსპერტების, კვალიფიციური ექიმებისა და თემის წარმომადგენელი ექსპერტების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

არსებული ტაბუებიდან გამომდინარე, გათვალისწინებულია ის მომენტიც, რომ ასეთ თემებზე ვიღაც რენდომ ტიპთან ლაპარაკი შეიძლება გერიდებოდეს — რაღაც უხერხულობის შეგრძნება გიჩნდებოდეს, რომლის გადალახვაც ძალიან რთულია. ციფრული ტიპი ამისთვის ძალიან კარგი საშუალებაა, რადგან ის ანონიმურად გელაპარაკება და ყველაფერზე სწრაფად გაწვდის საჭირო ინფორმაციას. თან, როცა იცი, რომ მესენჯერის მეორე მხარეს არავინ ზის და უბრალოდ რაღაც კოდი გელაპარაკება, ეგ საქმეს ძალიან გიმარტივებს — „ნუ კოდთან რა უნდა გაგიტყდეს?!“ მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ჩეტბოტთან საუბარი ბევრად მარტივია, ამიტომ feel free:))

შენი და ჩეტბოტის მიმოწერაზე წვდომა აქვს მხოლოდ გვერდის ადმინს, მაგრამ უშუალოდ შენს კითხვებს პასუხს სცემს ავტომოპასუხე. ადმინი კი მხოლოდ მაშინ ხდება საჭირო, თუ რაიმე ტექნიკური კითხვა გაგიჩნდა, მაგალითად, როგორ გაააქტიურო ჩეტბოტი.  

ისიც უნდა ითქვას, რომ ეს ჩეტბოტი მარტო სექსზე კი არ გაწვდის ინფორმაციას, იმასაც გასწავლის, რომ აუცილებელია ექიმთან სისტემატური ვიზიტი და იმასაც გიყვება ამ დროს, როგორც პაციენტს, რა უფლებები გაქვს. მაგალითად, იმას, რომ შენსა და ექიმს შორის გაცვლილი ინფორმაცია კონფიდენციალურია; ან იმას, რომ კანონით შენ, როგორც საქართველოს მოქალაქეს, გაქვს უფლება, სამედიცინო მომსახურების ყველა მიმწოდებლისგან მიიღო ქვეყანაში აღიარებულ და დანერგილი სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება და ექიმმა თუ რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, გენეტიკური მემკვიდრეობის, რწმენის ან აღმსარებლობის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, საცხოვრებელი ადგილის, დაავადების, სექსუალური ორიენტაციის ან პირადი უარყოფითი განწყობის გამო უარი გითხრა ვიზიტზე, ეს ჩაითვლება კანონდარღვევად.  

მოკლედ, Imitom.ge-ს ჩეტბოტი გამზადებს ყველაფრისთვის — ექიმთან პირველი ვიზიტიდან დაწყებული, პირველი სექსით დამთავრებული. იმ ქვეყანაში, სადაც ახალგაზრდების სექსუალური განათლება ბიოლოგიის წიგნში მშრალად დაწერილი 2-3 გვერდით შემოიფარგლება, რეალობაში კი იმ სამ გვერდს უხერხულობის თავიდან ასაცილებლად მასწავლებლები სულაც ახტებიან, მესენჯერში მცხოვრები ჩეტბოტი, რომელიც ყველაფერს მოურიდებლად აგიხსნის, წესით ძალიან გამოსადეგი რამე უნდა იყოს ახალგაზრდებისთვის და არამხოლოდ.

[R]

YHG-ის ინოვაციური პროექტი: მიიღე მეორე პასპორტი და იმოგზაურე 154 ქვეყანაში უვიზოდ

სამხრეთკორეულმა კოსმოსურმა ზონდმა დედამიწის ფაზები გადაიღო