თუკი ხარისხიანი აუდიო მოწყობილობების მოყვარული ხართ, ვიმედოვნებთ, გსმენიათ ამ გამორჩეულ გერმანულ ბრენდზე, რომელსაც მოსმენისას სრულიად სხვა სამყაროში გადაჰყავხართ. სანამ თქვენ დილის გემრიელ ყავას შეექცევით, ჩვენ Sennheiser-ზე გიამბობთ.
ბრენდის ისტორია 1945 წელს იწყება, როდესაც ფრიც ზენჰაიზერმა კომპანია დააარსა. მიუხედავად იმისა, რომ ეს საქმე ავტოფარეხში არ დაწყებულა, Sennheiser-ის ამბავი ბიზნესის კლასიკურ ზღაპარს ჰგავს. საწარმო, თავდაპირველად, ჰანოვერის მახლობლად მდებარე ფერმაში განთავსდა. კომპანიას Laboratorium Wennebostel (Lab W) ერქვა. საწყის ეტაპზე, ის საზომ ხელსაწყოებს ქმნიდა და Siemens-ს ამარაგებდა. ფერმა, სადაც ეს ყველაფერი დაიწყო, კვლავაც კომპანიის ბიზნესის მფლობელობაშია. ფრიც ზენჰაიზერმა მალევე დაინახა სწრაფად მზარდი შესაძლებლობები ბიზნესისთვის და ცოდნა და უნარები მიმართა საზომი მოწყობილობებისა და მიკროფონების მზარდი მოთხოვნის საპასუხოდ.
სახელდება Sennheiser გამოჩნდა 1958 წლიდან, ხოლო 1996 წლიდან მისი იურიდიული სახელწოდება Sennheiser electronic GmbH & Co. KG გახდა.
მაინც, როგორ აღმოჩნდა კომპანია აუდიო პროდუქტების წარმოებაში? 1945 წელს, Siemens-მა ზენჰაიზერის საწარმოს ავსტრიელი მიმწოდებლის მიკროფონის აღდგენა დაუკვეთა, რის შემდეგაც ეს პროდუქტი 1946 წელს, MD1 მოდელის სახელით გამოუშვეს. იმავე წელს, Sennheiser-მა საკუთარი მიკროფონის შემუშავებაზე დაიწყო მუშაობა და 1947-ისთვის MD2 შექმნა. დაახლოებით, ათი წლის შემდეგ, კომპანიამ პირველი shotgun ტიპის მიკროფონი გამოუშვა – MD 82. 60-იანების დასაწყისსში, ზენჰაიზერმა დაიწყო მუშაობა კონდენსატორული მიკროფონის ტექნოლოგიის შექმნაზე, რამაც ძალიან დიდი გამოხმაურება პოვა კინო და სატელევიზიო ინდუსტრიაში. იმ პერიოდში წარმოებული MD 421 დღემდე იწარმოება და პოპულარულია მომხმარებლებს შორის.
60-იანების ბოლოს, ბრენდმა open-back ტიპის ყურსასმენები HD 414 გამოუშვა, რომელიც სრული ზომის ყურსასმენებს შორის ყველა დროის ბესთსელერ პროდუქტად იქცა.
ბრენდის აუდიო ტექნოლოგია ეტაპობრივად იხვეწებოდა – MD 441 მოდელი მიკროფონის კლასიკად იქცა. კომპანიამ განავითარა სტერეო მიკროფონის ტექნოლოგია. 70-იანების ბოლოს, Microport -ის პირველი მრავალარხიანი მიმღები გამოუშვა და კომპანდერის სისტემა განავითარა, რამაც უკაბელო მიკროფონის ტექნოლოგიურ წინსვლას დაუდო სათავე.
ათწლეულების განმავლობაში, ბრენდმა შვილობილი კომპანიები განავითარა. 80-იანი წლების ბოლოს, მაღალი კლასის ყურსასმენები გამოუშვა, რამაც განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. კომპანია არ ჩერდებოდა, ის ცდილობდა კიდევ უფრო მეტად დაეხვეწა საკუთარი პროდუქტები, რამაც ინდუსტრიაში ტოპ-პოზიციების დაკავების შესაძლებლობა მისცა. დღესდღეობით, მისი პროდუქციის მრავალფეროვანი ასორტიმენტი ხარისხის ეტალონია და მომხმარებელმა კარგად იცის, თუკი მაღალი კლასის აუდიო მოწყობილობას ეძებს, Sennheiser-ის პროდუქტებს შორის აუცილებლად იპოვის.
რუბრიკის „ყავასთან საკითხავი“ წარმდგენია Dunkin’.