ჭარბი წონის საწინააღმდეგო პრეპარატები ხშირ შემთხვევაში ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემებს იწვევს. ახლა კი, როგორც ირკვევა, დიაბეტისთვის განკუთვნილი წამალი, სემაგლუტიდი ეფექტურია სიმსუქნესთან საბრძოლველადაც.
ჩიკაგოს ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის მკვლევრები, კვლევის ფარგლებში 2000 მონაწილეს 68 კვირის განმავლობაში სემაგლუტიდს ან პლაცებოს აძლევდნენ. მათ, ვისაც პრეპარატი მისცეს, წონის საშუალოდ 15% დაიკლო, რაც დაახლოებით 2.4%-ით მეტია პლაცებოს ეფექტზე. საბოლოო ჯამში მონაწილეთა მესამედმა დაახლოებით 20% დაიკლო.
როგორც მკლევრები ამბობენ, მსგავსი შედეგი აღნიშნულ პრეპარატს ჭარბ წონასთან გამკლავების საუკეთესოდ ეფექტურ საშუალებად აქცევს. “ვფიქრობ, მას აქვს წონის დაკლების უზარმაზარი პოტენციალი” – ამბობს ექიმი კლიფორდ როზენი, მეინის სამედიცინო ცენტრის კვლევითი ინსტიტუტიდან.
გამომდინარე იქიდან, რომ მეცნიერები უკვე დიდი ხანია, ცდილობენ, ჭარბი წონის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარონ ადამიანებს, ქირურგიულ ჩარევასთან ერთად (ეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა) უკვე მრავალი პრეპარატი შეიქმნა, თუმცა ყოველ მათგანს გვერდითი მოვლენა აქვს, რაც სემაგლუტიდს საგრძნობ უპირატესობას ანიჭებს. ეს არის ბუნებაში არსებული ჰორმონის სინთეზური ვარიანტი, რომელიც თავის ტვინსა და ნაწლავში არსებული მადის ცენტრებზე მოქმედებს და “ნაყროვანების” გრძნობას წარმოქმნის.
ამ ეტაპისთვის უცნობია, როგორი გავლენა აქვს სემაგლუტიდს გრძელვადიან პერსპექტივაში და როგორც ამბობენ, შესაძლოა, მისი მუდმივი მოხმარება იქნას საჭირო, რასაც ერთ-ერთი მონაწილის შემთხვევა ადასტურებს – პრეპარატის მიღების დროს, მან საგრძობლად დაიკლო წონაში, ყოველგვარი გვერდითი მოვლენის გარეშე. ხოლო მას შემდეგ, რაც მისი მოხმარება შეწყვიტა, კვლავ ძველ წონას დაუბრუნდა.