in

რა კავშირია თვითსაბოტაჟსა და გადაწვას შორის?

ჩვენი სამუშაო გარემო ჩვენი კეთილდღეობისთვის საზიანო შეიძლება იყოს. მკაცრი მოთხოვნები, უსასრულო ცვლილებები და უსამართლო პოლიტიკა – ეს იმ ფაქტორების მხოლოდ ნაწილია, რაც გადაწვას განაპირობებს. თუმცა, გადაწვის წინაპირობა მხოლოდ სტრესული სამუშაო გარემო როდია. სტრესი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ აღვიქვამთ სიტუაციას. ასევე, ჩვენი მდგომარეობა გადაწვის მიმართ რეზისტენტულობასთანაც არის კავშირში. იმისათვის, რომ შევძლოთ ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევა სხვადასხვა ხერხი არსებობს.

pasha-statiebi
pasha-statiebi

პირველ რიგში, განსაზღვრეთ, ხართ თუ არა გადაწვის რისკის წინაშე. დააკვირდით თქვენს ქცევებს, რომლებიც თავდაცვით რუტინაში გამოიხატება. უფრო ცოტა გძინავთ? უფრო გაღიზიანებული ხართ? კონცენტრაცია გიჭირთ? მეტ ალკოჰოლს მოიხმართ, სტრესისგან გასათავისუფლებლად? ესაა ინდიკატორები, რომლებითაც გადაწვის საფრთხეს ადვილად ამოიცნობთ.

შემდეგ, დააკვირდით, ხომ არ გაებით თვითსაბოტაჟის მახეში? თუ ასეა, ემოციური ინტელექტის ტაქტიკა გამოგადგებათ. პირველ რიგში, გაცნობიერება – ეს დაგეხმარებათ შეისწავლოთ საკუთარი თავდაცვითი რეაქცია. საკუთარი თავის მართვა ხელს შეგიწყობთ დესტრუქციული ჩვევების უკეთესობისკენ შეცვლაში.

გავეცნოთ თვითსაბოტაჟის მახეებს:

ზედმეტად ადაპტირებულობის მახე

ადაპტირების უნარი შეიძლება ძალიან წაგადგეთი კარიერის შენებისას. მთავარია, მეტისმეტი არ მოგივიდეთ. ეს ჩვეულებრივი მახეა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ცდილობენ სხვებს ასიამოვნონ და მათი მოლოდინები გაამართლონ.

ჰკითხეთ საკუთარ თავს: ჩემი ასეთი მოქნილობა სხვა ადამიანებზე მორგების სურვილიდან გამომდინარეობს? თუ პასუხი დადებითია, იცოდეთ, რომ სხვების მოლოდინების დაკმაყოფილება ძვირად შეიძლება დაგიჯდეთ. თქვენი მოხერხებულობა შეიძლება სუპერძალაა, თუმცა, როდესაც მსხვერპლის გაღებაში გადადის, არც ისე სწორ გზაზე ამოყოფთ თავს.

თუკი “კის” თქმა ჩვევაში გაქვთ, სხვებისთვის ბედნიერების მოსატანად, ეცადეთ უფრო მეტად თქვათ უარი. დაიწყეთ მცირედით. დააწესეთ საზღვრები თქვენს დროსა და პირად სივრცეზე.

არანაკლებ დიდი საცდურია პერფექციონისტის ხაფანგი

“პერფექციონიზმი პროგრესის მტერია” – ამ ფრაზას უინსტონ ჩერჩილს მიაწერენ. პერფექციონიზმი ჯანმრთელობის მტერიცაა. მაღალი სტანდარტების დაწესება წარმატებისთვის მნიშვნელოვანია. თუმცა, პრობლემები მეტისმეტი მოლოდინებიდან იწყება. თუკი პერფექციონიზმის პრობლემას საკუთარ თავსაც ამჩნევთ, ჰკითხეთ თქვენს თავს, როგორ შეგიძლიათ მიზნის მიღწევა იდეალურობის გარეშე? ეცადეთ უფრო შემწყნარებელი იყოთ საკუთარი თავის მიმართ. ამგვარად, კეთილდღეობისკენ უფრო ადვილად წაიწევთ წინ. ნუ დაადანაშაულებთ საკუთარ თავს. ეს მხოლოდ გავნებთ.

