in

რჩევები: რა და როგორ გავყიდოთ Amazon-ზე საქართველოდან?

რა გავყიდოთ “ამაზონზე”? რა პროცედურების გავლა და რისი გათვალისწინება დაგვჭირდება? როგორია პროცესი? მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პლატფორმის Amazon.com შესახებ ბევრს სმენია, თუმცა, მისი ონლაინ ვაჭრობისთვის გამოყენების გამოცდილება ცოტას აქვს. ამიტომ, გადავწყვიტეთ, რჩევების სახით მოგაწოდოთ საჭირო ინფორმაცია და ამისათვის მივმართეთ გამოცდილ სელერს, ირაკლი წიგნაძეს, რომელმაც “ამაზონზე” პროდუქტის გაყიდვა 2018 წლის მიწურულს დაიწყო.

“როგორც კი ოდნავ გავერკვიე “ამაზონის” სპეციფიკაში, მივხვდი რომ უდიდესი პოტენციალი იყო ყველა პროდუქტის მიმართულებით და გადავწყვიტე დამეტესტა. ამიტომ 3-4 თვის განმავლობაში ვემზადებოდი და ვეძებდი მსუბუქ პროდუქტს, რომ ტრანსპორტირება იაფი ყოფილიყო საქართველოდან. აპრილში დავიწყე გაყიდვა და ზაფხულის ბოლოსთვის უკვე სრული მაშტაბით ვყიდდი. ახლა ბრენდი დავარეგისტრირე, ახალი მოდელეები დავამატე და წიგნის სხვა აქსესუარებსაც ვამატებ. გასული ზაფხულის ბოლოდან დავიწყე კანადაში ყიდვა და ამ წლის დასაწყისისდან ევროპაში,” – ირაკლი წიგნაძე საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს და გვირჩევს, რა და როგორ გავყიდოთ “ამაზონზე”.

მოკლედ, Amazon-ის კონცეფციის შესახებ:

წარმოიდგინეთ, მსოფლიოში ყველაზე დიდი მოლი, სადაც ყველაფერია სუპერმარკეტებითა და ავეჯის მაღაზიებით დაწყებული და ნიშური პატარა მაღაზიებითა და კვების ობიექტებით დამთავრებული. ზოგადად, “ამაზონზე” უამრავი სახის პროდუქცია იყიდება და აქედან ნახევარი მაინცაა ისეთი, რომელიც საქართველოში საერთოდ არ გვხვდება.

როგორ გავიგოთ, პროდუქცია, რომლის გაყიდვაც გვაინტერესებს, რამდენად აქტუალურია “ამაზონის” მომხმარებლისთვის?

პროდუქტების აბსოლუტური უმრავლესობისთვის, ბაზარი გაცილებით დიდია, ვიდრე საქართველოს რეალობიდან შეიძლება წარმოდგენა. ასე რომ, გასაყიდი პროდუქციის ასარჩევად, სხვა ფაქტორებსაც უნდა მიექცეს ყურადღება, გარდა გაყიდვებისა: რამდენად დიდია კონკურენცია, რამდენად სტაბილური თუ სეზონურია ბაზარი, დიდი ხნის პროდუქტია თუ ახალი, შეძლებ თუ არა კარგად დიფერენციაციას, გეყოფა თუ არა ინვესტიცია და მრავალი სხვა. “ამაზონზე” ყველა ეს ინფორმაცია ხელისაწვდომია თითქმის ყველა კატეგორიაში. არსებობს ფასიანი ძალიან კარგი პროგრამები ამისთვის (helium10 და Jungle Scout). მხოლოდ გაყიდვების შესამოწმებლად არის უფასო ვარიანტიც fbatoolkit.com (თუმცა, ბოლომდე ზუსტი არაა).

ვის შეუძლია Amazon-ზე გაყიდვა:

“ამაზონზე” გაყიდვა ყველას შეუძლია, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირის სახით. ბოლო პერიოდში რეგისტრაცია გამკაცრებულია დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, მაგრამ თუ შეძლებთ დაამტკიცოთ თქვენი ვინაობა და საცხოვრებელი ადგილი, მაშინ პრობლემა არ იქნება. “ამაზონი” საცალო გაყიდვების პლატფორმაა, პირდაპირ საბოლოო მომხმარებელზე ყიდი. მეორადი საქონლის გაყიდვის უფლებაც გაქვს, მაგრამ საქართველოდან ეგ არარელევანტურია, უნდა გაყიდო ახალი საქონელი.

ფასწარმოქმნა:

ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, პროდუქტის დამზადება და “ამაზონამდე” ტრანსპორტირება უნდა ჯდებოდეს “ამაზონზე” საშუალო ფასის მესამედი, იმისათვის, რომ მიმზიდველ მიმართულებად ჩაითვალოს. უფრო კონკრეტულად, თითოეული გაყიდვიდან “ამაზონს” უხდი გარკვეულ პროცენტს კატეგორიების მიხედვით, უმეტესად 15% (იხილეთ ჩამონათვალი), პლუს, მიტანის ხარჯს (მომხმარებლისთვის მიტანა უფასო უნდა იყოს), რომელიც დამოკიდებულია პროდუქტის ზომაზე, შეფუთვის ჩათვლით: Size tiersFulfillment feesყოველთვიური რეგისტრაციის გადასახადი “ამაზონზე” $40-ა.

