in

Setanta Sports – პლატფორმა სპორტის გულშემატკივრების მრავალმხრივი ინტერესებისთვის

სპორტით დაინტერესებული ადამიანებისთვის ისეთი პლატფორმების არსებობა, როგორიც, მაგალითად, Setanta Sports-ია, ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ის საშუალებას გაძლევთ, თვალი ადევნოთ სასურველ მატჩებს, ტურნირებს და არ ჩამორჩეთ მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებებს.

Setanta Sports-ი წარმოდგენილია როგორც სატელევიზიო არხებზე, ისე OTT პლატფორმაზე setantasports.com. ის 2021 წლის დასაწყისში ჩაეშვა და დღესდღეობით 600 000-ზე მეტი უნიკალური გამომწერი ჰყავს, რომელთა რიცხვიც მზარდია. პლატფორმაზე წარმოდგენილია სპორტის 10-მდე სახეობა, 4 განსხვავებულ ენაზე. ის ხელმისაწვდომია Android-ის, Samsung-ისა და LG-ის ტელევიზორებში. ასევე აპლიკაციით სარგებლობა შეუძლიათ სმარტფონის მომხმარებლებსაც. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ პლატფორმა უახლეს ტექნოლოგიას იყენებს, რათა მომხმარებელს მაქსიმალურად მოხერხებული პირობები შეუქმნას.

თუ როგორ მუშაობს ერთ-ერთი უმსხვილესი მაუწყებელი, რა შეთავაზებები აქვს და როგორია მისი მომხმარებლის ქცევა, Setanta Sports-ის კომერციული განყოფილების რეგიონული მენეჯერი, დიმიტრი ბოკერია გვესაუბრება:

Setanta Sports-ი რეგიონის უმსხვილესი მაუწყებელია, რომელიც ევროპისა და აზიის 15 ქვეყანაში ოპერირებს. ის გულშემატკივარს სპორტის ყურების სრულიად ახლებურ გამოცდილებას სთავაზობს. ახალი ტექნოლოგიების გათვალისწინებით, სპორტის ყურების გამოცდილება წლიდან წლამდე იცვლება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ ამ მიმართულებით თანმიმდევრულები და ფეხი ავუწყოთ თანამედროვე მოთხოვნებს, რომლებიც გულშემატკივარს უჩნდება.

M: რომელ სპორტულ ღონისძიებებსა და ტურნირებზე აქვს Setanta Sports-ს მოპოვებული ექსკლუზიური უფლებები და ქვეყნების მიხედვით თუ განსხვავდება კონტენტი?

საქართველოში Setanta Sports-ის სატელევიზიო არხების მომხმარებლებსა და OTT პლატფორმა setantasports.com-ის გამომწერებს წვდომა აქვთ ინგლისის პრემიერ ლიგაზე, უეფას ჩემპიონთა ლიგაზე, ევროპა ლიგაზე, კონფერენს ლიგაზე, იტალიის სერია A-ზე, გერმანიის ბუნდესლიგაზე, საფრანგეთის ლიგა 1-ზე, ჰოლანდიის ერედივიზიაზე, შოტლანდიის პრემიერშიფზე, ბელგიის პრო ლიგაზე, ინგლისის ჩემპიონშიფზე, გერმანიის ბუნდესლიგა 2-ზე, ფორმულა 1-ზე, საკალათბურთო NBA-სა და ევროლიგაზე, UFC-ზე, ქალთა და მამაკაცთა საჩოგბურთო ტურნირებზე, ჰოკეიზე, გოლფზე, ნასკარსა და ბელატორზე. ზემოთ ჩამოთვლილი კონტენტის აბსოლუტურ უმრავლესობაზე Setanta Sports-ი ექსკლუზიურ უფლებებს ფლობს.

საქართველოს გარდა, Setanta Sports-ი მაუწყებლობს 14 ქვეყანაში. რეგიონების და ქვეყნების მიხედვით ჩვენი კონტენტი განსხვავებულია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მაგალითად ისეთი მნიშვნელოვანი ტურნირების უფლებები, როგორიცაა ინგლისის პრემიერ ლიგა და UFC-ი Setanta Sports-ს, 10 ქვეყანაში, მომავალი რამდენიმე წლის მანძილზე ექსკლუზიურად აქვს მოპოვებული.

