17
Oct
2018

ჩვენ ვართ ბრენდები, რომელთაც ჩვენითვე ვყიდით, თუმცა… – ნათია ჯაბანაშვილის #აზრები

17 Oct 2018

M2


ადამიანი ქმნის თავის სახეს, ირგებს ნიღბებს, რომლებსაც თვითონვე იგონებს იმ რეალობიდან და გარემოდან გამომდინარე, რომელშიც მოღვაწეობს.

გაუცნობიერებლად თუ ნასწავლი მეთოდებით, ყველას სჭირდება საკუთარი თავის რეალიზება და საკუთარი შესაძლებლობების „გაყიდვა“. ჩვენ ვართ ჩვენი თავის სტრატეგებიც და დიზაინერებიც – „ბრენდები“, რომელსაც ჩვენითვე „ვყიდით“. ზოგს ეს გამოსდის, ზოგს ვერა, ზოგს, უბრალოდ, არ მიაჩნია ეს საჭიროდ და ურჩევნია ჩრდილში ყოფნა, თუმცა ნამდვილი გენიოსები უკვალოდ არ ქრებიან.

ნათია ჯაბანაშვილი – Watergunz-ის არტ დირექტორი

დღესდღეობით, არსებობს უამრავი მარტივი გზა საკუთარი ნიჭის გაზიარებისთვის. თუმცა თვითბრენდინგი გაუცნობიერებლად ყველა დროსა და ეპოქაში არსებობდა. თუ დავბრუნდებით წარსულში, როდესაც ეს ტერმინი და ცნება საერთოდ არ არსებობდა და გავიხსენებთ მოცარტს და მის კოლეგა – სალიერის, მარტივად დავინახავთ მაგალითს, რომელიც კარგად ასახავს იმ რეალობას, რომ ნიჭსაც სჭირდება სწორი კუთხით შეფუთვა.

მოცარტი – გენიოსი, ის არ ფუთავდა საკუთარ თავს, მან იცოდა, რომ გენიოსი იყო და უკვირდა, რატომ არ აღიარებდნენ იმ ეპოქაში, როცა ის ცოცხალი იყო.

სალიერი – შეპყრობილი საკუთარი თავის წარმოჩენით, ის არ იყო გენიოსი, თუმცა კარგად შეძლო საკუთარი თავის შეფუთვა და „გაყიდვა“, ის აღიარეს მეფის კარზე, ხოლო გენიოსი ჩრდილში იყო მიმალული. თუმცა დღესდღეობით, მოცარტის ერთი კომპოზიაცია მაინც იცის ყველამ, ხოლო სალიერის მხოლოდ მისი „მეგობრის“ ბიოგრაფიიდან ვიცნობთ.

თანამედროვეობაში თვითბრენდინგი იმდენად მარტივია, რომ ნებისმიერ სფეროში მომუშავე ადამიანისთვის სირთულეს აღარ წარმოადგენს, თანაც ძალიან დიდ როლს თამაშობს და რაღაც მხრივ, წარმატების პირდაპირპროპორციულიც კია. შესაბამისად, ყველა ნიჭს სჭირდება სწორად შეფუთვა, თუმცა ვფიქრობ, რომ ხშირად, ისეთ ადამიანურ მაგალითებს ვხვდებით ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომლებსაც შეცდომაში შევყავართ და რომლებიც გრძელვადიან პერსპექტივაში არ მუშაობს. დღეს შეიძლება ერთსა და იმავე სფეროში მომუშავე ერთი ადამიანი ბევრად ცნობილი და მოთხოვნადი იყოს კარგი თვითბრენდინგის გამო, ვიდრე ადამიანი, რომელიც გამოცდილებითა და „სქილებით“ ჯობნის მას.

პროდუქტის მაგალითზე რომ ვიმსჯელოთ, როგორი კარგი „ფექეჯინგიც“ (შეფუთვა) არ უნდა ჰქონდეს მას, თუ ის არ ვარგა, მეორედ აღარავინ იყიდის.

რომ შევაჯამოთ, მიუხედავად ბევრი აზრისა, თუ გრძნობ, რომ კონკრეტული საქმის გაკეთება შეგიძლია, აუცილებელად უნდა იფიქრო თვითბრენდინგზე, აუცილებლად უნდა შეძლო საკუთარი თავის გაყიდვა.

განხილვა