Setanta Sports მსოფლიო მასშტაბის სპორტული მედია ბრენდია, რომლის ქართული წარმომადგენლობა 2016 წელს შეიქმნა, Setanta Sports Georgia-ს სახელწოდებით. არსებობის ერთი წლის მანძილზე, სეტანტას ქართულმა გუნდმა კიდევ 12 ქვეყანაში მოიპოვა ექსკლუზიური წარმომადგენლობის უფლება და მედია ჰოლდინგად გარდაიქმნა (Setanta Sports Media). წელს კი, სეტანტა სპორტს მედიამ SBC Awards-ზეც გადაწყვიტა თამამი განაცხადის გაკეთება და საუკეთესოდ აფილირებული ინოვაციური პროდუქტების კატეგორიაში, BEST AFFILIATE PRODUCT INNOVATION, საუკეთესო ათეულში მოხვდა. შეგახსენებთ, რომ SBC Awards სპორტულ სფეროსთან დაკავშირებულ საუკეთესო კომპანიებს ავლენს, მათ შორის სპორტ ბეთინგისა და სპორტული მაუწყებლობის მიმართულებით. გამარჯვებულის წოდებისთვის იბრძვიან კომპანიები მთელი მსოფლიოს გარშემო, შესაბამისად, კონკურენცია ძალიან მაღალია. შედეგები 5 დეკემბერს გახდება ცნობილი. მარკეტერის კითხვებს Setanta Sports Media-ს დამფუძნებელმა და დირექტორმა ლაშა მაჭავარიანმა უპასუხა.

M: რას წარმოადგენდა Setanta Georgia და რა შედეგებს მიაღწიეთ დაარსებიდან დღემდე?
სეტანტა სპორტს ჯორჯია დაარსდა 2016 წელს. ის გახდა მსოფლიოში წამყვანი სპორტული მედია ბრენდის “სეტანტა სპორტის” ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში, რომელიც წარმოდგენილი იყო 2 სატელევიზიო სპორტული არხით. კომპანიამ მოახდინა არხების ლოკალიზება, საუკეთესო საკომენტატორო და სპორტულ ჟურნალისტთა გუნდების შექმნა, არხების დისტრიბუციის გაშლა მთელი საქართველოს მასშტაბით, ადგილობრივი სპორტული კონტენტის წარმოება, სწორი და ეფექტური კომუნიკაციის აწყობა და დამატებითი მედია საშუალებების შეთავაზება მომხმარებლისთვის. როგორებიც არის სოციალური მედია და ონლაინ სპორტული პორტალი. ასევე, იგეგმება სპორტული რადიოსა და სპორტბარის ლაუნჩი ახლო მომავალში. შესაბამისად კომპანია ცდილობს შექმნას სრული სპორტული ეკოსისტემა სპორტის ქართველი გულშემატკივრისთვის.
ამ წარმატებული ნაბიჯების ფონზე, 2017 წელს სეტანტა ჯორჯიას მენეჯმენტმა დამატებით მოიპოვა ექსკლუზიური წარმომადგენლობა იმ დანარჩენ 12 ქვეყანაში, სადაც დღეს სეტანტა სპორტსი ოპერირებს, როგორებიცაა (ყაზახეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, ბელარუსია, სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა და ცენტრალური აზია) და ჩამოაყალიბა სპორტული მედია ჰოლდინგი – სეტანტა სპორტს მედია, რომელიც თავის თავში აერთიანებს 13 ქვეყნის მასშტაბით სპორტული არხების ოპერირებას, მათ მარკეტინგსა და პიარს, მედია გაყიდვებს და დივერსიფიცირებული მედია არხების შექმნასა და მენეჯმენტს: სპორტული ტელევიზია, სპორტულ-ინფორმაციული ონლაინ პორტალი, ლაივ სტრიმების ონლაინ პორტალი, სპორტული რადიო, ოფლაინ აქტივობები. სეტანტა სპორტს მედია საკმაოდ მჭიდროდ თანამშრომლობს სპორტის სამინისტროებთან და სპორტულ ფედერაციებთან ზემოთაღნიშნულ ქვეყნებში, ასევე აყალიბებს სტრატეგიულ ურთიერთობებს ამ ქვეყნებში არსებულ სპორტულ მედია ბრენდებთან.

