in

ინსპირაცია საქართველოდან და Senself მსოფლიო ბაზარზე

რამდენი უნიკალური მცენარეა საქართველოში, რომელიც თავის მოვლის საშუალებებში შეუცვლელი ინგრედიენტი იქნებოდა და რა ნაკლებად იცნობენ საქართველოს საერთაშორისო ბაზარზე ამ მიმართულებით” – ამ თემაზე საუბრობდა 2 წლის წინ კოსმეტიკური საშუალებებით გატაცებული ორი მეგობარი, როდესაც მათი ინტერესის სფერო უბრალო საუბრის ფორმატს გასცდა და ჭინჭრისა და მრავალძარღვას სარგებლიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის გადამოწმება მე-15 საუკუნით დათარიღებულ “კარაბადინში” გადაწყვიტეს. თუკი, 2 წლის წინ ვერ წარმოიდგენდნენ, ანი ფხაკაძე და გვანცა სალაყაია დღეს უკვე ბიზნესპარტნიორები არიან და მას, რაზეც ბოლო პერიოდია აქტიურად მუშაობენ, მსოფლიოს Senself-ის სახელით აცნობენ. თავის მოვლის უნიკალურ საშუალებაზე და მეგობრების ახალ ბრენდზე marketer.ge ანი ფხაკაძეს ესაუბრა:

საიდან გაჩნდა ინტერესი სილამაზის ინდუსტრიაში ბიზნესსაქმიანობა დაგეწყოთ?

საქართველო ცნობილია საერთაშორისო ბაზარზე მოდით, ღვინით, კულინარიით, თუმცა – ნაკლებად, თავის მოვლის საშუალებებით. ჭინჭარი, მრავალძარღვა, ის მცენარეებია, რომელთა შესახებაც საქართველოდან ვიცოდით. მართალია, მათ აქტიურად იყენებენ თავის მოვლის საშუალებებში, თუმცა მთავარ ინგრედიენტებად – ნაკლებად, მხოლოდ დამატებით კომპონენტებად, რადგან მათ შესახებ სამეცნიერო კვლევები ამ მიმართულებით თითქმის არ არსებობდა. სამკურნალო მცენარეებში მათ შესახებ ბევრი საინტერესო ფაქტი ამოვიკითხეთ და გვსურდა კვლევებით დაგვედასტურებინა ჩვენ მიერ მოძიებული ინფორმაცია. სწორედ ამიტომ, ვიდრე ამ მიმართულებით ბიზნესსაქმიანობაზე ვიფიქრებდით, მცენარეებზე კვლევა ნიუ-იორკის ერთ-ერთ წამყვან კორეულ ლაბორატორიას დავუკვეთეთ.

კვლევებმა დიდხანს გასტანა და გასაოცარი შედეგი აჩვენა. ამის შემდეგ დავაფუძნეთ კომპანია ამერიკაში და გადავწყვიტეთ ამ მიმართულებით სერიოზულად გვემუშავა.

სად მზადდება პროდუქცია და ვისთვის არის Senself?

ახლა აქ, ნიუ-იორკში ვიმყოფები, სწორედ აქ – ლაბორატორიაში მზადდება Senself-ის პროდუქცია. ამ ეტაპზე გვაქვს შრატი და დამატენიანებელი, რომელიც განსაკუთრებით ეფექტურია პრობლემური და აკნესკენ მიდრეკილი კანის შემთხვევაში. საოცრად პოზიტიური გამომხმაურება გვაქვს იმ ადამიანებისგან, ვინც უკვე გამოიყენა Senself. თვითონ მეც და გვანცაც, ყოველთვის ვირჩევდით ხარისხიან თავის მოვლის საშუალებებს

გვსურდა ჩვენ მიერ შექმნილი პროდუქტი იდეალური ყოფილიყო და პირველ რიგში ჩვენ თავად მოგვწონებოდა.

როდესაც ვქმნიდით პროდუქციას – ხარისხი იყო უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. თუმცა მიუხედავად ამისა, არ გვსურს ლიმიტირებულად ვინმესთვის იყოს Senself. გვინდა, რომ ის მასობრივ პროდუქტად ვაქციოთ და ყველას მიუწვდებოდეს ხელი, ვისაც კარგი პროდუქცია სურს. სწორედ ამიტომ ღირს 58 $ და 54 $. და თუ გავითვალისწინებთ, ხარისხის ფორმულას და შუშის შეფუთვას, ეს ფასი მართლაც ძალიან კარგია.

როგორც ბიზნესი – რა წარმატებას ელით Senself-სგან?

სილამაზის ინდუსტრიაში დომინანტი კომპანიები უზარმაზარ მარჟაზე მუშაობენ. ჩვენთვის, სტარტაპ ბრენდისთვის, ბუნებრივია უფრო რთულია, თავის დამკვიდრება. ჩვენი მთავარი მოტივაციაა პირველ ეტაპზე ყველამ გასინჯოს პროდუქტი და თავად დარწმუნდეს მის ხარისხში.

ახლა ამ ყველაფერს ვუყურებთ, როგორც Passion project-ს.

თუმცა, არიან ნიშური და სახასიათო ტიპის ბრენდები, რომელთაც გვინდა ახლო მომავალში კონკურენცია გავუწიოთ. ამერიკაში ძირითადი მოთხოვნა ამ ეტაპზე Indie brand-ებზეა, რომლებიც ხარისხზე არიან ორიენტირებულნი უმეტესად. არ იყენებენ საზიანო ინგრედიენტებს და ისეთ ფაქტორებს ითვალისწინებენ, რასაც დიდი ბრენდები არ აქცევენ ყურადღებას, რადგან მათთვის მთავარი მასობრივი გაყიდვებია.

ვინ იმუშავა ბრენდინგზე?

დღემდე ძალიან ბევრი ადამიანი გვეკითხება, ვინ იმუშავა სახელზე, ბრენდის ესთეტიკაზე?! ძალიან გვეამაყება, რომ ყველაფერი ჩვენი გაკეთებულია. კარანტინის პერიოდიც ძალიან დაგვეხმარა ამ ყველაფერში. ვებ-გვერდიც კი ჩვენი გემოვნებით ავაგეთ ნულიდან.

მგონია, რომ ჩვენს პროდუქტებს ამ ეტაპზე კარგი ბალანსი აქვთ ნაპოვნი – ხშირ შემთხვევაში, ზედმეტად სუფთა პროდუქტები ისეთ შედეგს ვერ დებს ხოლმე, რომ ეს შესამჩნევი იყოს მომხმარებლისთვის. Senself-ის შემთხვევაში პროდუქტი შეიცავს ისეთ დაპატენტებულ ინგრედიენტებს, რომელიც საშუალოდ 6 წლამდე აახალგაზრდავებს კანს. ამას ადასტურებს კლინიკური კვლევები, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ვატარებდით. ესეთი ეფექტურობა იმის პარალელურად, რომ პროდუქტი არის სუფთა, ჩვენთვის ძალიან საამაყოა. გვინდა ახალი პროდუქტებიც, ამ ბალანსის დაცვით შევქმნათ.

სად იყიდება Senself ?

ამ ეტაპზე ონლაინ იყიდება senself, ამერიკაში ჩვენი ვებ-გვერდიდან. საქართველოში კი, კომპანიის სოციალურ გვერდებზე: ფეისბუქი და ინსტაგრამი.

აი, ასეთი იყო შარქ თენქ საქართველოს პირველი სეზონი…

Opera-მ “კრიპტო ბრაუზერი” შექმნა!