in

„ყველაზე მნიშვნელოვანი და ეფექტური სტრატეგია დროული დაგეგმარებაა” – Setanta Sports-ის კონტენტის ხელმძღვანელი 14 ქვეყანაში მუშაობის სპეციფიკაზე

Setanta Sports ის პლატფორმაა, რომელიც ევროპისა და აზიის 14 ქვეყანაში მილიონობით მაყურებელს სპორტის ყურების ახლებურ გამოცდილებას სთავაზობს. ეს მომცრო გამოწვევა რომ არ უნდა იყოს, ინტუიცია აქედანვე გვკარნახობს.

კომპანიის შიდა და გარე პროცესების ჯაჭვში ერთ-ერთი საკვანძო როლი კონტენტის დეპარტამენტს აქვს. დეპარტამენტის მიზანი გამორჩეული პროდუქტის შექმნაა, რომლითაც Setanta sports-ის მომხმარებელი, ლაივ ტრანსლაციებთან ერთად, სიამოვნებას იღებს.

დღეს გუნდის კიდევ ერთ წევრს, ნიკა ქევხიშვილს გაგაცნობთ, რომელიც კონტენტის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს.

გამოცდილება, გამოწვევები, მათი გადაწყვეტის გზები და ყოველდღიური საქმიანობა – ნიკასთან კომპანიის შიდა პროცესებზე ვისაუბრეთ.

M: 14 ქვეყანაში, 4 ენაზე, მომხმარებლებისათვის ხარისხიანი, მრავალფეროვანი და ექსკლუზიური კონტენტის შეთავაზება საკმაოდ რთულად ჟღერს, თუმცა Setanta Sports ის კომპანიაა, რომელიც ამას ნამდვილად ახერხებს. შეგიძლიათ გაგვაცნოთ პროცესები და სტრატეგიები, რომლებსაც იყენებთ ასეთი მრავალფეროვანი აუდიტორიისთვის კონტენტის უწყვეტი მიწოდებისთვის?

ყველა ქვეყანას თავისი ინტერესი და კულტურული მახასიათებელი აქვს, რაც, ბუნებრივია, სპორტულ გემოვნებაზეც აისახება. 14 ქვეყანაში ბუნებრივია, რომ ინტერესები ყოველთვის არ დაემთხვევა, ამიტომ კვლევა და მისი შედეგების მიხედვით კამპანიებისა თუ ყოველკვირეული კომუნიკაციის დაგეგმვა მნიშვნელოვანთან ერთად აუცილებელია.

ცალსახაა, რომ ფეხბურთი უნივერსალური სახეობაა, რომელსაც მაყურებლები ფაქტობრივად ყველა ქვეყანაში ჰყავს, თუმცა განსხვავდება ინტერესები. კონტენტის წარმოებაში მახასიათებლების კვლევა და ანალიზია მნიშვნელოვანი. პირობითად, საქართველოში პრემიერ ლიგა და ორივე ესპანური გიგანტი დომინირებს, თუმცა კვარაცხელიას გამოჩენამ მაყურებლის ინტერესი სერია ა-სკენ მიმართა და ტრადიციული იტალიური კლუბების გულშემატკივრობაც მოაძლიერა. შესაბამისად, მსგავსი სიახლეები და ცვლილებები კონტენტის წარმოების წილს განსაზღვრავს, აუდიტორია ყოველთვის რეაგირებს იმაზე, რასთანაც ემოციური კავშირი აქვს – საყვარელი კლუბი, საყვარელი ფეხბურთელი, მიმზიდველი ჩემპიონატი.

ამავე შინაარსით განისაზღვრება სხვა ქვეყნების სტრატეგიაც. მაგალითად, უკრაინაც ფეხბურთის სიყვარულით გამოირჩევა, სადაც საყვარელი ტურნირია ინგლისის პრემიერ ლიგა. გარდა ტრადიციული გუნდებისა, უკრაინის მარკეტისთვის უმნიშვნელოვანესია ე.წ „ლოკალების“ პრომოუშენი. თუ საქართველოში კვარაცხელიაა, უკრაინას მსოფლიოს საუკეთესო ლიგაში ერთბაშად 5 ფეხბურთელი ჰყავს და მათი ყოველდღიური ცხოვრება და მატჩები განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. სხვათა შორის, უკრაინაში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს ფორმულა 1, რასაც ფეხს აქტიურად უწყობს საქართველოც. ჩვენთვის სადებიუტო წელი 2021 იყო და ამ სეზონმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა, მაქს ფერსტაპენისა და ლიუის ჰამილტონის დაპირისპირებამ სამეფო რბოლებს ახალი ფანები შესძინა. ნეტფლიქსის სერიალმაც გაზარდა პოპულარობა, რამაც ჯამურად გააჩინა აუდიტორია, რომელიც სეტანტა სპორტსმა „ფორმულა 1-ის კომუნად“ გარდაქმნა და მისცა საშუალება, ჩვენს სოციალურ ქსელებში ფორმულა 1-ის კონტენტის გაჰყოლოდა. შესაბამისად, სეტანტა სპორტსის სპორტულ კალენდარში რბოლებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.