M: რას საქმიანობს SBC და რა კატეგორიაში გადაწყვიტეთ SBC-ის კონკურსში მონაწილეობა?
SBC (Sports Betting Community) არის მსოფლიოში უმსხვილესი ორგანიზაცია სპორტ ბეთინგის და სპორტული მედიის ინდუსტრიების გაერთიანების კუთხით, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ლონდონში და რომლის მთავარ ამოცანას წარმოადგენს ბეთინგში და სპორტული ორგანიზაციებში მოღვაწე მომწოდებლების, ოპერატორების, სერვის პროვაიდერების და რეგულატორების უმაღლესი რანგის წარმომადგენლებისთვის ნეთვორქინგის პლატფორმის შექმნა ივენთების და მედიის საშუალებით. ამ ორგანიზაციას აქვს რამოდენიმე მიმართულება როგორებიცაა:
SBC Events, რომელიც წლის განმავლობაში 2 უმსხვილეს კონფერენციას მასპინძობს ლონდონში სპორტს ბეთინგის და სპორტული მედიის მიმართულებით.
SBC News, რომელიც არის მსოფლიოში ერთ ერთი უმსხვილესი ონლაინ გამოცემა სპორტს ბეთინგის მიმართულებით.
SBC AWARDS, რომელიც არის უმაღლესი დონის დაჯილდოვება სპორტს ბეთინგის და მასთან დაახლოებული ინდუსტრიების მიმართულებით. უკვე წლებია რას მსოფლიოში წამყვანი ბეთინგ ბრენდები მონაწილეობენ ამ დაჯილდოებაში სხვადასხვა ნომინაციებიში, როგორებიცაა საუკეთესო ბეთინგის ოპერატორი, სერვის პროვაიდერი, პლატფორმის მიმწოდებელი.
ერთ ერთი მნიშვნელოვანი ნომინაცია გახლავთ – BEST AFFILIATE PRODUCT INNOVATION, რომელშიც მიიღო მონაწილეობა სეტანტა სპორტს მედიამ და მოხვდა “შორთლისთში” 10 სუკეთესო კომპანიას შორის, რაც უკვე თავის მხრივ არის უდიდესი წარმატება კომპანიისთვის რომელი 1 წელიც არ არის, რაც სრულფასოვნად ოპერირებს და შექმნა პოზიცირების უპრეცენდენტო სტრატეგია რომლის ფარგლებშიც ავითარებს სპორტული ეკო სისტემის მშენებლობას 13 ქვეყნის მიმართულებით პარალელურად.

M: როგორია კონკურენცია და როგორ შეაფასებ Setanta Georgia-ს მოგების შანსს?
კონკურენცია არის ძალიან დიდი, ამ ნომინაციაში ჩართულები არიან ისეთი ბრენდები რომლებიც უკვე წლებია წარმატებით ოპერირებენ ინდუსტრიაში. თუმცა ჩვენ გარკვეულწილად უპირატესობას გვაძლევს ის, რომ ვართ ახლები ბაზარზე და შესაბამისად, მოქნილები ჩვენს კონკურენტებთან შედარებით.
M: რამდენად მნიშვნელოვანია ქართული სპორტული მედია ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის SBC-ის ჯილდოსთვის ბრძოლა და რას მოგცემთ ეს სამომავლო პერსპექტივაში?
ის, რომ ჩვენ უკვე მოვხვდით შორთლისტში, შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ არის უდიდესი წარმატება, თუმცა ბუნებრივია, ჩვენი ამოცანა არის ამჯილდოს მოპოვება. ეს არის არა მხოლოდ ჩვენი კომპანიის, არამედ ქართული ბიზნეს სექტორის წარმატება. ქართული ბრენდების საერთაშორისო აღიარება ნიშნავს მეტ ცნობადობას ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მეტ მოზიდულ ინვესტიციას ქვეყანაში და საბოლოო ჯამში ადგილობრივი ბიზნესის წინსვლას. ჩვენ ამაყები ვართ იმით, რაც მოვახერხეთ ასეთ მცირე ვადებში, თუმცა ეს მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისია, წინ დიდი გეგმბები გვაქვს და გვჯერა, რომ ასეთი ტემპით სეტანტა სპორტს მედია კიდევ უფრო დიდ აღიარებას მოიპოვებს მსოფლიოს მასშტაბით.