თვითმარქვიას სინდრომის მახე

ახალი როლის მორგების შემდეგ, როგორიცაა დაწინაურება ან ახალი პროექტის აღება, ხშირად იჩენს თავს თვითმარქვიას სინდრომი. შიგნიდან თითქოს გთრგუნავთ და გეუბნებათ, რომ თქვენ არ ხართ საკმარისად კვალიფიცირებული ამ საქმის შესასრულებლად. ესეც თვითსაბოტაჟია და ასეთ დროს ძალიან მაღალია გადაწვის რისკი. ამიტომ, გააცნობიერეთ საკუთარი ემოციები და შეწყვიტეთ თვითკრიტიკა. ამ მახიდან გამოსვლა იწყება საკუთარი არასრულყოფილების გაცნობიერებით.

მეტისმეტი ჩართულობის მახე

შესაძლოა ძალიან გიყვარდეთ საქმე, თუმცა ესეც ქმნის გადაწვის რისკს. როდესაც საქმეში ყველაფერს დებთ, იღებთ სიამოვნებას და მუდმივად ამ კუთხით იხარჯებით, არღვევთ ბალანსს სხვა ცხოვრებისეული საჭიროებების მიმართ, როგორიცაა საყვარელ ადამიანებთან (მათ შორის, საკუთარ თავთან) ურთიერთობა, კარგად გამოძინება…

ამ მახიდან თავის დასაღწევად, იფიქრეთ იმაზე, მეტისმეტს ხომ არ სთხოვთ საკუთარ თავს? დააწესეთ მკაფიო ზღვარი სამუშაო და დასვენების საათებს შორის.

მახე – “ვერაფრით ვშველი”

მკვლევარი ფსიქოლოგები საუბრობენ იმ ადამიანებზეც, რომლებიც პრობლემებზე არიან ფოკუსირებულები და სტრესის კონტროლს ამ გზით ცდილობენ. ეს მოიცავს უფრო მეტი მოცულობის სამუშაოს ნებაყოფლობით შესრულებას, დროულად რომ მოესწროს საქმე. როდესაც ვთვლით, რომ არ გვაქვს სტრესთან გამკლავების კონტროლი, ჩვენ ემოციაზე ვფოკუსირდებით და ჩვენი ძალისხმევის მიუხედავად, გვგონია, რომ არაფერზე გვაქვს კონტროლი. ადამიანები, რომლებიც ბევრ დროს ხარჯავენ რათა მსგავს ემოციებს გაუმკლავდნენ, გადაწვის რისკის ქვეშ არიან.

თუკი მსგავს ხაფანგში აღმოჩნდით, შეეწინააღმდეგეთ აზრს კონტროლის შესახებ. იფიქრეთ კონკრეტულ რაღაცებზე, რაც თქვენში სტრესს იწვევს. იფიქრეთ გამოსავალზე და მცირე ნაბიჯებით კონტროლისკენ სვლა გადაწვის შეგრძნებას ნელ-ნელა მოგიხსნით.

იმ შემთხვევაშიც, როდესაც საქმე მოგწონთ და პირად მიზნებს ემთხვევა, ხაფანგი კვლავაც არსებობს. გამოსავალი კი გაცნობიერებაშია. ნუ მისცემთ საკუთარ საქმეს იმის უფლებას, რომ მოიცვას მთელი თქვენი ცხოვრება და დრო არ დაგიტოვოთ სხვა არაფრისთვის. მიაქციეთ ყურადღება, რამდენად მოქმედებს თქვენი ფიქრები სტრესის ზრდასა თუ შემცირებაზე. ბუნებრივია, თავის მხრივ, ორგანიზაციებმაც უნდა იზრუნონ გადაწვის მიზეზების შემცირებაზე. ხელმძღვანელებმა უნდა მიაქციონ ყურადღება საკუთარი გუნდის მოსაზრებას და ნაბიჯები გააზრებულად გაადადგან, პრობლემის აღმოსაფხვრელად. თუმცა, აუცილებელია საკუთარი როლის გააზრებაც – თავადაც უნდა ისწავლოთ გადაწვასთან გამკლავება, იმ დოზით, რა დოზითაც შეგიძლიათ.

 

წყარო: HBR



gaga gogua

გაგა გოგუა – #პირველისამსახური

მალე! Balenciaga-ს ინტერაქტიული ვიდეოთამაში FW21 კოლექციისთვის