19
ივნ
2017

Setanta Sports Georgia ახალ სეზონზე TOP ჩემპიონატების ტრანსლაციას აანონსებს!

19 ივნ 2017

მსოფლიოში ცნობილი სპორტული მედია ბრენდი – Setanta Sports 1990 წელს, ირლანდიაში დაარსდა. დღეისათვის, ის მთელ მსოფლიოში, ლოკალური ტელევიზიების მეშვეობით მაუწყებლობს. გლობალური ქსელი საქართველოში, 2012 წლიდან, რუსულ ენაზე იყო ხელმისაწვდომი2016 წლის დეკემბრიდან კი ლაშა მაჭავარიანმა, თავის გუნდთან ერთად, დააფუძნა Setanta Sports Georgia, რომელიც ორი არხის – Setanta Georgia და Setanta Georgia Plus-ის სახით, ქართულ ენაზე მაუწყებლობს. კომპანიის მთავარი მიზანი, მაყურებლისთვის მსოფლიო დონის ჩემპიონატების შეთავაზების გარდა, ქართული სპორტის განვითარებისთვის ხელშემწყობ პლატფორმად გახდომაა. 20 ივნისს Setanta Sports Georgia მასშტაბურ პრესკონფერენციას გამართავს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ Setanta Sports Eurasiaს აღმასრულებელი დირექტორი და სხვა წარმომადგენლები, ასევე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, სხვადასხვა ფედერაციის წარმომადგენლები, წამყვანი სპორტული ჟურნალისტები და ყველა ის პირი, ვინც ქართულ სპორტსა თუ მედიაში ფიგურირებს. პრეზენტაციაზე ტელევიზია დაანონსებს ახალი სეზონის ოთხ მთავარ სიახლეს, რომელიც ოფიციალურ განცხადებამდე ერთი დღით ადრე, ექსკლუზიურად მარკეტერისთვის გახდა ცნობილი.

mBank

Setanta Sports Georgia, ახალი სეზონიდან, არსებული წამყვანი სპორტული კონტენტის გადმოცემასთან ერთად, დამატებით მოახდენს NBA-ის მატჩების ტრანსლაციასაც, ასევე, პირველად ქართული სპორტული მაუწყებლობის ისტორიაში, მას ექნება ახალი ფორმატის Champions Cup-ის გადმოცემის უფლება. გარდა ამისა, ის მოახდენს საფრანგეთის რაგბის პირველობის – Top 14-ის ტრანსლირებას, სადაც მამუკა გორგოძე და 20-მდე ქართველი მორაგბე ასპარეზობენ. მეოთხე სიახლეს კი ორგანიზატორები პრეზენტაციაზე გააჟღერებენ. დეტალურად, ახალი სეზონისთვის დაგეგმილ სიახლეებზე, გლობალური ქსელის წარმომადგენლობით სპეციფიკასა და სპორტული მაუწყებლის გამოწვევებზე Setanta Sport Georgia- დამფუძნებელი და CEOლაშა მაჭავარიანი გვესაუბრა:

M: მოგვიყევით 20 ივნისს დასაანონსებელ სიახლეებსა და მათ მნიშვნელობაზე.
მოგეხსენებათ, რეგულარული სპორტული სეზონის ძირითადი ნაწილი გაზაფხულის ბოლოს მთავრდება და ახლდება აგვისტოდან. ჩვენ ვაანონსებთ იმას, თუ რა სიახლეები გვექნება ახალი სეზონიდან.

ახლახანს, ჩვენი გენიალური სპორტსმენი, ზაზა ფაჩულია NBA- ჩემპიონი გახდა. NBA არასდროს ყოფილა ჩვენი ირლანდიელი პარტნიორებისათვის პრიორიტეტული ტურნირი, თუმცა, ვინაიდან, ქართველ გულშემატკივარში ასეთი აჟიოტაჟი გამოიწვია და დიდი პოპულარობით სარგებლობს, ჩვენ გადავწყვიტეთ ამ კონტენტის შეძენა და ახალი სეზონიდან ჩვენს გულშემატკივარს Setanta Sports Georgia-ს არხებზე შევთავაზებთ.

მეორე სიახლე რაგბისა და მამუკა გორგოძეს ეხება. „დიდი მადლობა, კაპიტანო”, ასეთი კამპანიაც კი ჩატარდა მის სანაკრებო რაგბიდან წასვლასთან დაკავშირებით, თანაც სრულიად დამსახურებულად. ის ყველაზე დიდი მორაგბეა საქართველოს ისტორიაში. მამუკა გორგოძემ სულ ცოტა ხნის წინ დაანება ნაკრებში თამაშს თავი და ეს ტრაგედია იყო რაგბის გულშემატკივრებისთვის. Setanta Sport Georgia გაუშვებს რაგბის საფრანგეთის საკლუბო ჩემპიონატს TOP 14, ექსკლუზიურად, შემდეგი სეზონიდან, თანაც იმ თამაშების გაზრდილი რაოდენობით,  სადაც მამუკა გორგოძე, დავით ზირაქაშვილი, ლევან ჩილაჩავა, ვიტო კოლელიშვილი, გელა აფრასიძე და სხვა წამყვანი ქართველი მორაგბეები ასპარეზობენ.

მესამე „ნიუსი” არის საკლუბო ტურნირი Champions Cup, რომელიც ივლისში ტარდება, როცა მთელი საფეხბურთო სამყარო ისვენებს. ეს არის ის ჩემპიონატი, რომელშიც გამოდიან ისეთი კლუბები, როგორიც არისრეალი”, „ბარსელონა”, „მილანი”, „იუვენტუსი”, „მანჩესტერი”, „ბაიერნი”… ჩვენ ეს ტურნირიც შევიძინეთ და გავუშვებთ სპეციალურად ქართველი მაყურებლისთვის.