ლოკალური პერსპექტივის ხაზი რომ გავაგრძელო, შერეული საბრძოლო ხელოვნება ჩვენს რეგიონში ყველაზე მზარდი და „ენთერთეინინგ“ სახეობაა. ისტორიულად, ჩვენი რეგიონისთვის სპორტის საბრძოლო სახეობები სახასიათო მიმართულებაა და ბევრი ადგილობრივი ათლეტი გვყავს. ცხადია, საქართველო ამ მხრივ დომინირებს, ქართველი ათლეტები UFC-ში სეტანტა სპროტსთან ასოცირდებიან, მათზე მიძღვნილი კონტენტლაინებით აუდიტორია მუდმივად მოვლენების ეპიცენტრშია. იმავეს თქმა შემიძლია ყაზახეთსა და უზბეკეთზე. ბოლო პერიოდში გამოჩნდენ ტაჯიკი ათლეტები და ჩვენს ფიდზე გამოჩნდა ტაჯიკურ აუდიტორიაზე მორგებული კონტენტიც.

გვერდს ვერ ავუვლით ჩოგბურთს, რომელიც სატელევიზიო ბადის დიდ ნაწილს იკავებს და სოციალურ ქსელშიც პერსონალური გვერდითაა წარმოდგენილი. ახლანდელი ტენდენციებით ჩოგბურთი პოპულარობას ინარჩუნებს უკრაინაში, დიდწილად ადგილობრივი ათლეტების სიმრავლის გამო. საქართველოსა და სხვა ქვეყნებში დიდი სამეულის დაშლის შემდეგ ინტერესის დაღმასვლა შეინიშნებოდა, თუმცა ახალი თაობის გამოჩენამ ინტერესის ვექტორი კვლავ ზევით მიმართა. ამ ზაფხულს კარლოს ალკარსმა 5 საათის განმავლობაში მაყურებელი სეტანტა სპროტსის არხებსა და პლატფორმაზე „გაყინა“.

Setanta sports-ს ყველასგან გამორჩეული და უნიკალური სპორტული პორტფოლიო აქვს, რაც მოქნილობასა და კონტენტის უწყვეტობას გვაძლევს – ანუ ნებისმიერ დროს Setanta sports სპორტის ქომაგისთვის საუკეთესო მეგობარია.

M: თქვენი მიმართულება ასევე მოიცავს  პარტნიორ ათლეტებს. თუ შეგიძლიათ, გაგვიზიარეთ რამდენიმე მაგალითი, თუ როგორ ავითარებთ ამ პარტნიორობას კონტენტის მიწოდებისა და მაყურებლის ჩართულობის გასაუმჯობესებლად?

პარტნიორი ათლეტები  მთელ რიგ შემთხვევებში ჩვენსა და აუდიტორიას შორის ხიდის ფუნქციას ასრულებენ. Setanta sports-ის პარტნიორ ათლეტებში, ლოკალური პერსპექტივით, ყველაზე პოპულარულ სპორტსმენებს შეხვდებით. ჩვენი ამოცანა არა მხოლოდ მათი „სპიკერობით“ კონტენტის პოპულარიზაცია, არამედ მათი პირადი კონტენტლაინების განვითარებაც არის.

მაგალითად, კამპანია „თანამებრძოლი“, რომლის ცენტრში პირველად Setanta sports-ის პარტნიორი და UFC-ის გამორჩეული ათლეტი, მერაბ დვალიშვილი დადგა. კამპანიის მიზანი მერაბის მხარდაჭერა და აუდიტორიის მის გარშემო გაერთიანება იყო.

