დარწმუნებული ვარ, რომ კომბლეს პიროვნება მხოლოდ კომბლების თლითა და ჭერში შეწყობით არ შემოისაზღვრებოდა. ექნებოდა რამე ოცნებები, ჰობი, პოლიტიკური შეხედულებები და აკვიატებები. მიუხედავად ამისა, პასუხი კითხვაზე „კომბლე რა კაციაო“, მუდამ ერთი იყო: „კომბლე ის კაცია, კომბლებს თლის და ჭერში აწყობსო“.
დაახლოებით ისე, როგორც დენიელ ფლეინვიუ წარადგენს საკუთარ თავს
“I’m an oil man, ladies and gentlemen.” –
არის, თუ არა ეს თვით-ბრენდინგის შედეგი?
მე მგონი, რომ კი.
საერთოდაც, ამგვარი ტერმინების ჩამოყალიბება ტერიტორიების კოლონიზაციას წააგავს. ვიწყებთ ადამიანები ბუნებრივ პირობებში რაღაცნაირად ქცევას, მერე კი ჩნდება რომელიმე ტერმინთშემქმნელი, ღობავს ამ ქცევის სივრცეს და არჭობს დროშას წარწერით “self-branding” ან “Emotional branding” ან კიდევ რამე.
ისევე, როგორც ნებისმიერი ბრენდის მიზანი, თვით-ბრენდინგის ფუნქციაც დაპირების მიცემაა, უბრალოდ ამ შემთხვევაში „ჩემი სერვისი ან პროდუქტი იქნება ასეთი და ასეთი, ამიტომაც იყიდეთ, გეთაყვას“ მაგიერ გვაქვს „მე ვარ ასეთი და ასეთი“. მეორე ნაწილი უცვლელია.
რაკი აწი უკვე ყველაფერს ფიდი აქვს და ინტერნეტში გადაადგილების ძირითად საშუალებადაც სქროლვა იქცა, თითქოსდა ტექსტით გადმოცემულ ინფორმაციას ვიზუალური კონტენტი ანაცვლებს.
აჩოჩებს მაინც.
შეიძლება ამ დიდი პროცესის ერთ-ერთი შედეგი იყოს ის, რომ ვიზულური პროდუქტის შემქმნელები – ილუსტრატორები, მხატვრები, დიზაინერები და ა.შ. უფრო მეტად ზრუნავენ იმაზე, რომ ამ უსასრულო სქროლვაში მათ ნამუშევარს თვალი მოკრა. ეს თავისთავად, მაგრამ თუ ნამუშევარმა დაგიჭირა და დაინტერესდი, აბა ერთი ვინ ქნა ეს ფოტო ერთი შემახედაო, აი მანდ შემოდის უკვე საკმაოდ აშკარა თვით-ბრენდინგი. როგორც წესი, ეს პირადი პროფილის, პოსტების სტილიზაციაა საკუთარი ნამუშევრების ატმოსფეროთი – გაცნობიერებული ან გაუცნობიერებელი.
შესაძლოა, რომ თუ ნამუშევარსა და ავტორს ერთ „ჟანრში“ აღიქვამ, უფრო მყარი ემოციური ბმა გიჩნდება და როცა გამოსახულებების მორიგ ნაკადში იმავე სტილს მოკრავ თვალს, სადღაც შენი გონების კულისებში გაჩნდება შეგრძნება, რომ ეს ვიზუალი განსაკუთრებულია, ამ ნამუშევრის უკან ადამიანი დგას.
არადა, თვით-ბრენდინგით არამხოლოდ Dribbble-სა და Vimeo-ზე მოღვაწე საზოგადოებაა დაკავებული.
ასე ორიოდე წლის წინ იუთუბის რეკლამებში ხშირად აგდებდა ვიდეოს, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი მოგვმართავდა სიტყვებით: “Here in my garage, just bought this new Lamborghini here. It’s fun to drive up here in the Hollywood hills. But you know what I like more than materialistic things? Knowledge.”
ეს იყო ტაი ლოპეზი – მოტივაციური სფიქერი, რომლის თვით-განვითარების პროგრამაც კარგ ცხოვრებას გვპირდებოდა. ეს სფერო თითქმის სულ თვით-ბრენდინგზე დგას, რამეთუ ძირითადი შემართება დადის ერთ მესიჯამდე „აბა შემხედე როგორი ყოჩაღი, წარმატებული და სასურველი ვარ. შენც თუ გინდა იგივე, იყიდე აი ეს წიგნი, რომლის ქავერზეც დიდი ოქროსფერი შრიფტით დაწერილ ‘წარმატების ცამეტი ფორმულაზე’ მიდევს იდაყვი და ვიღიმი“.
