in

როგორია ქართული კონცეფციის “სელფის” მუზეუმი თბილისში

თბილისს “სელფის” მუზეუმი დაემატა – ადგილი, სადაც სელფის გადაღება ფერად ჭურებთან, ფიროსმანის ნახატებთან, ჩოხაში გამოწყობილ მარკ ზაკერბერგთან და სხვა საინტერესო კონცეფციის სივრცეში შეგეძლებათ. მუზეუმის ინტერიერზე მხატვარ დიზაინერებმა, ქეთევან ნადიბაიძემ, თამრი ოხიკიანმა და ლევან კვარაცხელიამ იმუშავეს. როგორც მუზეუმის თანადამფუძნებელმა ლაშა კვანტალიანმა გვიამბო, ესაა სივრცე, სადაც ადამიანებს შეუძლიათ გადაიღონ ფერადი, განსხვავებული და სახალისო ფოტოები, რომელსაც ძალიან ბევრი მოწონება, კომენტარი და “მემორი” მოყვება.

M: როგორია ქართული “სელფის” მუზეუმის კონცეფცია და რით იქნება სხვა სამუზეუმო სივრცეებისაგან განსხვავებული?

მსოფლიოში “სელფის” რამდენიმე მუზეუმი არსებობს. ქართული მუზეუმი პავილიონების რაოდენობითა და სიდიდით ერთ-ერთი პირველია. თუმცა, ეს არ არის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი. როდესაც მუზეუმის კონცეფციაზე დავიწყეთ მუშაობა (ეს, ჯერ კიდევ, ის დროა, როდესაც სიტყვა “კორონა”, მაქსიმუმ, შოკოლადს ან ლუდს ნიშნავდა. მიზნად დავისახეთ, რომ მუზეუმს ყველა სიკეთესთან ერთად, საქართველოც უნდა გაეპიარებინა. ამიტომაც, მუზეუმში ნახავთ ფერად ჭურებს, ფიროსმანის ნახატებს და მარკ ზაკერბერგსაც კი, ქართული ჩოხით.

მუზეუმის მხატვარ დიზაინერები: ქეთევან ნადიბაიძე, თამრი ოხიკიანი, ლევან კვარაცხელია

M: რა იქცა მუზეუმის შექმნის მთავარ შთაგონებად?

ამჟამად მე ამერიკაში ვიმყოფები. აქ რამდენიმე მსგავსი მუზეუმია (ნიუ-ორკში, ლოს-ანჯელესში). როდესაც ამ მუზეუმების კონცეფცია ვნახე, ზუსტად ვიცოდი რომ საქართველოში, ქართველი დიზაინერების დახმარებით და საინტერესო თემების შერჩევით უფრო საინტერესო და ლამაზი სივრცის მიღება შეიძლებოდა. ვფიქრობ, ასეც მოხდა. ამ მუზეუმის ყოველი კუთხე, ჩემი აზრით, არტია და ეს არაჩვეულებრივი ქართველი მხატვარ-დიზაინერების დამსახურებაა.

M: სჭირდება თბილისს “სელფის” მუზეუმი?

ქართველებს ვისზე ნაკლებად გვიყვარს სელფი და სოციალური ქსელები. ესთეტიკის აღქმაც არ უნდა გვქონდეს ცუდი. რა თქმა უნდა, თბილისს სჭირდება მსგავსი სივრცე.

ადგილი კი, ჩვენი პარტნიორის დამსახურებაა ისრაელიდან. მუზეუმი მარჯანიშვილის ქუჩაზეა. ცენტრალური ადგილია და (იმედი მაქვს, სულ მალე) ისევ აქტიური ტურისტული ზონა იქნება.

M: ახლა, როდესაც პანდემიის გამო, უამრავი ბიზნესი და ორგანიზაცია ხელახლა იდგამს ფეხს, როგორ აპირებთ მუზეუმის პოპულარიზაციას?

მუზეუმზე მუშაობა მაშინ დავიწყეთ, როდესაც ვირუსმა იფეთქა, მაგრამ არ გავჩერდით. მუზეუმში უსაფრთხოების ზომებს დავიცავთ. ადამიანების მაქსიმალურ რაოდენობას შევზღუდავთ, დეზინფექცია და შესვლისას ტემპერატურის გაზომვით.

ბიზნესის თვალსაზრისით, ძალიან რთული იქნება ტურისტების გარეშე, მაგრამ დიდი იმედი გვაქვს, რომ შიდა ბაზარი აიტაცებს იდეას. პირადად მე, დარწმუნებული ვარ, რომ მუზეუმის ყოველი სტუმარი ძალიან ბევრ მაგარ ფოტოს გადაიღებს და ნასიამოვნები დატოვებს სივრცეს, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას რომ მისი მეგობრებიც დაინტერესდებიან ჩვენი სივრცით (მთავარია არ დაუმალონ სად არის გადაღებული ეს ფოტოები).

M: როდიდან შეძლებთ სტუმრების აქტიურად მიღებას?

სტუმრებს 25 ივლისიდან ველოდებით, ყოველდღე, დილის 11-დან საღამოს 9 საათამდე. დიდი სიამოვნებით ველოდები, როდის გაფერადდება სელფის მუზეუმში გადაღებული ფოტოებით ქართული სოციალური ქსელები.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის – „ფილიპ მორის საქართველო“

„მაგნიტის“ ახალი კონცეფციის ფილიალი გაიხსნა