რომ ავხსნა: „თანამებრძოლი“ არის პარტნიორი ათლეტებისთვის შექმნილი პროექტი, „თანამებრძოლი“ არის პლატფორმა, რომელიც ჩვენი ათლეტების ბრძოლის კვირაში setantasports.com-ზე აქტიურდება.  ამ სივრცეში მოცემულია ყველანაირი ინფორმაცია მებრძოლზე, ბრძოლის კვირასა და ღონისძიების განრიგზე. ხოლო მთავარი იდეა იყო, რომ აუდიტორიისთვის მიგვეცა საშუალება, პირდაპირ შესულიყო კომუნიკაციაში საყვარელ ათლეტთან, ბრძოლისთვის სამზადისისას. ანუ მერაბ დვალიშვილის ისტორიას რომ მოვყვეთ, თანამებრძოლის დახმარებით იუზერს მერაბისთვის გამამხნევებელი მესიჯის გაგზავნა შეეძლო. მერაბმა პეტერ იანთან ბრძოლის წინ მაყურებლისგან 3000 გამამხნევებელი მესიჯი მიიღო.

მსგავსი აქტივობა შემდგომში გაკეთდა გიგა ჭიკაძესთან და რომან დოლიძესთან ერთად, ორივე ათლეტი Setanta sports-თან ასოცირებულები არიან.

პარტნიორ ათლეტებთან ერთად ერთხელაც გამოვყოფ „ლოკალური მნიშვნელობის“ მქონე სპორტსმენებზე კონტენტის წარმოებას.

ვფიქრობ, წარმატებულია ხვიჩა კვარაცხელიას, როგორც უნიკალური ქართული ფენომენის შესახებ შექმნილი დოკუმენტური ფილმი, რომელიც სრულად SETANTA SPORTS-ის ფროდაქშენითაა გაკეთებული. ფილმის პრემიერას სატელევიზიო ეთერში 40 000-მა ადამიანმა უყურა.

პარტნიორი ათლეტების სიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ლონდონის „არსენალის“ ფეხბურთელს, უკრაინელ ოლექსანდრ ზინჩენკოს. ზინჩენკოსთან კოლაბორაციის ფარგლებში Setanta sports-მა მონაწილეობა გლობალური მნიშვნელობის ღონისძიებაში მიიღო და “game 4 Ukraine” – უკრაინის მხარდამჭერი საქველმოქმედო მატჩის პარტნიორიც გახდა.

გარდა იმისა, რომ ზინჩენკოს სოცქსელებში განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ, ლოკალური ინტერესიდან გამომდინარე, დიდი ნახვები აქვთ უკრაინელ ფეხბურთელებს პრემიერ ლიგაში, რაც გამოიხატება დიდი ბრიტანეთის ქალაქებში: ლონდონში, სადაც თამაშობენ ოლექსანდრ ზინჩენკო არსენალში, მიხაილო მუდრიკი ჩელსიში და იჰორ იარმოლიუკი ბრენტფორდში, ლივერპულში, სადაც ვიტალი მიკოლენკო ევერტონის მაისურით ასპარეზობს და ბორნმუთში, სადაც ადგილობრივი „ბორნმუთის“ ფეხბურთელია ილია ზაბარნი. რეპორტიორების დახმარებით უკრაინელების მატჩების ჩანახატებს ვქმნით და Setanta sports Ukraine YT ჩენელზე ვათავსებთ.

M: 4 ენაზე კონტენტის წარმოება რთულად ჟღერს, არის თუ არა  ეს გამოწვევა და როგორ ახერხებთ იმას, რომ შინაარსი დარჩეს მიმზიდველი და რელევანტური ყველა მიზნობრივი აუდიტორიისთვის ?

რამდენიმე ენაზე კონტენტის შექმნა მართლაც გამოწვევაა, მაგრამ ეს გამოწვევა არის გამოცდილებაც, რომელიც გვეხმარება მრავალფეროვან და გლობალურ აუდიტორიასთან კომუნიკაციის გაუმჯობესებასა და განვითარებაში. მინდა შევეხო რამდენიმე საკვანძო გამოწვევას და მისი გადაწყვეტის გზებს კონტენტის მიმზიდველობისა და რელევანტურობის შესანარჩუნებლად:

რელევანტურობა: რადგან სპორტი დინამიკურად და უსწრაფესად ვითარდება, იმან, რაც მნიშვნელოვანია ამ წამს, შესაძლოა თავისი ღირებულება მალევე დაკარგოს, ამიტომ ვიყოთ სწრაფები, ეფექტურები და ამის ფონზე არ დავკარგოთ ხარისხი, მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

თარგმანის სიზუსტე: კრიტიკულად მნიშვნელოვანია, თარგმანი იყოს ზუსტი, რადგან მცირედმა შეცდომამაც კი შეიძლება გაუგებრობა გამოიწვიოს.

