ჰაპტიკური ხელთათმანები უკვე წლებია, არსებობს და იგი ვირტუალურ რეალობაში ობიექტების შეგრძნების საშუალებას გვაძლევს. თუმცა მსგავსი აქსესუარები ხშირად გამოსაყენებლად საკმაოდ რთულია … ახლა კი ექსპერტებმა ჰაპტიკური ხელთათმანები გამოცადეს, სახელწოდებით SenseGlove Nova. მისი გამოყენება ბევრად მარტივია — დაკავშირება მხოლოდ სათვალეებთან სჭირდება, უკაბელოა და დიდ დროსაც არ მოითხოვს. მეტიც, გვეუბნებიან, რომ ახალი ჰაპტიკური ხელთათმანები ვირტუალური რეალობის სამყაროს დადებითად შეცვლის.

რა არის ჰაპტიკური ხელთათმანები?
ჰაპტიკური ტექნოლოგია შეხების შეგრძნებას ავითარებს, თქვენ იგი გამოცდილიც კი გაქვთ, რადგან ჩვენს ტელეფონებსა თუ სათამაშო კონსოლებში უკვე ჩაშენებულია. ახლა კი SenseGlove Nova არის ის, რაც ვირტუალურ რეალობაში ობიექტებისა და გარემოს შეგრძნების საშუალებას მოგვცემს. ხელთათმანი სპეციალურ ტექნიკას იყენებს და ცდილობს გადმოგცეთ ის, რასაც ობიექტის ხელში დაჭერისას გრძნობთ. მაგალითად, როგორ იღებთ ჩოგბურთის ბურთს და რა შეგრძნებები ვითარდება ამ დროს თქვენს ხელში… დიახ, გამოდის, იგი რეალური ცხოვრების შეგრძნებებს ვირტუალურ სამყაროში გადმოგვცემს. ხოლო ხელზე ძირითადი ვიბრაციის გამეორების გარდა, მომავალში ღილაკების შეგრძნებასაც გვპირდებიან.

რისთვის შეგვიძლია ჰაპტიკური ხელთათმანების გამოყენება?
თუ ექსპერტებს დავუჯერებთ, SenseGlove Nova-ს გამოყენება ადამიანების დატრენინგებაში დაგვეხმარება… მაგალითად, ვასწავლით როგორ გაუმკლავდნენ ბუნებრივ კატასტროფებს ან თუნდაც, სამედიცინო პროცედურებს. შესაძლოა, ეს დიზაინერებსა და ინჟინრებსაც გამოადგეთ — მათ საკუთარი იდეების გამოცდა ვირტუალურ სამყაროში შეეძლებათ.
მართალია, ჯერ სახლში ვერ გამოვიყენებთ, მაგრამ მაშინ, როცა მარკ ზაკერბერგი მეტავერსზე საუბრობს, სადაც ცხოვრება, მუშაობა, კონცერტებზე დასწრება, თამაშისა თუ ნებისმიერი აქტივობის განხორციელება შეგვეძლება, ჩვენთვის SenseGlove Nova და კონკრეტული შეგრძნებების მიღება აუცილებელი გახდება…

















