საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრასთან“ თანამშრომლობით, რებრენდინგი განახორციელა, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა კომისიის ახალი ლოგო, სლოგანი და შემუშავდა საკომუნიკაციო სტრატეგია. რებრენდინგის დეტალებზე მარკეტერი „ჯეპრას“ უფროს კონსულტანტ გიგა ხარებავასა და სემეკის პრესსპიკერ ქეთი ბერიკაშვილს ესაუბრა. ასევე, გთავაზობთ სემეკის თავმჯდომარის, ირინა მილორავას კომენტარს:
ირინა მილორავა: „კომისიამ 2017 წელს, განახორციელა რებრენდინგი, რომელიც მოიცავდა მთლიანად ბრენდის პლატფორმის (მისია, ხედვა, ღირებულებები), ახალი ლოგოს, სლოგანისა და საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავებას. ახალი ლოგოსა და საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავებამდე მოხდა მომხმარებლების წარმოდგენების იდენტიფიკაცია სემეკზე, როგორც ორგანიზაციაზე, ასევე ტარიფის დადგენის, მომსახურების ხარისხის, ბაზრების მონიტორინგის ზოგადი პრინციპების შესახებ. გავეცანით, თუ როგორ აღიქვამენ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიები სემეკს, ორგანიზაციის თანამშრომლები საკუთარ ორგანიზაციას, როგორც ბრენდს. შევისწავლეთ როგორც მომხმარებლების, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვა დაინტერესებული მხარეების მოსაზრებები და სემეკთან ურთიერთობის პრაქტიკა, ასევე სხვადასხვა ქვეყნის მარეგულირებელი კომისიების გამოცდილება. მათი შეფასებების გათვალისწინებით, შემუშავდა კომისიის ახალი ლოგო, სლოგანი და საკომუნიკაციო სტრატეგია“.
M: რა გახდა სემეკის რებრენდინგის წინაპირობა?
გიგა ხარებავა: ყველა ორგანიზაციას, გარკვეული პერიოდის შემდეგ, სჭირდება საკუთარი საკომუნიკაციო აქტივობის შეჯამება, ანალიზი და საბოლოოდ, იმაზე ფიქრი, თუ რა უნდა შეცვალოს და ა.შ. სემეკის დღის წესრიგში დადგა, რომ ორგანიზაციის რებრენდინგი მომხდარიყო, შემუშავებულიყო ახალი საკომუნიკაციო სტრატეგია და თავიდან გაეაზრებინათ, რა სიახლეები სჭირდებოდათ კომუნიკაციაში იმისთვის, რომ ვრცელ აუდიტორიამდე მიეტანათ საკუთარი სათქმელი და ინფორმაცია.
ქეთი ბერიკაშვილი: რებრენდინგის წინაპირობა იყო ის, რომ 2014 წლიდან, კომისია აქტიურად ახორციელებს ისეთ პროექტებს, რომელიც ორიენტირებულია მომხმარებლის უფლებებზე ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული აქტივობები, ამ წლების განმავლობაში, მიმდინარეობდა, მაინც მივიჩნიეთ, რომ უფრო ეფექტური კომუნიკაცია იყო საჭირო ჩვენს აუდიტორიასთან.
M: რა ეტაპებისგან შედგებოდა საკომუნიკაციო სტრატეგიაზე მუშაობის პროცესი?
გიგა ხარებავა: პირველი იყო კვლევა, რომელიც მოიცავდა ბევრ კომპონენტს: ჩაღრმავებული ინტერვიუები, ფოკუს ჯგუფები, კაბინეტური კვლევა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო პრიორიტეტული ჯგუფების წარმომადგენლების შედეგები. აღმოჩნდა, რომ ამ ჯგუფების წევრების: პარტნიორი ორგანიზაციების, მედიის, სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლების, არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმირებულობის დონე იყო ძალიან მაღალი, ასევე, იყო ღირებულებითი თანხვედრაც. თუმცა, იყვნენ მომხარებლები, რომელთა ინფორმირებულობის დონე იყო, შედარებით, დაბალი როგორც საკუთრივ, სემეკზე, ასევე მთლიანობაში, დარგებზე, რასაც კომისია არეგულირებს. ეს, გარკვეულწილად, ბუნებრივია, რადგან რიგით მომხმარებელს ვერ მოვთხოვთ ბევრი ტექნიკური დეტალის ცოდნას, თუმცა სასურველია, ზოგადი წარმოდგენა მაინც ჰქონდეთ იმის თაობაზე, თუ რა არის საჭირო ამ სექტორების ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის.
ქეთი ბერიკაშვილი: დაახლოებით, 8 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა კვლევები. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, გაგვეთვალისწინებინა ნებისმიერი დაინტერესებული პირის, მოქალაქის, კომპანიისა თუ სახელმწიფო უწყების წარმომადგენლის აზრი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა ყოფილიყო როგორც ვიზუალური მხარე, ასევე, გაგვერკვია, რა ხარვეზები იყო ან რა მიმართულებით იყო გასააქტიურებელი კომისიის საქმიანობა, კომუნიკაციის თვალსაზრისით.
M: ლოგოტიპითა და სლოგანით როგორ გამოხატეთ კომპანიის საქმიანობა?
გიგა ხარებავა: ახალ ლოგოში გათვალისწინებულია 4 ფერი, რომელიც ასახავს კომისიის მიერ რეგულირებად სექტორებს: ელექტროენერგია, ბუნებრივი გაზი, წყალმომარაგება და ასევე, განახლებადი ენერგიები, რომელიც ლოგოში მწვანე ფერის საშუალებით არის ასახული.

ქეთი ბერიკაშვილი: ახალი სლოგანი „როცა ბალანსი დაცულია“ სრულად ასახავს ჩვენს საქმიანობასა და მიზანს. რაც შეეხება ლოგოში მწვანე ფერს, კომისიის მიზანია, ხელი შეუწყოს განახლებადი ენერგეტიკის ათვისებასა და განვითარებას.
2016 წელს, განახლებადი ენერგიების საყოფაცხოვრებო პირობებში გამოყენების თვალსაზრისით, შევიმუშავეთ გარკვეული ინოვაციური პროექტი – „ნეტო აღრიცხვის პროექტი“, რომელიც ნებისმიერ მოქალაქეს აძლევს შესაძლებლობას, სურვილის შემთხვევაში, საკუთრებაში ჰქონდეს განახლებადი ენერგია: მზის პანელები, ქარის ელექტროსადგურები ან მცირე ჰიდროსადგურები, მოიხმაროს გამომუშავებული ელექტროენერგია, ხოლო ჭარბად გამომუშავების შემთხვევაში, რასაც თვითონ არ მოიხმარს, მიაწოდოს გამანაწილებელ ქსელს. მაგალითად, თბილისის შემთხვევაში, გამანაწილებელი ქსელი არის „თელასი“, დანარჩენი რეგიონების შემთხვევაში – „ენერგო-პრო ჯორჯია“.












