in

სერგო ფარაჯანოვის უკვდავი შემოქმედება

18 მარტს „ბროწეულის ფერის“ ქორეოგრაფიული სპექტაკლი გაიმართება

თიბისის მხარდაჭერით, 18 მარტს რუსთაველის თეატრში სერგო ფარაჯანოვის საკულტო ფილმის — „ბროწეულის ფერის“ ქორეოგრაფიული სპექტაკლი გაიმართება. ის აერთიანებს ჰიპ-ჰოპსა და ტრადიციულ კავკასიურ ბგერებს, ხალხურ და ელექტრონულ მუსიკას, რომელიც სერგო ფარაჯანოვის მხატვრულ მემკვიდრეობას ახალ პოეტურ შუქს სძენს.

სპექტაკლი ლეგენდარული კინორეჟისორის, სერგო ფარაჯანოვის ასი წლის იუბილეს ეძღვნება. სპექტაკლის სამხატვრო ხელმძღვანელი ფრანგი ქორეოგრაფი მურად მერზუკია, ორიგინალური იდეის ავტორი კი სატე ხაჩატრიანი, ფრანგული თეატრალური ჯგუფის „Saté-âtre“ დირექტორი.

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ბმულზე.

თუმცა ვიდრე ამ ქორეოგრაფიულ დადგმას ეწვევით, თავად უდიდეს შემოქმედზე, ფარაჯანოვსა და მის ნამუშევრებზე უნდა ვისაუბროთ.

კადრი ფილმიდან „ბროწეულის ფერი“

კინოს ჯადოქარი

რეჟისორი და სცენარისტი სერგო ფარაჯანოვი კინემატოგრაფიის ერთ-ერთი უდიდესი ხელოვანია, რომელმაც სრულიად უნიკალური ხედვა გააცოცხლა. 1924 წელს დაბადებულმა ფარაჯანოვმა მთელი მოღვაწეობის განმავლობაში ყველასაგან განსხვავებული, გამორჩეული ნამუშევრები შექმნა.

„კინოს ტაძარი სურათ-ხატებით, განათებითა და სინამდვილით იგება. სერგო ფარაჯანოვი ამ ტაძრის ქურუმი იყო“, — ასე ახასიათებდა ფრანგული ახალი ტალღის უდიდესი რეჟისორი ჟან-ლუკ გოდარი ფარაჯანოვს.

ყველაფერი კინოში არსებული წესების დარღვევით დაიწყო, რადგან ფარაჯანოვისთვის სტანდარტული სიუჟეტის თხრობითობა საკმარისი არ აღმოჩნდა. „მინდოდა, შემექმნა შიდა დინამიკა, რომელიც სურათიდან, ფორმებიდან და ფერთა დრამატურგიიდან მოდის“, — ასე მივიდა კინემატოგრაფიამდე, სადაც ესთეტიკური კადრებით, ფერთა საოცარი შეხამებებითა და მეტყველებით კინოში ცოცხლდება ავტორის ბავშვობისდროინდელი მოგონებები, აწმყო ტკივილი თუ სიყვარული.

სერგო ფარაჯანოვი

ფილმებში დროისადმი თავისებურმა მიდგომამ ერთგვარი მითოლოგიური ქრონოლოგიის სახეც მიიღო, ვინაიდან ფარაჯანოვს სულ არ ადარდებდა კონკრეტული დრო და ეპოქა. უბრალოდ საკუთარ ფანტაზიებს ასხამდა ხორცს, აკეთებდა იმას, რაც სიუჟეტისთვის სჭირდებოდა. სწორედ ამან იმოქმედა იმაზეც, რომ „დროისა და სივრცის“ გარღვევა შეძლო — მისი ნამუშევრების ყურებისას ვერავინ ხვდება, როდისაა ფილმი გადაღებული ან რომელი ეპოქის გამოძახილია. თითოეული მათგანი ცალსახა შემოქმედებაა, ყოველგვარი ფაქტობრივი მოცემულობისგან თავისუფალი.

რა თქმა უნდა, ამგვარი მიდგომა იმდროინდელი საბჭოთა ხელისუფლებისთვის მიუღებელი იყო — მუშაობის არატრადიციული ხასიათისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებული სოციალისტური რეალიზმის ესთეტიკის დაცვაზე უარის თქმის გამო, ფარაჯანოვი არაერთხელ გამხდარა საბჭოთა სისტემის მსხვერპლი… არადა, სრულიად წარმოუდგენელი იქნებოდა ამ უდიდესი ხელოვანის ასეთ მწირ ჩარჩოებში მოქცევა, ვინაიდან თავის კინემატოგრაფიულ ნამუშევრებში ხშირად აერთიანებდა ხალხური ხელოვნების, სიურრეალიზმისა და სიმბოლიზმის ელემენტებს.