M: ვინ არის თქვენი ძირითადი აუდიტორია და როგორ, რა სიხშირით იყენებენ მომხმარებლები თქვენს პლატფორმას?

ჩვენი აუდიტორია ერთ ან ორ სეგმენტად არაა დაყოფილი, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ხელმისაწვდომობა წლიდან წლამდე იზრდება. ამჟამად საქართველოში Setanta Sports-ი წარმოდგენილია 3 სატელევიზიო არხით. გარდა ამისა, OTT პლატფორმაზე ათეულ ათასობით გამომწერს საშუალება აქვს, არ გამოაკლდეს არცერთ მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებასა თუ მატჩს, ვინაიდან პლატფორმის Multview ფუნქცია იძლევა საშუალებას, თვალი ერთდროულად 2, 3 ან, თუნდაც, 4 პირდაპირ ტრანსლაციას მიადევნო. setantasports.com-ის აპლიკაციის გამოყენება შესაძლებელია ყველგან, სადაც ინტერნეტია. გულშემატკივარს საყვარელი გუნდისა თუ მისთვის საინტერესო სპორტული ღონისძიების ხილვა ნებისმიერი ადგილიდან შეუძლია. ვინაიდან უფლებებს 10-მდე სპორტის სახეობაზე ვფლობთ, მათი ჩატარების თარიღი და დრო განსხვავებულია, შესაბამისად პლატფორმის დატვირთულობაც ბუნებრივია დღითიდღე იზრდება.

M: წელს ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლში გადავიდა, რამაც სერია A უფრო პოპულარული გახადა. ეს რამდენად დაეტყო მომხმარებლის აქტიურობას? 

ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიში ტრანსფერი პირდაპირ ასახულია იმ ციფრებში, რომელიც არა მხოლოდ სატელევიზიო რეიტინგებითა და OTT პლატფორმაზე დარეგისტრირებული გამომწერებით იფარგლება, არამედ ნათლად ჩანს ჩვენს სოციალურ მედიაში. Facebook-ზე, Tiktok-ზე, Instagram-სა და Telegram-ში ყველაზე მნიშვნელოვანი კონტენტი ცალსახად ხვიჩა კვარაცხელიასთან არის დაკავშირებული. ის ფაქტი, რომ Setanta Sports-ი ექსკლუზიურად ფლობს ხვიჩა კვარაცხელიას ყველა მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს, საშუალებას გვაძლევს, ზუსტად გავზომოთ აუდიტორიის ჩართულობა და ინტერესი. ლაივ ტრანსლაციების გარდა, მნიშვნელოვანია მატჩების მიმოხილვების, გამორჩეული ეპიზოდების, გოლებისა თუ სხვა საინტერესო კონტენტის შესახებ გულშემატკივრის მხრიდან გამოხატული ინტერესი თუ რეაქციები, რომლებიც ცალსახად აჩვენებს, რომ ჩვენს ბაზარზე ხვიჩა კვარაცხელია დღეს ყველაზე მოთხოვნადი ქართველი და არამხოლოდ ქართველი სპორტსმენია. ასევე აღსანიშნავია, რომ ხვიჩამ მოიზიდა ყველა ტიპის მაყურებელი. თუ სხვა საფეხბურთო ღონისძიებებს უყურებენ ძირითადად მამაკაცები, კვარას შემთხვევაში, ქალების სეგმენტიც აქტიურადაა ჩართულია მისი მატჩების ყურებაში.


M: ძირითადად სპორტის რომელ ტრანსლაციებს უყურებს თქვენი მომხმარებელი?

