უსაფრთხო და ღირსეული სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა უმნიშვნელოვანესია როგორც თანამშრომელთა კეთილდღეობისთვის, ისე მათი პროდუქტიულობისა და განვითარებისთვის. ინკლუზიური და თანასწორობის პრინციპებზე დაფუძნებული ორგანიზაციული კულტურა აძლიერებს თანამშრომელთა ნდობას და ქმნის პირობებს მათი პროფესიული პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის.
კომპანიები, რომლებიც აქტიურად იღებენ ზომებს სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ, უფრო მიმზიდველნი ხდებიან როგორც თანამშრომლებისთვის, ისე მომხმარებლებისთვის, ინვესტორებისა თუ პარტნიორებისთვის.
ამ მნიშვნელოვან და დროულ თემაზე ყურადღების გამახვილების მიზნით,სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის ჩატარდა ცნობიერების ამაღლების ტრენინგი თემაზე: „სექსუალური შევიწროების პრევენცია და მისგან დაცვის სამართლებრივი მექანიზმები“.
ღონისძიება ორგანიზებული იყო საქართველოს ტურიზმისა და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციების, გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის „VET in Georgia’s Growth Sectors“ მხარდაჭერით და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით.
ტრენინგის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სექსუალური შევიწროების არსის, მისი ფორმებისა და საქართველოს სამართლებრივი ჩარჩოს მიმოხილვას. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ასევე პრევენციისა და რეაგირების პრაქტიკულ მექანიზმებზე, დამსაქმებელთა პასუხისმგებლობაზე და ეფექტიანი შიდა პოლიტიკის შემუშავების გზებზე. განხილულ იქნა სექსუალური შევიწროების ზეგავლენა როგორც ინდივიდუალურ დონეზე, ისე ორგანიზაციებზე.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა მონაწილეებს გააცნო კერძო სექტორის მხარდაჭერის რესურსები, ქალთა გაძლიერების პრინციპების (WEPs) პლატფორმის ფარგლებში, მათ შორის, სხვადასხვა ტრენინგებში მონაწილეობისა და სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ შესაბამისი პოლიტიკის დანერგვის შესაძლებლობები.
ტრენინგის შედეგად მიღებული ცოდნა მონაწილეებს მისცემს შესაძლებლობას, თავიანთ სამუშაო სივრცეებში შექმნან და განამტკიცონ უსაფრთხო, პატივისცემაზე დაფუძნებული და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული გარემო.
[პარტნიორის კონტენტი]