ფარაჯანოვის ნამუშევრები

ალბათ, საკმაოდ რთულია ასეთი დიდებული ხელოვანის შემოქმედებიდან რამდენიმე ნამუშევრის ამორჩევა. უბრალოდ, კინემატოგრაფები და ხელოვანები განსაკუთრებულ ოთხეულს გამოყოფენ ხოლმე: „მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები“, „ბროწეულის ფერი“, „ამბავი სურამის ციხისა“, „აშუღ-ქერიბი“.

მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კინოში მისებრი იდეების ადგილი ნაკლებად მოიძებნებოდა და რეჟიმისთვის სახიფათოდაც მიიჩნეოდა, ამას ხელი არ შეუშლია შთამბეჭდავი ფილმების შექმნისთვის. მაგალითად, ფარაჯანოვის ერთ-ერთი შედევრია ზემოხსენებული, 1964 წელს გადაღებული „მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები“, რომელმაც რეჟისორს უამრავი საერთაშორისო ჯილდო და მსოფლიო აღიარება მოუტანა. უბრალოდ, საბჭოთა კავშირში ფილმი გამოსვლისთანავე შავი სიის მსხვერპლად იქცა — თავად ფარაჯანოვი კი არაერთხელ მოხვდა ციხის გისოსებს მიღმა.

„მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები“ უკრაინელი მწერლის, მიხაილო კოციუბინსკის ამავე სახელწოდების ნოველაზეა დაფუძნებული. უშუალოდ ფილმი ორი ახალგაზრდას ტრაგიკული სიყვარულის შესახებ მოგვითხრობს, როდესაც გრძნობას ოჯახებს შორის არსებული დაპირისპირება, ცრურწმენები და მკაცრი რეალობა აფერხებს. აქ ყველაფერს პოეტურობა და ვიზუალურად განსაცვიფრებელი კინემატოგრაფია გასდევს — გამოყენებულია ცოცხალი ფერები, სიმბოლური გამოსახულებები და ე. წ. „თვალთვალის ტექნიკა“, რათა ვიზუალურადაც შთამბეჭდავი და ემოციურად რეზონანსული ფილმი შეექმნა.

კადრი ფილმიდან „მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები“

„სერგო დაიჭირეს იმიტომ, რომ იმ ჩარჩოებს, რომელიც მაშინდელი ხელისუფლების მიერ იყო დაწესებული, თავისი ხელოვნებით ამსხვრევდა“, — ამბობდა ასევე დიდებული ქართველი რეჟისორი ელდარ შენგელაია.

ეს ეპოქალური ტყვეობა დიდ მარწუხებად იქცა ხელოვანისთვის, რადგან საბჭოთა რეჟიმი პერიოდულად სვამდა ციხეში. არც ფილმების გადაღების საშუალებას აძლევდნენ, მის იდეებს ყველგან ბლოკავდნენ, თუმცა მაინც ახერხებდა თავის დაღწევას და მოღვაწეობას.

კადრი ფილმიდან „ბროწეულის ფერი“

უკვე 1969-ში გადაიღო „საიათნოვა“, რომელსაც მოგვიანებით სახელი შეეცვალა და „ბროწეულის ფერი“ დაერქვა. სიუჟეტი თბილისელი პოეტის, საიათნოვას ცხოვრებას მიჰყვება — აქ ნათლად იკვეთება რეჟისორის უნიკალური მიდგომა, ვინაიდან ფილმში ვერც დიალოგებს შევხვდებით და ვერც მონოლოგებს. იმის ნაცვლად, რომ ტრადიციულ ნარატიულ სტრუქტურას მიჰყოლოდა, ფილმი ვიზუალურად მდიდარი „ტილოების“ სერიად ვითარდება, რომელთაგან თითოეული საიათნოვას ცხოვრების საკვანძო მომენტებს ასახავს. აქ რეჟისორი სიყვარულის, ხელოვნების, სულიერებისა თუ დროის მსვლელობის თემებს კომპლექსური გამოსახულებების, სიმბოლიზმისა და ალეგორიის მეშვეობით იკვლევს.

