16
Apr
2019

„თვითრეალიზაცია არ არის შედეგი, იგი პროცესია“ – მერიკო გაბაშვილის #აზრები

16 Apr 2019

M2


რეალიზებულად გრძნობთ თავს? გაქვთ განცდა იმისა, რომ სრულად ავლენთ თქვენში არსებულ შესაძლებლობებს? მე არა. ხშირად მეუფლება საკუთარი თავით უკმაყოფილების გრძნობა. ზუსტად ვიცი, ვგრძნობ, რომ ბევრად მეტი შემიძლია, მაგრამ რატომღაც, მიჭირს ამ შესაძლებლობების გამოვლენა, მათი რეალიზება.  ვფიქრობ, იქნებ იმიტომ არ გამომდის, რომ არ ვიცი ზუსტად რა შესაძლებლობები მაქვს? ან, იქნებ, ვიყენებ ჩემს შესაძლებლობებს, მაგრამ პერფექციონიზმი მიშლის ხელს კმაყოფილებაში. ზოგიერთ დღეს იმასაც კი ვუშვებ, ხომ არ მატყუებს ჩემი გრძნობები და იქნებ სულაც არ შემიძლია მეტი-მეთქი. მოკლედ, ბოლო დროს ბევრს ვფიქრობ თვითრეალიზაციის თემაზე.

პოპულარული მოსაზრების თანახმად თითოეული ადამიანი იბადება გარკვეული დისპოზიციით – ნიჭით, რომელიც გამოგვარჩევს კონკრეტულ საქმიანობაში თუ საქმიანობათა კატეგორიაში. წარმატებული, ან უფრო მეცნიერულად რომ ვთქვათ, თვითრეალიზებულია ის ადამიანი, რომელიც სწორად მოახდენს საკუთარი უნიკალური ნიჭის იდენტიფიცირებას და განავითარებს მას ცხოვრების მანძილზე. მართალია ამ კუთხით ფორმალური სტატისტიკა არ იწარმოება, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ დღეს ადამიანს მე-ს ძიების თუ გამოვლენის ბევრად მეტი შესაძლებლობა აქვს ვიდრე, მაგალითად, 100 წლის წინ, თვითრეალიზაცია აშკარად აქტუალურ პრობლემად რჩება უმრავლესობისთვის. ვფიქრობ თვითრეალიზაცია ასე იმიტომ გვიჭირს, რომ ჩვენს წინაშე მდგარი ამოცანის პირობა გვაქვს არასწორად გაგებული.

მერიკო გაბაშვილი – TEDx თბილისის დამფუძნებელი 

მოდით დროებით გადავუხვიოთ პოპულარული მოსაზრებიდან და წარმოვიდგინოთ, რომ ადამიანის პოტენციალი არ არის შემოფარგლული რომელიმე ერთი, უნიკალური ტალანტით; რომ ჩვენს ხელთ არის ტალანტების და შესაძლებლობების მთელი სპექტრი. შესაბამისად, თვითრეალიზაცია არ მოითხოვს რომელიმე ერთი, უნიკალური ტალანტის მოძებნას, რაკი ყველაფერში ნიჭიერები გამოვდივართ. თუ ამას დავუშვებთ, მაშინ აუცილებლად უნდა დავსვათ შეკითხვა თუ რატომ არის, რომ ზოგიერთი ჩვენგანი რეალიზებულად გრძნობს თავს და ზოგი არა? ამ შეკითხვაზე ყველაზე მარტივი პასუხია ვივარაუდოთ, რომ ზოგი იყენებს საკუთარ შესაძლებლობებს, ზოგი არა. გამოყენების გარეშე კი, ჩვენი შესაძლებლობების სიმრავლე უბრალოდ მკვდარი რესურსია. ამ აზრს მივყავართ ყველაზე მნიშვნელოვან შეკითხვამდე – რატომ ვარჩევთ ზოგიერთები ჩვენი შესაძლებლობების გამოუყენებლობას? ვფიქრობ იმიტომ, რომ, ტალანტებისაგან განსხვავებით, გამოყენების უნარი იმთავითვე არ გვეძლევა. იგი ჩვენგან ცნობიერ ძალისხმევას, მნიშვნელოვან პიროვნულ ინვესტიციას მოითხოვს, ეს კი, სუბიექტური თუ ობიექტური გარემოებების გამო, ყველას ერთნაირად არ შეგვიძლია.