კულტურული მგრძნობელობა: სხვადასხვა ენა და კულტურა უნიკალური ნიუანსებისგან შედგება, აქვს განსხვავებული იდიომები და სენსიტიურობა, ამიტომ შინაარსი უნდა იყოს კულტურულად მგრძნობიარე და კონკრეტული ქვეყნის ჩარჩოების შესაბამისი.

თანმიმდევრულობა: თანმიმდევრული ბრენდინგის, ტონისა (tone of voice) და შეტყობინებების სხვადასხვა ენაზე გაგზავნაც ერთ-ერთი რთული გამოწვევაა.

დრო და რესურსები: შინაარსის მრავალ ენაზე წარმოება მოითხოვს დამატებით დროს, ძალისხმევასა და რესურსებს.

როგორ ვუმკლავდებით ამ გამოწვევებს:

კულტურული ლოკალიზაცია: შინაარსი ერგება თითოეულ კულტურას ნორმების, ღირებულებებისა და პრეფერენციების გათვალისწინებით. ერთგვაროვნების თავიდან ასარიდებლად გავდივართ კონსულტაციას ჩვენს კომენტატორებთან, რომელთა უმეტესობა ჩვენს საოპერაციო ქვეყნებს წარმოადგენს.

მულტიკულტურული გუნდები: ვცდილობთ, გუნდებში ლოკალური კრეატორები შემოვიყვანოთ. ეს მნიშვნელოვანია, რათა გვქონდეს ლოკალური პერსპექტივით დანახული „ინსაითები“ – ეს პროცესი რეგიონში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ყოველთვის მარტივი არაა. შესაბამისად, ვცდილობთ, დავიცვათ ბალანსი ლოკალურ კადრებსა და მთარგმნელებს შორის.

პროფესიონალი მთარგმნელები: ვმუშაობთ პროფესიონალ მთარგმნელებთან, რომლებიც მშობლიურ ენაზე საუბრობენ და იცნობენ საგანს, ჩვენს შემთხვევაში სპორტს.

მომხმარებლის გამოხმაურება:  რა თქმა უნდა, აუდიტორიის უკუკავშირი მთავარი ინსტრუქციაა. ვცდილობთ, მაქსიმალურად დიდი რაოდენობის კონტენტი შევქმნათ, რომელიც აუდიტორიის ჩართულობას გამოიწვევს და ამით განვსაზღვროთ მათი პრეფერენციები.

M: თუ შეგიძლიათ, გაგვიმხილოთ, რაიმე ინოვაციური იდეის ან პროექტის მაგალითი, რომელმაც პოზიტიური გავლენა იქონია როგორც კონტენტის დეპარტამენტზე, ასევე საერთო ჯამში კომპანიის წარმატებზე.

სპორტს, განსაკუთრებით ფეხბურთს, როგორც წესი, სეზონზე ორჯერ ახასიათებს კალენდარში ისეთი მონაკვეთი, რომლის დროსაც უამრავი ტოპ ივენთია თავმოყრილი.

ასეთი იყო მარტი და, რადგან ტოპ მოვლენები ბევრ ემოციასთან ასოცირდება, ამ თვეს სიგიჟე ვუწოდეთ. შედეგი და მისი თანმხლები რიცხვებიც სიგიჟე იყო.

მარჩ მედნესმა ყველაზე მეტად სამი ქვეყანა: საქართველო, ყაზახეთი და უკრაინა დაფარა. ჯამურად 178 000 ადამიანი გადავიდა პლატფორმაზე. ჯამში, კამპანიამ ფეისბუკზე 40 მილიონი impression დააგენერირა.

ასევე, მინდა, გამოვყო ფენტეზი პრემიერ ლიგა, რომელსაც რეგიონში ანალოგი არ ჰყავს. 2023 წელს კონტენტის დეპარტამენტმა გადაწყვიტა, ახლებურად შეეხედა ამ პოტენციალისთვის, რადგან 2019 წლიდან მოყოლებული ფენტეზი ჩვენი განუყრელი მეგობარია.