კადრი ფილმიდან „ბროწეულის ფერი“

უბრალოდ, აღნიშნული ფილმიც დაიბლოკა საბჭოთა რეჟიმის მიერ, რასაც ცენზურის შესაბამისი რედაქტირება და ხელახალი მონტაჟი მოჰყვა. შესაბამისად, ავტორისეული ორიგინალის ნახვა მხოლოდ სომხურ ვარიანტში შეგვიძლია. მოვლენის „მსხვერპლი“ მხოლოდ ნამუშევარი არ ყოფილა — ჰომოსექსუალიზმის ბრალდებით, თავად სერგო ფარაჯანოვიც დაიჭირეს. რამდენიმე წლის შემდეგ კი ანტონიონის, ფელინის, ბერტოლუჩის, ლუი არაგონის, ალბერტო მორავიას და დასავლური კულტურის სხვა მნიშვნელოვანი წარმომადგენლების თხოვნის საფუძველზე გაათავისუფლეს.

„ფარაჯანოვმა რამდენიმე კინოკამერისა და მსახიობის მეშვეობით დასრულებული ფერწერული ტილოები დახატა ფირზე. იგი მთლიანად ვიზუალურ აღქმაზეა ფოკუსირებული, რომელიც გრძნობათა ყველა ორგანოზე ზემოქმედებს და კანითაც კი განიცდი. თითქოს, ნახატების დიდი ალბომია, აუდიოვიზუალური ხატი. სიმბოლური მინიატიურები კალეიდოსკოპურად ლაგდება ერთ მთლიანში, თითქოს ბროწეულის ნაყოფის გაბნეული კაკლებია, ერთი ცხოვრების ნამსხვრევები“, — აღნიშნავდა რეჟისორი მიქელანჯელო ანტონიონი.

სერგო ფარაჯანოვის ვიზუალური ხელოვნება

„ციხეში, სრულიად იზოლირებულმა, მოტირალი მონა ლიზას კოლაჟი გავაკეთე. ის იმ ტკივილს გამოხატავს, თუკი ციხეში მოვკვდებოდი. ასე ვამხნევბდი საკუთარ თავს, ოთხი წლისა და თერთმეტი დღის განმავლობაში 800-მდე ნამუშევარი შევქმენი“, — სერგო ფარაჯანოვი.

 

ალბათ, ხელოვანი ადამიანის ტყვეობაში მოქცევა ყველაზე რთული საქმეა… შეიძლება, ფიზიკურად გამოკეტო, მაგრამ მის შემოქმედებითობას ვერაფრით მოთოკავ. ასე იყო ფარაჯანოვის შემთხვევაშიც — რაკი გისოსებს მიღმა კინოს გადაღება არ შეეძლო, კოლაჟების შექმნას მიჰყო ხელი. ასევე, ციხიდან გამოსვლის შემდეგაც, როცა უკვე კინოზეც მუშაობდა, ქმნიდა ნახატებს, ფოტომონტაჟებს, თოჯინებს, წიგნებსა და ფილმების პერსონაჟებით შთაგონებულ ქუდებსაც კი. თანაც ხშირად ნაგავსაყრელზე ნაპოვნ ნივთებს იყენებდა. „სიხარბე დაიბადა ჩემში“, — თავადაც აღნიშნავდა ფარაჯანოვი, რასაც ამ მრავალი მიმართულებით შემოქმედებას უკავშირებდა.

როგორც ზემოთ ვახსენეთ, ფარაჯანოვი ცნობილი სცენარისტებისა და რეჟისორების თხოვნის საფუძველზე გაათავისუფლეს ციხიდან. 1984 წელს კი საბოლოოდ მიეცა რეჟისორობის უფლება. 1989 წლამდე, ვიდრე საავადმყოფოში მოხვდებოდა, მისთვის დამახასიათებელი ვნებითა და ხედვით მუშაობდა; ხოლო 1990-ში გარდაიცვალა. ამ ხანგრძლივი, მრავალფეროვანი და წინააღმდეგობებით სავსე შემოქმედების განმავლობაში კი უნიკალური ვიზუალური გამოსახულება შექმნა.


ავტორი: ქეთია ბელქანია

სასარგებლო ინოვაცია, რომელსაც არ მოაქვს კონფლიქტი ინდუსტრიაში

პროკრედიტ ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD), ევროკავშირთან და შვედეთის მთავრობასთან პარტნიორობით, ქალი მეწარმეების მხარდაჭერას აძლიერებს