ზოგჯერ, გვაქვს ხოლმე მოლოდინი, რომ დაწინაურება, ახალი თანამდებობა და გაზრდილი ანაზღაურება ავტომატურად მოიტანს თვითრწმენასა და წარმატების განცდას. რეალობა კი სრულიად განსხვავებულია.
ახალი თანამდებობის მომხიბვლელობა სწრაფად ქრება, ხოლო შფოთვა საკუთარი ლიდერული უნარების შესახებ კვლავ რჩება. ერთი საფეხურით მაღლა ასვლის შემდეგაც არ ქრება შიში, რომ „რა იქნება, თუ ადამიანები ფიქრობენ, რომ არაფრად ვვარგივარ და რაიმე კონკრეტული ფაქტორი დაადასტურებს ამას?“
არადა, ძალიან ბევრს აქვს ეს მცდარი შეხედულება, თითქოს რწმენა საკუთარ ძალებში მოდის კონკრეტული თანამდებობის ან სტატუსის მიღებასთან ერთად. სინამდვილეში კი საკუთარ თავში ეჭვი მუდმივად რჩება ჩვენი შესაძლებლობების საზღვრებთან და როდესაც ვცდილობთ მის იგნორირებას, სინამდვილეში ვამცირებთ საკუთარ უნარს ვიყოთ ცნობისმოყვარე და კიდევ უფრო ეფექტური. ეჭვის თავიდან არიდების მცდელობა მხოლოდ აძლიერებს მას, რაც ხელს გვიშლის ახალი გამოწვევების მიღებაში, მნიშვნელოვანი საუბრების წარმართვაში და იდეების გაზიარებაში.
თუ საკუთარ თავში ეჭვის შეტანა გაფერხებს ლიდერობაში, გამოცადე ეს პრაქტიკული მიდგომები:
დააკვირდი და ჩამოთვალე საკუთარი ემოციები
ემოციის შემჩნევა და დასახელება ემოციური მიმღებლობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. ეს ნიშნავს გრძნობების დაშვებას განსჯის გარეშე. ემოციების გაცნობიერება შეიძლება დაგეხმაროთ საჭირო გამოსავლის პოვნაში. თუ ეს რთულია, ოთხჯერ ღრმად ჩაისუნთქეთ და საკუთარ თავს ჰკითხეთ: „რას ვგრძნობ ფიზიკურად ჩემს სხეულში?“ ემოციების დასახელება არ ზრდის მათ ძალას, პირიქით – გვაძლევს მათზე კონტროლის შესაძლებლობას.
შექმენით მხარდამჭერი გარემო
საკუთარ თავში ეჭვის შეტანის ნორმალიზება იწყება გრძნობის მიღებით. დაიწყეთ იმის აღიარებით, რომ „საკუთარ თავში ეჭვი არის ნორმალური, ჯანსაღი ემოცია და ნიშანი იმისა, რომ კომფორტის ზონის გაფართოებას ვცდილობ“.
შემდეგი ნაბიჯია გამოცდილების გაზიარება სანდო ადამიანებთან – თერაპევტთან, ქოუჩთან ან მხარდამჭერ კომუნასთან. საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვის გაზიარება ადამიანს საგრძნობლად ეხმარება წინსვლაში.
საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი აღიქვით მდგომარეობად და არა თვისებად
ჩვენი შინაგანი დიალოგი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქცევაზე. როდესაც საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვის შეტანას განვიხილავთ როგორც თვისებას („მე ვარ ნერვიული ადამიანი, ამიტომ ვერ გავაკეთებ ამ პრეზენტაციას“), არ ვტოვებთ ცვლილების შესაძლებლობას.
უფრო ეფექტურია სიტუაციის ასე გადააზრება: „ვვნერვიულობ, ეს კი ნიშნავს, რომ ვუახლოვდები ჩემი მიზნების მიღწევას.” ასევე მნიშვნელოვანია დაფიქრება, რა სარგებელს იძლევა საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვის შეტანა – ის გვეხმარება თავმდაბლობის შენარჩუნებაში და საფუძვლიანი მომზადების სტიმულს გვაძლევს.
იმოქმედეთ საკუთარი შესაძლებლობების მყარი რწმენის მოლოდინის გარეშე
თუ დაელოდებით სრული მზაობის შეგრძნებას, ასე შესაძლოა, სამუდამოდ მოგიწიოთ ლოდინი. არიანა ჰაფინგტონი, ინდრა ნუი და პადმასარი ვარიორი – ყველა მათგანი ადასტურებს: კარიერული ზრდა არ ნიშნავს საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვის გაქრობას. ეს ნიშნავს ეჭვების წინასწარ განჭვრეტას და მათთან თანაარსებობის სწავლას, ლიდერობის ყველა ეტაპზე.
საკუთარი შესაძლებლობების რწმენის ზრდა მცირე, გამბედავი ნაბიჯებით ხდება. თუ პრეზენტაციისას თვითეჭვი გაწუხებთ, ნუ დაიწყებთ 1000-კაციანი აუდიტორიის წინაშე გამოსვლით. ჯერ გუნდურ შეხვედრას გაუძეხით, შემდეგ კი კომპანიის მასშტაბის შეხვედრაზე გამოხატეთ აზრი. ჯერ თავდაჯერებული მოქმედებაა საჭირო, შემდეგ კი – შესაბამისი გრძნობაც მოყვება.
წყარო: Fastcompany