რაც შეეხება მეოთხე სიახლეს, ის უშუალოდ, პრესკონფერენციის მსვლელობისას გახდება ცნობილი.

M: როგორია Setanta Sport  Georgia-ს მაუწყებლობის სპეციფიკა?
Setanta Sport Georgia არის სპორტული მედია ჰოლდინგი, რომელიც ორ სპორტულ არხს, Setanta Georgia-სა და Setanta Georgia Plus-ს, აშუქებს. Setanta Sports არის ძალიან დიდი კომპანია, რომელსაც თავისი მაუწყებლობა მსოფლიოს ყველა კონტინენტზე აქვს დაფიქსირებული, გარდა სამხრეთ ამერიკისა. Setanta Sports Georgia მაღალი დონის პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული. ჩვენთვის მთავარ პრიორიტეტს ჩვენი მაყურებელი წარმოადგენს, შესაბამისად, მაქსიმალურ ყურადღებას ვუთმობთ ნებისმიერ სამაუწყებლო დეტალს და რაც მთავარია, კომენტატორების მუშაობის ხარისხსდიმა ობოლაძე, ნოდარ სიმსივე, ნიაზ მამრიკიშვილი, მევლუდ მელაძე, გიორგი საძაგლიშვილი, გიორგი ბაქანიძე და ჩვენი საკომენტატორო გუნდის უკლებლივ ყველა წევრი უდიდესი შრომის ფასად ახერხებს უმაღლესი ხარისხის საკომენტატორო შედეგის დადებას ჩვენი მაყურებლისთვის.

M: რა ფუნქცია აქვს ერთი ჰოლდინგის ორ არხად  (Setanta Georgia და Setanta Georgia Plus) დაყოფას?
ამ დაყოფის მეშვეობით საკმაოდ დიდი რაოდენობის კონტენტი გვაქვს გადანაწილებული. ერთგან, მაგალითად, მაყურებელი მიჩვეულია, რომ კონკრეტული ჩემპიონატი გადის, მეორეგან კისპორტული დოკუმენტური ფილმი. ვთქვათ, 6 საათზე იწყება საფრანგეთის ჩემპიონატი და იმავე დროს ემთხვევა იტალიის პირველობაც. ერთი არხი რომ გვქონდეს, მოგვიწევდა მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის პირდაპირი ტრანსლაციების შეთავაზება მაყურებლისთვის. ორი არხი იძლევა კონტენტის დივერსიფიცირების საშუალებას.  

M: როგორ გეგმავთ თქვენი ერთ-ერთი მთავარი მიზნის, ქართული სპორტის და ქართველი სპორტსმენების პოპულარიზების, მიღწევას?
დავიწყებთ ისეთი სპორტსმენების გაშუქებით, რომლებიც ცნობადები არიან. ქართულისეტანტასარხები იქნება პლატფორმა ქართული სპორტისა და სპორტსმენებისთვის. აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ არ გვაქვს ფინანსური დაინტერესება ამ საკითხში, უბრალოდ, გვინდა გავაშუქოთ ქართული სპორტი, ფრენბურთით დაწყებული, ფეხბურთით დამთავრებული. სამწუხაროდ, ბევრი ჩვენი წარმატებული სპორტსმენი საკმარისი დოზით ვერ შუქდება. ასევე, ვფიქრობთ რომ ეს ფაქტი იქნება უდიდესი მოტივაცია დამწყები სპორტსმენებისათვის, ვინაიდან, გქონდეს გარანტირებული კომუნიკაცია და ტრიბუნა გულშემატკივართან, არის დიდი პასუხისმგებლობა და ამავდროულად ბიძგი პროფესიონალიზმისაკენ.

ჩვენ უკვე გვქონდა, „ბრეინსთორმინგის” რეჟიმში, შეხვედრები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან, რომელიც საკმაოდ სერიოზულად არის დაინტერესებული შიდა საფეხბურთო ლიგის განვითარებითა და პოპულარიზებით და საკმაოდ ბევრს მუშაობს ამ მიმართულებით. ეს ჩვენთვის არის პოზიტიური მესიჯი. შესაბამისად, ვფიქრობ, მომავალში აუცილებლად შედგება რაიმე ფორმატით ჩვენი თანამშრომლობა.

 

M: რა შესაძლებლობები იქმნება თქვენი არხების მხრიდან მარკეტერებისთვის, რეკლამის განთავსების კუთხით და ამჟამად, რა კონტენტს სთავაზობთ მაყურებელს?
„სეტანტას” სპორტულ არხებზე შესაძლებელია კომერციული რეკლამის განთავსება, ნებისმიერი კომპანიისთვის, როგორც სარეკლამო სფოთების, ასევე სასპონსორო პაკეტების მეშვეობით. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ ჩვენი გაყიდვების სამსახურს. რაც შეეხება კონტენტს, გადმოვცემთ Italy Serie A, French League 1, Formula1, FA Cup, World Cup qualifiers, SPFL, Bundesliga, Belgian League, Top 14, UFC-ს.

M: რომელ სატელევიზიო სერვისებში შეუძლია მაყურებელს თქვენი არხებისთვის თვალის მიდევნება?
ჩვენი არხები უკვე ჩართულია თითქმის ყველა საკაბელო ტელევიზიაში, როგორც მსხვილებსა და საშუალოებში, აგრეთვე შედარებით პატარა საკაბელოებშიც და რეგიონალურებშიც. შესაბამისად, არხების ტრანსლაცია უკვე ხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი პროდუქტი სპორტის ყველა ქართველ გულშემატკივარს თანაბრად ეკუთვნის.

განხილვა