თუმცა ტაი ლოპეზის ვიდეო იმდენად დაუფარავი სტრატეგიით იყო შექმნილი, რომ ძალიან მალე ინტერნეტმა საქილიკო კალათაში ჩასვა. თვით-ბრენდინგის პირველადი მცდელობა არ შედგა, მაგრამ ლოპეზმა ცნობადობის რესურსი მაინც გამოიყენა, ცოტა თვით-ირონია შეიძინა, ცოტა ის ქნა ცოტა ეს ქნა და ახლაც ყიდის თავის პროდუქტს.
მისი პირველი შეცდომა კი ის იყო, რომ პირდაპირ უთხრა ინტერნეტს, როგორ ადამიანად უნდა ხედავდნენ.
არ მუშაობს ეგ. “უნდა შემოვიდე ამაღამ შენშის” რომ ერთი ჩოჩქოლი და დავიდარაბა მოჰყვა და პაატა თედიაშვილმაც “აჰა ესეგი კონტროვერსიაა ჩემი ჟანრი, კარგი ბატონო, შემდეგ სიმღერასაც მაგ ლანგარზე მოგართმევთ” იფიქრა და გადამლაშებული, წარუმატებელი “მუსიკალური გველი” დადო, იგივე ამბავია.
სარა ანდერსენი არის “sarah’s scribbles” ვებ-კომიქსების ძალიან წარმატებული ავტორი.
ჯერ ხომ ფეისბუქზე ჰყავს ორმილიონიანი არმია, მაგის იქით კი ყველა წიგნი უბესტსელერდება. ასეთი წარმატება შეგვიძლია მილენიალური ცაიტგაისტის დაჭერასა და გამოყენებას დავაბრალოთ. (ბოდიში იმ ორი სიტყვისთვის)
თუმცა ასევე, ყველა თავისი კომიქსის პერსონაჟიც თავადაა, რაც ერთიორად ზრდის “ეე ეგ ხომ მეც მომსვლია ეგრე” ფაქტორს. პირადად რომ ვიცნობდე სარას, შეიძლება აღმოვაჩინო რომ სულაც არაა 24/7 დასტრესილი, თვით-ირონიული, კატების მოყვარული ადამიანი, არამედ ვთქვათ, უყვარს ნადირობა და ლუთერანული ეკლესიის მრევლია. ასეთი აღმოჩენა ისევე დაამსხვრევს მისი ბრენდის წარმატებას, როგორც ბილ კოსბის თბილი მოსიყვარულე მამის იმიჯი წაშალა იმ ცნობილმა ამბავმა.
აქვე სწრაფი აღიარება – არაა საუკეთესო შედარება, მაგრამ შემდეგ მაგალითზე გადასასვლელად მჭირდებოდა.
მე მგონი, რომ ყველაზე მალე #Metoo-ს მიერ გამომჟღავნებული მამაკაცებიდან Louis C.K-ს ვაპატიეთ.
რა თქმა უნდა, ლუის რიკტაფელობა არც შეედრება ვაინშტაინის და სპეისის ნამოქმედარს, მაგრამ ლუის მაგიერ (ღმერთომაპატიე) ტომ ჰენქსი ან (ღმერთო მეორედაც მაპატიე) მისტერ როჯერსი რომ ყოფილიყო საერთოდ მოგვინდებოდა ოდესმე მათი დანახვა?
მე მგონი რომ არა.
აი ლუის კი თავისი სთენდ-აფებითა და ნახევრად ბიოგრაფიული სერიალით ისე ვყავდით შემზადებულნი”, რომ შეძლებისდაგვარად მცირე დისონანსი გამოიწვია.
ამგვარად, დაგეგმილი თვით-ბრენდინგი ყოველთვის შეგზღუდავს, ჯობია რომ შენი ბუნებრივი მდგომარეობის აუთლაინის მიხედვით ააგო ეს ელემენტი, ვიდრე ეცადო, რომ წინასწარ ჩამოყალიბებულ აუთლაინში ჩაძვრე.

კიდევ ვფიქრობდი იმაზე საუბარს, რომ თუ შენი ფეისბუქის პროფილის ქავერის შერჩევა “ეს სურათი მომწონს”-ზე მეტად“ მინდა რომ იცოდენ რომ ეს სურათი მომწონს”-ითაა განპირობებული, შენც თვით-ბრენდინგით ხარ დაკავებული, მაგრამ მეტი რომ არ გავაგრძელო, ეს მთელი ამბავი ალბათ საბოლოოდ მაინც იქამდე დადის, რომ როცა იკითხავენ“ კომბლე რა კაციაო”, პირველად მისი კომბლები გაახსენდეთ და არა თუნდაც ის, რომ ამ უკვე საკმაოდ მოხუცებულ ასაკში მარტო ცხოვრობს.