in

ნიუ-იორკიდან ქართულ AI ეკოსისტემამდე – ახალგაზრდა ქართველი დეველოპერის ხედვა

Startauperi
Startauperi

ტექნოლოგიების სწრაფად განვითარებად სამყაროში, სადაც ხელოვნური ინტელექტი ყოველდღიურად ცვლის თამაშის წესებს, სულ უფრო აქტუალური ხდება კითხვა – როგორ შეიძლება ამ ცვლილებების ინტეგრირება ადგილობრივ ბაზრებზე. საქართველოში ეს პროცესი ჯერ კიდევ ფორმირების ეტაპზეა, თუმცა უკვე ჩნდებიან მოთამაშეები, რომლებიც ცდილობენ შექმნან პრაქტიკული, მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქტები და AI ყოველდღიური გამოყენების სტანდარტულ ინსტრუმენტად აქციონ.

ამის მაგალითია Sentra Holdings – სტარტაპი, რომელიც ცდილობს შექმნას ერთიანი AI-ეკოსისტემა და დააკავშიროს სხვადასხვა ციფრული პროდუქტი. მისი დამფუძნებელი 21 წლის ლუკა რამიშვილია, რომელიც საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით აშენებს სისტემურ მიდგომას. ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, მან უკვე მოასწრო ისეთ საერთაშორისო გიგანტებთან თანამშრომლობა, როგორიცაა, მაგალითად, Google.

როგორც ლუკა გვიყვება, მისი იდეების ფორმირება ნამდვილი ამერიკული სტარტაპის მსგავსად, „ავტოფარეხში” დაიწყო, თუმცა წინ უფრო ამბიციური გეგმებია. 

ამ თემებზე უფრო დეტალურად თავად ლუკა რამიშვილი, ახალგაზრდა დეველოპერი გვესაუბრება:

M: როგორ დაიწყო თქვენი გზა და როგორ ჩამოყალიბდა Sentra Holdings?

ჩემი გზა არ ყოფილა სტანდარტული – დავიწყე ძალიან მცირე რესურსებით, დამოუკიდებლად და ეტაპობრივად გადავედი უფრო მასშტაბურ პროექტებზე. ყველაფერი დაიწყო ნიუ-იორკში, სადაც ვმუშაობდი სხვადასხვა ციფრულ პროდუქტზე და ახლოდან ვაკვირდებოდი AI-ს სწრაფ განვითარებას. სწორედ მაშინ გამიჩნდა კითხვა: „რატომ არ არსებობდა მსგავსი პრაქტიკული AI-პროდუქტები ქართულ ბაზარზე?”

პირველი ნაბიჯები ექსპერიმენტული იყო: ვტესტავდით იდეებს, ვქმნიდით პროტოტიპებს. შემდეგ ეს პროცესი უფრო სტრუქტურირებული გახდა და ასე ჩამოყალიბდა Sentra Holdings, რომელიც დღეს უკვე საერთაშორისო სტარტაპის ფორმატში ვითარდება, თუმცა აქტიურად არის ფოკუსირებული საქართველოზეც.

M: რა არის Sentra Holdings-ის მთავარი იდეა?

Sentra Holdings-ის იდეა არის ერთიანი AI-ეკოსისტემის შექმნა, სადაც სხვადასხვა პროდუქტი ერთმანეთთან არის დაკავშირებული და პრაქტიკულად გამოიყენება. ჩვენი მიზანია, ტექნოლოგია გავხადოთ უფრო ხელმისაწვდომი – როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე ბიზნესებისთვის, განსაკუთრებით ადგილობრივ ბაზარზე.

ჩვენი ერთი პროდუქტი – SentraTalks.ge არის AI ჩატპლატფორმა, რომელიც მორგებულია ქართულ ენასა და მომხმარებელზე. მის უკან დგას Sentra LLL, ჩვენი მოდელი, რომელიც გაწვრთნილია 45,000-ზე მეტ ქართულ წიგნზე. ეს გვაძლევს შესაძლებლობას შევქმნათ უფრო ზუსტი, ბუნებრივი და კონტექსტური კომუნიკაცია.

ჩვენი მთავარი მიზანი იყო შეგვექმნა AI, რომელსაც რეალურად „ესმის“ მომხმარებლის და მხოლოდ ავტომატური პასუხებით არ შემოიფარგლება.

SentraWebs.ge-ში კი ვამარტივებთ ვებსაიტების შექმნის პროცესს. დროისა და რესურსების უქონლობის გამო დღესაც ბევრ ბიზნესს უჭირს ვებში ყოფნა. ჩვენი პლატფორმა მათ აძლევს საშუალებას, სწრაფად და მარტივად შექმნან თანამედროვე ვებსაიტი AI-ს დახმარებით, კოდის გარეშე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. 

M: რით განსხვავდება თქვენი მიდგომა სხვა no-code პლატფორმებისგან?

“No-code” პლატფორმები ბევრია, თუმცა ხშირად ისინი მაინც მოითხოვს ტექნიკურ ჩართულობას. ჩვენი მიდგომა განსხვავებულია, ვცდილობთ, რომ AI იყოს აქტიური მონაწილე პროცესში. მომხმარებელი აძლევს მიმართულებას, ხოლო სისტემა თავად ქმნის შედეგს. ეს ამცირებს დროს და ამარტივებს პროცესს, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ტექნიკური გამოცდილება არ აქვს.

ამ შემთხვევაში, მომხმარებლისთვის მთავარი ღირებულება არის სიმარტივე. თუ ტექნოლოგია რთულია, ის არ გამოიყენება. ამიტომ ვცდილობთ, რომ ჩვენი პროდუქტები იყოს მარტივი, გასაგები და პირდაპირ გამოსაყენებელი.

M: როგორია AI-ს მიმართ ინტერესი საქართველოში და ხედავთ თუ არა პოტენციალს რეგიონში?

საქართველოში AI-ს მიმართ ინტერესი სწრაფად იზრდება. მეტ ადამიანსა და ბიზნესს უჩნდება სურვილი გამოიყენოს ეს ტექნოლოგია, რაც ქმნის კარგ საფუძველს ბაზრის განვითარებისთვის.

რეგიონში ნამდვილად არის პოტენციალი ტექნოლოგიური პროდუქტების განვითარებისათვის. თუ ფოკუსი იქნება ხარისხსა და სწორ მიდგომაზე, ქართულ პროდუქტებსაც ექნებათ შესაძლებლობა გავიდნენ საერთაშორისო ბაზარზე.

M: გაგვიზიარეთ თქვენი სამომავლო გეგმები…

ვინაიდან მომდევნო წლებში AI კიდევ უფრო ინტეგრირდება ყოველდღიურ პროცესებში, ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ ამ პროცესის აქტიური ნაწილი – შევქმნათ პროდუქტები, რომლებიც რეალურად დაეხმარება ადამიანებს და ბიზნესებს განვითარებაში. 

ასევე, ჩვენი ფოკუსი არის ლოკალური ბაზარი: ენა, მომხმარებლის ქცევა და ბიზნესის საჭიროებები, რაც გვაძლევს საშუალებას, პროდუქტები უფრო პრაქტიკული და ადაპტირებული იყოს.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

როგორ მოვამზადოთ ხელმძღვანელი გუნდი AI-სთან ადაპტაციისთვის

რა რეალური შანსები აქვს კვარას „ოქროს ბურთზე“ – კვარას მაგია