26
Mar
2019

სერგო ქობულაძე – სტალინის მიერ დაწუნებული მხატვარი

26 Mar 2019

დღეს ბევრისთვის უცნობი, მაგრამ ხელოვნების მოყვარულთა პატარა წრეში კარგად ცნობილი ქართველი მხატვარი, გრაფიკოსი, ფერმწერი და თეატრის მხატვარი სერგო ქობულაძე დაიბადა 1909 წელს ქალაქ ახალციხეში.

მისი ბავშობიდანვე მხატვრობით დაინტერესება არც თუ ისე რთული წარმოსადგენია. მან პატარაობიდანვე გამოავლინა ხატვის ნიჭი და მშობლებმა ხელოვნების საშუალო სკოლაში შეიყვანეს. 1925 წელს სკოლის დამთავრების შემდეგ, მან ჩააბარა თბილისის სამხატვრო აკადემიაში ფერწერის ფაკულტეტზე. 1938 წლიდან მუშაობდა სამხატვრო აკადემიაში. 1952-59 წლებში გვევლინება რექტორად , ხოლო 1957 წელს კი პროფესორად. ს. ქობულაძე იყო შემოქმედებითად ძალიან აქტიური ხელოვანი. 1930 წლიდან ის ხშირად იღებს გამოფენებში მონაწილეობას. სცდება საზღვრებს და მისი ნამუშევრების ხილვის ბედნიერება 1956 წელს ვენეციაში, 1957 წელს კი ლონდონშიც აქვთ.

1958 წელს ხდება საქართველოს სახალხო მხატვარი და სსრკ, სამხატვრო აკადემიის კორესპონდენტი. სერგო ქობულაძე 1972 წელს გადაწყვეტს, დაარსოს „გრაფიკის შემოქმედებითი სახელოსნო“, ამავე წელს კი, მისი ინიციატივით იქმნება ,,ძეგლთა ფიქსაციის ლაბორატორია’’, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს და გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების კვლევითი ცენტრის ნაწილია. მისთვის მნიშვნელოვანი იყო, ახალგაზრდებისთვის მიეცა ხარისხიანი განათლება. ძალიან უყვარდა თავისი სტუდენტები და ცდილობდა, მათზე ეზრუნა.

სერგო ქობულაძეს გამორჩეულად უყვარდა იტალიური რენესანსის ეპოქა და ასევე დაინტერესებული იყო ძველი ქართული ხელოვნების ძეგლებით. მის შემოქმედებაში დიდი ადგილი უკავია „ვეფხისტყაოსანსა’’ და ,,შექსპირს’’. ნამდვილად გამორჩეული და დასამახსოვრებელია მისი ილუსტრაციები, რომლებიც დამთვალიერებლის თვალწინ იწყებენ გაცოცხლებას.
მხატვრის ,,ვეფხისტყაოსნის’’ ილუსტრაციების ისტორია 1934 წელს იწყება.

p1040148

იმის მიუხედავად, რომ მას არ ხიბლავდა კონკურსები და არ უყვარდა, როცა დროში ზღუდავდნენ, რადგან მისთვის არასდროს იყო დრო საკმარისი, მაინც იღებს მონაწილეობას შოთა რუსთაველის იუბილესადმი მიძღვნილ კონკურსში და ქმნის თორმეტ ილუსტრაციას. პოემის მის მიერ დახატული გმირები ძლიერი, კეთილი და სულიერად ამაღლებული ადამიანები არიან.
1934-35 წლებში, სერგო ქობულაძე იწყებს შექსპირის პიესების დასურათებას და ქმნის ოთხ ილუსტრაციას: ,,მაკბეტი’’ , ,, მეფე ლირი’’, ,, რიჩარდ III‘’ და ,,ანტონიუსი და კლეოპატრა’’. სერგო ქობულაძეს ჰქონდა უნარი, ზედმიწევნით გადმოეცა გმირების სიღრმისეული ხასიათი და ტრაგიზმი, რომელიც შექსპირის პიესებს ახლავს თან.

მხატვარს რთულ პერიოდში, ცენზურის ქვეშ მოუწია მოღვაწეობა. ხელოვნების სფერო სხვა დანარჩენის მსგავსად მკაცრად კონტროლდებოდა საბჭოთა ხელისუფლების მიერ. მისი და სტალინის შეხვედრა ამ კონკურსის დროს მოხდა. სტალინმა მოისურვა პირადად ენახა მის მიერ შექმნილი ილუსტრაციები. ერთ-ერთი ილუსტრაცია ‘’ავთანდილის და ტარიელის ‘’ შეხვედრა სტალინს არ მოეწონა და მისი ამოღება ითხოვა. ქობულაძის ილუსტრაცია ჩაანაცვლეს მიხაი ზიჩის ილუსტრაციით. როგორც ცნობილია, სტალინს მიხაი ზიჩის ილუსტრაციები ძალიან მოსწონდა. სეგო ქობულაძის ილუსტრაციები კი მისგან განსხვავდებოდა და იმდენად ოპტიმისტური არ იყო, როგორიც ზიჩის. სტალინის ჩარევაც არ იყო მოულოდნელი, რადგანაც მას სჩვეოდა დაერედაქტირებინა ყველაფერი, რაც არ მოეწონებოდა.

ქობულაძეს განსაკუთრებული სიყვარული აკავშირებდა თეატრთან. 1932 წლიდან, სწავლის დასრულებისთანავე, ის აქტიურად იწყებს მუშაობას თეატრში. ის თანამშრომლობდა შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტისა და მოსკოვის დიდ თეატრებთან. მის ნამუშევრებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია ლეგენდარულ ფარდას, რომელიც თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და თეატრს ამშვენებდა. მასში მხატვარმა დიდი ენერგია ჩადო. ქობულაძეს ბევრი ღამე გაუთენებია იმაზე ფიქრში, თუ როგორი უნდა ყოფილიყო მისი საბოლოო სახე. 1961 წლის 10 მაისს ფარდა თეატრში დაეშვა. დამსწრე საზოგადოება მას მონუსხული უყურებდა და ხმას ვერ იღებდა. ქობულაძის მიერ შექმნილმა ფარდამ მხოლოდ ცამეტი წელი იარსება, 1973 წლის 3 მაისს ოპერაში გაჩენილმა ხანძარმა მხატვრის თავდაუზოგავი შრომისა და ბევრი უძილო ღამის შედეგი ერთ ღამეში გაანადგურა. ფარდის გადარჩენილი პატარა ფრაგმენტი ამჟამად ოპერისა და ბალეტის თეატრის მუზეუმში ინახება.

საბედნიეროდ, საქართველოს ჰყავდა სერგო ქობულაძის მსგავსი დიდი მხატვრები და სამწუხაროა, რომ დღეს მის შესახებ არც ისე ბევრმა ადამიანმა იცის. რთულია, ისაუბრო მის შემოქმედებაზე ემოციების გარეშე. მისი ილუსტრაციებისა და ნახატების თვალიერების დროს ხვდები, რომ მოხვდი ერთ დიდ დღესასწაულზე, რომელიც სავსეა ლამაზი ფეივერკებით.

ავტორი: მარიამ ნაცვლიშვილი

განხილვა