რა უნდა იცოდეს ადამიანმა აუცილებლად, სანამ “ამაზონზე” დააპირებს რაიმეს გაყიდვას?

რომ ეს არის უდიდესი შესაძლებლობების სამყარო, სადაც დიდ წარმატებას შეუძლია მიაღწიოს ყველას, მაგრამ ამისთვის აუცილებელია ბევრი შრომა და გარკვეული ფინანსური ინვესტიცია. ეს არ არის „დამატებითი შემოსავლის“ წყარო. სწავლის და მომზადების პერიოდში, შეიძლება სხვა საქმიანობას შეუთავსო, მაგრამ დროთა განმავლობაში, მთლიანად ამაზე უნდა გადაერთო და დიდი დროც დაუთმო.

რა პროცედურები უნდა გავიაროთ “ამაზონზე” მაღაზიის გასახსნელად?

რეგისტრაცია ხდება საიტზე https://sellercentral.amazon.com/. უნდა გქონდეთ პირადობა და პასპორტი, საბანკო ანგარიში და საცხობვრებელი მისამართი. უმჯობესია თუ ყველა საბუთზე მისამართი იქნება ერთი და იგივე და თუ ამ მისმართზე კომუნალური გადასახადები მოდის ამ პიროვნებაზე ( მ საბუთს მოითხოვენ, ან რამენაირად დადასტურებას, რომ მისამართი სწორია). ბოლო პერიოდში რეგისტრაცია საკმაოდ გამკაცრებულია, ამიტომ შეიძლება “ამაზონმა” მოითხოვოს ერთი და იმავე ინფორმაციის სხვადასხვა საბუთითა და წყაროებით დადასტურება.

რეგულარულად რა უნდა აკეთოს სელერმა, რომ სტაბილურ შემოსავალზე გავიდეს?

რაც სელერმა ყველაზე მეტი უნდა აკეთოს, ეს სწავლაა. “ამაზონი” ძალიან კომპლექსური პლატფორმაა და უამრავი დეტალია, რომლის სწორად გაკეთება განაპირობებს წარმატებას. არსებობს ონლაინ კურსებისა და ტრენერების დიდი არმია, რომლებიც მარტივად ხელმისაწვდომია იუთუბსა და ფეისბუქზე (search: how to sell on Amazon FBA). უამრავი უფასო და ფასიანი კონტენტია. ბევრი უფასოს ყურების შემდეგ, ადამიანი თვითონ გადაწყვეტს, რომელში გადაიხადოს ფული და ისწავლოს უფრო საფუძვლიანად. თუ ყველაფერს სწორად გააკეთებ, მაშინ სტაბილური შემოსავალი გარანტირებულია.

როგორ მიდის პროდუქტი გამყიდველიდან მომხმარებლამდე?

პროდუქტი ერთიანად მიდის “ამაზონის” რომელიმე საწყობში (დასაწყისისთვის, 300-დან 1000 ერთეულამდე საკმარისია, როგორც წესი). ამის შემდეგ, ყველა ოპერაციას უზრუნველყოფს თვითონ “ამაზონი”, შენ მხოლოდ გაყიდვაზე ზრუნავ.

როგორ უნდა აუმაღლო მაღაზიას რეიტინგი?

“ამაზონზე” გაცილებით მნიშვნელოვანია კონკრეტული პროდუქტის რეიტინგი, ვიდრე მაღაზიის. ეს საქმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და კომპლექსური ნაწილია, რომელსაც მთლიანად აქ ვერ მოვიცავთ. პირველ რიგში, პროდუქტი მართლა ხარისხიანი უნდა იყოს (ფასის შესაბამისად) და ზუსტად იყოს გადმოცემული ფოტოებითა და ტექსტით, მომხმარებელს უნდა შეუქმნა ზუსტი წარმოდგენა რას მიიღებს. სანამ პროდუქტი ახალია, შეიძლება დააწერინო რამოდენიმე რევიუ მეგობრებს, ოღონდ ეს ძალიან ფრთხილად უნდა გაააკეთო, თორემ “ამაზონი” დაგბლოკავს.

ერთს დავამატებდი. საქართველოდან პროდუქციის ტრანსპორტირების უზრუნველყოფა უაღრესად რთულია, არ არსებობს არანაირი გამართული ინფრასტრუქტურა ამისთვის. ასევე, ხშირად წარმოების ფასიც უაზროდ გაბერილია და ბევრი რამის წარმოება შეუძლებელიც. ამიტომ ვურჩევდი ყველას, ნუ შეიზღუდავენ თავს, იფიქრონ წარმოების სხვა გზებზეც (ჩინეთი, თურქეთი, ინდოეთი..). მე პირადად, აქ ვაწარმოებ ჩემს პროდუქციას, რადგან ხისაა, მარტივია და ძალიან მსუბუქი, მაგრამ “ამაზონის” გამყიდველების აბსოლუტური უმრავლესობა აწარმოებს ჩინეთში.

მერაბ ნინიძემ Netflix-ის ახალ სერიალში ფროიდის მასწავლებლის როლი მოირგო

ყელზე მისამაგრებელი მოწყობილობა, რომელიც COVID-19-ის ადრეულ სიმპტომებს ამოიცნობს