სპორტის სახეობების მიხედვით გულშემატკივრის ქცევა განსხვავებულია, თუმცა მაგალითად, ფეხბურთი, ინგლისის პრემიერ ლიგა, ხვიჩა კვარაცხელიასა და ჩემპიონთა ლიგის მატჩები საყოველთაო ინტერესის საგანია. ძალიან მნიშვნელოვანია UFC-ი, სადაც არაერთი ქართველი მებრძოლი წარმატებით ასპარეზობს და უკანასკნელ წლებში, ფორმულა 1-თან ერთად, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ღონისძიება და კონტენტი, რაც ასევე პირდაპირ ასახულია ციფრებში. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ კონტენტთან და ლაივ ტრანსლაციებთან ერთად, ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივი საკომენტატორო მიმართულებაა. ჩვენი კომენტატორები ქმნიან მატჩის წაყვანის სრულიად ახალ გამოცდილებას, რაც სპორტული ღონისძიებების ტრანსლაციებს კიდევ უფრო მრავალფეროვანსა და ამაღელვებელს ხდის. მნიშვნელოვანი მიმართულებაა ჩოგბურთიც და ამ მიმართულებით Setanta Sports-ი უამრავი ღონისძიების ექსკლუზიურ უფლებებს ფლობს. ცხადია, ზოგიერთი სახეობა და სპორტული ღონისძიება განსაკუთრებულად ნიშურია და შესაძლოა, არ გამოირჩეოდეს ისეთივე ინტერესით, როგორც ინგლისის პრემიერ ლიგა ან ხვიჩა კვარაცხელიას მატჩები, თუმცა ესეც სპორტისა და გულშემატკივრობის ერთ-ერთი დამახასიათებელი მხარეა და ჩვენც ვცდილობთ, მაქსიმალურად მრავალფეროვანი ღონისძიებები თუ სახეობები შევთავაზოთ სპორტის მოყვარულებს.

M: ვისთან თანამშრომლობთ ადგილობრივი კომპანიებიდან და პარტნიორობის რა პაკეტები და პირობები აქვს Setanta Sports-ს?

ჩვენი თანამშრომლობისა და კომპანიებთან პარტნიორობის პირობები თუ შეთავაზებები განსხვავებულია. მაგალითად, შესანიშნავი ინიციატივის ფარგლებში, სრულიად ახალი გამოცდილება დავამკვიდრეთ Cavea-სთან ერთად. გულშემატკივარს საშუალება აქვს ხვიჩა კვარაცხელიას მატჩები თუ სხვა გამორჩეული ჩემპიონატების პირდაპირი რეპორტაჟები კინოში ნახოს. სხვადასხვა სასპონსორო პაკეტის ფარგლებში ვთანამშრომლობთ ნავთობკომპანიის, საბანკო და სხვა მსხვილი სექტორის წარმომადგენლებთან. მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი თანამშრომლობა და პარტნიორობა დაფუძნებული იყოს ისეთი ტიპის სარგებელზე, რომელიც ციფრებისა და რეიტინგების გარდა, ასახული იქნება ბრენდისა და კომპანიის პოზიციების გაძლიერების მიმართულებაშიც.  

მნიშვნელოვანია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლისთან ხანგრძლივი კონტრაქტი აკავშირებს, რაც ჩვენს ურთიერთობას სპონსორებთან თუ სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან კიდევ უფრო სტაბილურს ხდის. 2023 წლის 4 იანვრიდან სერია A-ს მატჩები განახლდება და სხვადასხვა პაკეტის გამოყენებით შეგვიძლია, სხვადასხვა კომპანიასთან მხოლოდ კვარაცხელიასა და ნაპოლის მატჩებზე ორიენტირებული თანამშრომლობა დავამყაროთ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სერია A-ში კიდევ ერთი ქართველი და საქართველოს ნაკრების წევრი ლუკა ლოჩოშვილიც თამაშობს, მეტი ქართველი ფეხბურთელი ნიშნავს მეტ დაინტერესებულ მხარეს, როგორც ბიზნეს, ისე სპორტულ სექტორში. 

[R]

ახალგაზრდულ Eurobest 2022-ზე ქართულმა გუნდმა ბრინჯაო მოიპოვა!

ალდაგი საქართველოსა და რეგიონში ახალ მიმართულებას აპოზიციონირებს