13
Oct
2013

Self Service = – 5 თეთრი

13 Oct 2013

“გალფის” Self Service-თვითმომსახურების სერვისია. მომხმარებელი 5 თეთრის ფასდაკლებით იძენს ნებისმიერი ტიპის საწვავს და თავად ასხამს სასურველ ოდენობას.

Self Service = - 5 თეთრი

Self Service”  მსოფლიოში 1970 წლიდან დაინერგა და ერთ-ერთ წარმატებულ პროექტად ითვლება. ვინაიდან “გალფი” დასავლურ ღირებულებებზე დაფუძნებული ბრენდია, ვცდილობთ, ქართულ ბაზარზე სწორედ ამით გამოვირჩეოდეთ კონკურენტებისგან. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენს ავტოგასამართ სადგურზე დაგვენერგა აღნიშნული სერვისი”- ამბობს ”გალფის” ვიცე პრეზიდენტი ნინო ჯიბლაძე.

დღეისათვის თვითმომსახურების სერვისი ”გალფის” ერთ ავტოგასამართ სადგურზეა. ნინო ჯიბლაძის თქმით, უახლოეს მომავალში 12 ასეთი ავტოგასამართი სადგურის გახსნა იგეგმება. ამბობს, რომ Self Service  საკმაოდ პოპულარულია იმ სეგმენტზე, რაზეც გათვლები კეთდებოდა კვლევების შედეგად.

”ჩვენს მომხმარებლებში არსებობს სეგმენტი, რომელიც ფასს ანიჭებს გადამწყვეტ მნიშვნელობას, ზოგს თავად უნდა, რომ აკონტროლოს საწვავის რაოდენობა ჩასხმის დროს, ზოგს კი უბრალოდ თავად სურს „ეურთიერთოს“ მის ავტომობილს.

Self Service  სწორედ მათთვისაა. სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული სეგმენტი მცირეა, “გალფის” ქსელში ჩამსხმელი ოპერატორის სერვისი კვლავ პრიორიტეტული რჩება. Self Service-ის დანერგვა არ გამოიწვევს სამომავლოდ ჩამსხმელი ოპერატორების სამსახურიდან გაშვებას”.

Self Service-ის დანერგვას, ჯერჯერობით, არ აპირებენ ”ლუკოილში”. კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილის შავლეგ მიშველაძის თქმით, ამ მომსახურებამ რომ ”იმუშაოს” მთელი რიგი ღონისძიებებია გასატარებელი: ”მგზავრი მანქანიდან რომ გადმოვიდეს, თავად ჩაასხას საწვავი, შემდეგ გადაიხადოს. ამას სისტემატიზაციის მთელი სისტემა სჭირდება. არ არის მარტივი საკითხი. ამაზე ცალსახა პასუხის გაცემა რთულია, ალბათ, ”გალფი” ფასის კლების საფუძველზე ატარებს ამ ექსპერიმენტს. ვერ გეტყვით, რამდენად ”იმუშავებს”, ან პირიქით.

თუ ევროპულ მიმართულებაზე ვისაუბრებთ, აქ იგივე კომფორტის საკითხიცაა გასათვალისწინებელი. უნდა გადმოვიდეს ადამიანი, ძრავი გამორთოს, ჩაასხას საწვავი. რა კი კომპანიაში ამის გაკეთება გადაწყიტეს, რაღაც კვლევის საფუძველზე იქნება. სავარაუდოდ, თვლიან, რომ საამისოდ მომწიფდა სიტუაცია”.

”ლუკოილში” ამბობენ, რომ დააკვირდებიან თუ როგორ იმუშავებს სერვისი. თუმცა, ერთ კვირაში ან ერთ თვეში, ამ საკითხის განხილვას არ გეგმავენ. ”ჩვენც იგივე სეგმენტი გვყავს. ამიტომ, ასე ვთქვათ, პულსზე გვიდევს ხელი, საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები, რამდენად გაამართლებს, თუნდაც, ცოტა იაფად თავად მოემსახურონ საკუთარ თავს. ვერც მერე გეტყვით, რომ ერთბაშად გადავწყვეტთ იგივე სერვისის შემოტანას. აქ არის პერსონალის საკითხი, ჩამსხმელებს აქვთ ხელფასი, დაზღვევა და ა.შ. ამიტომ ასე მარტივი არ იქნება ამ საკითხის გადაწყვეტა”- ამბობს შავლეგ მიშველაძე

განხილვა