რის ინვესტიციაზეა საუბარი?  სამი რამის: (1) დროის (2) ყურადღების და (3) დისციპლინის. პირველი ორი საკმაოდ ექსპლიციტურია და ალბათ, ახსნას არ საჭიროებს. მესამეში კი, ვგულისხმობ დროის და ყურადღების სწორად მართვას; მტკიცე ნებისყოფას იმისა, რომ თანამედროვე ცხოვრების რეჟიმში ამ ორი ფაქტორის თანხვედრა მოხდეს საკმარისი დოზით და თანაც მაშინ, როდესაც ეს მინდა მე და არა მაშინ, როდესაც სხვა არაფერი მაქვს გასაკეთებელი. ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებას რომ ვუყურებ, ძალიან ცოტა შემთხვევის დასახელება შემიძლია, როდესაც ვახერხებ დროის და ყურადღების ასეთ ცნობიერ მართვას; მათ მიმართვას იმ საქმეზე რომლის მიმართაც ბუნებრივი ცნობისმოყვარეობა, საჭიროება და/ან სურვილი მიბიძგებს. თუმცა ვიცი, რომ მქონდა ასეთი რამ  გამოცდილებაში, რაკი ზუსტად ვიცი როგორია ეს შეგრძნება. ეს ის „ნათელი მომენტებია“, როდესაც მთელი არსებით ვარ ჩართული რაღაცის კეთებაში, არაფერს ვაძლევ უფლებას გადაიბიროს ჩემი ყურადრება, ბოლომდე „ვუზივარ“ ამოცანას, სანამ შინაგანი კმაყოფილების წერტილამდე არ მივიყვან საქმეს და როდესაც, ბოლო ბოლო დავასრულებ, დაღლილობის მაგივრად მეტის კეთების „მუღამი“ მიჩნდება, ენერგიის ძლიერ მოზღვავებას ვგრძნობ და პოზიტიური ემოციები მეუფლება. ასე მგონია ყველფერი შემიძლია.

თქვენ გქონიათ ასეთი მომენტები? გახსოვთ ბოლოს როდის განიცადეთ ასეთი რამ?

ჩემი აზრით სწორედ ამ მომენტებში ვართ თვითრეალიზებულები. ამ მომენტებში ვართ ჩვენი შესაძლებლობების პიკში და ჩვენს მე-სთან ყველაზე ჰარმონიულ ურთიერთობაში. ანუ თვითრეალიზაცია ხდება არა ცხოვრებაში ერთხელ, როდესაც რომელიმე ერთი ტალანტის პიკში ავდივართ, არამედ ყოველთვის, როდესაც ვახერხებთ საკუთარი შესაძლებლობების მიზანმიმართულ გამოყენებას ჩვენთვის საინტერესო ამოცანების ამოსახსნელად. ამ გადმოსახედიდან თვითრეალიზაცია არ არის შედეგი, იგი პროცესია, რომლითაც მიიღწევა კონკრეტული შედეგები ყველა იმ სფეროში, რომელიც გვაინტერესებს.

თვეზე მეტია რაც ამ ჭრილში ვფიქრობ თვითრეალიზაციაზე და შესაბამისად, აქტიურად ვმუშაობ შინაგანი დისციპლინის განვითარებაზე. ლიტერატურაში თვითდისციპლინირების უამრავი მეთოდი ვიპოვე. მათი სიმრავლიდან ვცდილობ ჩემთვის ყველაზე მისაღები და რეალისტური ავარჩიო. ასე ინდივიდუალური „ხრიკების“ არსენალში გამიჩნდა ე.წ. მიზნობრივი საათები, ანუ დროის მონაკვეთები რომლებსაც ჩემთვის საინტერესო თუ მნიშვნელოვან აქტივობებს ვუთმობ. განურჩევლად იმისა, თუ რა განწყობაზე ვარ ან რა ხდება ჩემს ირგვლივ. მიზნობრივი საათების დროს, ვცდილობ, მაქსიმალურად ვიყო ჩართული იმაში რასაც ვაკეთებ და არაფერს მივცე ჩემი „გატაცების“ შესაძლებლობა. ასევე, მივმართავ ე.წ. არაფერზე ფიქრის სავარჯიშოს. გასაკვირად რთული აღმოჩნდა არ იფიქრო არაფერზე, უბრალოდ გათიშო აზრების დინება და სრულად დაიმორჩილო შენი ყურადღება ერთი წუთის განმავლობაში. უცნაური, კონტექსტიდან ამოვარდნილი, ხანდახან სრულიად უაზრო ფიქრები პირდაპირ იბრძვიან ყურადღებისთვის და გონებაში შემოღწევისთვის. ჩემს მიერ ნაცადი ხრიკებიდან ჯერჯერობით ყველაზე საყვარელი „არა“-ს თქმის ტექნიკა აღმოჩნდა. თურმე რამდენი დროის და ენერგიის გამოთავისუფლება შეიძლება ამ ერთი პატარა სიტყვით. მოკლედ, საინტერესო და სახალისო ექსპერიმენტია ჩემთვის. ექსპერიმენტი, რომელიც მეხმარება დავიყვანო თვითრეალიზაციის მონუმენტური თემა, ყოველდღიური „ნათელი მომენტების“ დონემდე. ჯერჯერობით, კმაყოფილი ვარ ამ პროცესით სულ ცოტა იმის გამო, რომ ბოლო ერთ თვეში ბევრი საინტერესო რამ აღმოვაჩინე საკუთარ თავში. თანაც ის იდეა, რომ შეიძლება ყველაფერში ნიჭიერი ვიყო აშკარად მაფრთიანებს.

განხილვა