ეს თამაში გვაძლევს საშუალებას, შევქმნათ ინგლისის პრემიერ ლიგაზე შეყვარებული ადამიანების კომუნა და მათთან ერთად გავზარდოთ ჩვენი კონტენტის მაჩვენებლები. რამდენიმე სეზონი ლოკალურ დონეზე ვაკეთებდით, ჩვენს მიდგომებს ვავითარებდით. 2022 წელს ვცადეთ, რომ საქართველოს გარდა უკრაინისა და ყაზახეთის აუდიტორია მოგვეცვა. პირველ საპილოტე მცდელობას ნორმალური შედეგი მოჰყვა. დაახლოებით 3 სხვადასხვა ქვეყნიდან 10 000 ფენტეზი მენეჯერი გავაერთიანეთ ერთ ლიგაში, ხოლო 2023 წლის მონაცემებით, Setanta Sports-ის ფენტეზი ლიგაში 11 ქვეყნის 40 000 ფენტეზი მენეჯერი თამაშობს.

აუცილებლად მსურს, აღვნიშნო ფეხბურთის ქართველი ქომაგების შედეგი. მიმდინარე სეზონის სამი საპრიზო თვიდან ორ თვეში – აგვისტოსა და ოქტომბერში, თვის საუკეთესო მენეჯერის ტიტული ქართველებმა მოიგეს. სექტემბერში კი უკრაინელი გამარჯვებული გვყავდა.

M: კონტენტის შექმნა და მართვა მუდმივად ცვალებადი და განვითარებადი სფეროა. რომელ ტენდენციებსა მიყვებით და ადევნებთ თვალს, რომ დარჩეთ მოწინავე მოთამაშედ და ამასთანავე, აუდიტორიის მზარდი მოთხოვნაც დააკმაყოფილოთ?

კონტენტის შემქმნელები და მენეჯერები, როგორც წესი, აკვირდებიან რამდენიმე ძირითად ტენდენციასა და ტექნოლოგიას. მათგან ჩვენთვის ყველაზე რელევანტურია:

ვიდეოკონტენტი: ვიდეო აგრძელებს დომინირებას. მოკლე ფორმის ვიდეოების (მაგ. TikTok), პირდაპირი სტრიმინგისა და ინტერაქციული ვიდეოგამოცდილების გაზრდა სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. შემქმნელები ყურადღებას ამახვილებენ მაღალი ხარისხისა და მიმზიდველი ვიდეოკონტენტის წარმოებაზე.

ჩვენს შემთხვევაში ხელთ უამრავი მასალა გვაქვს, საიდანაც კიდევ უფრო ბევრ კრეატიულ ვიდეოკონტენტს ვქმნით.

კონტენტის ავტომატიზაცია: ავტომატიზაციის ხელსაწყოები გამოიყენება კონტენტის გენერირებისთვის, კურირებისა და განაწილებისთვის. ეს ხელს უწყობს სამუშაო ნაკადების გამარტივებასა და განმეორებადი ამოცანების შემცირებას.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ Setanta Sports რეგიონში პირველი თუ არა, ერთ-ერთი პირველია, ვინც ავტომატურად გენერირების ხელსაწყოები დანერგა თავის საქმიანობაში.

„ორიჯინალ კონტენტი“ – 2023 წელს Setanta sports-ის კონტენტის გუნდისთვის უმთავრესი მიზანი „სტუდიო შოუების“ შექმნა იყო. მთავარი გამოწვევა ისევ და ისევ რელევანტურობა და მულტიკულტურულობა იყო. დღევანდელი მოცემულობით, Setanta sports სამ ენაზე, ქართულად, უკრაინულად და რუსულად ქმნის სტუდიურ გადაცემებს, რომლებიც ძირითადად YouTube არხებზე ქვეყნდება. მიუხედავად ბევრი გამოწვევისა, გადაცემები და არხები დინამიკურად ვითარდება. აქვე დაგიანონსებთ, რომ წლის ბოლომდე setanta sports-ის განსაკუთრებული პროექტი აიღებს სტარტს, რომლის მიზანი მაყურებლისთვის კარგად ნაცნობი ხმების, ანუ კომენტატორების პერსონის გაცნობა იქნება. ცხადია, რომ ჯერ მხოლოდ ამ გზის დასაწყისში ვართ და სიახლეებს ჩვენი სოციალური ქსელებიდან ხშირად გაიგებთ.

[R]

„მზიური ველნესი“ – ახალი, ისტორიული მნიშვნელობის საცხოვრებელი და გამაჯანსაღებელი კომპლექსი აჭარაში

Toyota-ს საშობაო რეკლამები ახლო ურთიერთობების მნიშვნელობას გვახსენებს