დღესდღეობით ხელოვნური ინტელექტი ბიზნესის თითქმის ყველა მიმართულებას ცვლის. შესაბამისად, იზრდება მოთხოვნა სპეციალისტებზე, რომლებსაც ტექნოლოგიური ცოდნის გარდა, ბიზნესის პროცესების გააზრება და AI-ს პრაქტიკაში გამოყენება შეუძლიათ.
ამას ისიც ემატება, რომ სტუდენტები ყოველთვის დაინტერესებულნი არიან საერთაშორისო გამოცდილებით, რომლის მისაღებადაც ხშირად საზღვარგარეთ წასვლა და მრავალი ბარიერის გადალახვაა საჭირო.
ამ მოცემულობების საპირწონედ, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU და აშშ-ის ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობენ ახალ, ორმაგი დიპლომის სამაგისტრო პროგრამას „ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში“. ეს არის 3-სემესტრიანი პროგრამა, რომელიც 2026 წლის ახალი სასწავლო წლიდან დაიწყებს სტუდენტების მიღებას და აერთიანებს ხელოვნური ინტელექტის, ბიზნესისა და მონაცემთა ანალიზის მიმართულებებს.
პროგრამის მიზანია მოამზადოს სპეციალისტები, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მონაცემებზე დაფუძნებული მიდგომების გამოყენებით შეძლებენ ბიზნესპროცესების გაუმჯობესებას, ორგანიზაციული ეფექტიანობის ზრდასა და ინოვაციური გადაწყვეტილებების დანერგვას.
პროგრამის შექმნის შესახებ თავად ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლამაც გაავრცელა ინფორმაცია თავის სოციალურ ქსელებში, სადაც აღნიშნავს, რომ თანამშრომლობა ემსახურება უნივერსიტეტების საერთო მიზანს – მაღალი ხარისხის, გლობალურად ორიენტირებული სამაგისტრო განათლების შეთავაზებას.

რა შესაძლებლობას აძლევს პროგრამა სტუდენტებს
პროგრამის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მისი საერთაშორისო კომპონენტია. სასწავლო პროცესში ქართველ აკადემიურ პერსონალთან ერთად ჩაერთვებიან ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორები და დარგის გამოცდილი სპეციალისტები, რაც სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, ადგილობრივ სწავლებასთან ერთად საერთაშორისო აკადემიური გამოცდილებაც მიიღონ. აღსანიშნავია, რომ პროფესორების უმრავლესობა, რომელიც ამ პროგრამას წაუკითხავს სტუდენტებს, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტიდან ეწვევა SEU-ს.
სასწავლო ფორმატი აერთიანებს აუდიტორიულ ლექციებსა და ონლაინკურსებს. ეს კი სტუდენტებისთვის მეტ მოქნილობას ქმნის.
პროგრამის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა მესამე სემესტრს უკავშირდება: მსურველებს შეუძლიათ, ბოლო, მესამე სემესტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში გაიარონ. შესაბამისად, პროგრამა მხოლოდ აკადემიური ცოდნის მიღებით არ შემოიფარგლება და სტუდენტებს საერთაშორისო სასწავლო გარემოში გამოცდილების დაგროვების შესაძლებლობასაც სთავაზობს.
პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები მიიღებენ ორ – საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის დიპლომებს.
მიღების პროცესის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.
ვის შეიძლება გამოადგეს ეს პროგრამა
„ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში“ აერთიანებს რამდენიმე მიმართულებას, ამიტომ პროგრამა შეიძლება საინტერესო იყოს მათთვის, ვისაც სურს, ტექნოლოგიების ცოდნა ბიზნესის პრაქტიკულ ამოცანებთან დააკავშიროს.
პროგრამის ფარგლებში სტუდენტები განივითარებენ ხელოვნური ინტელექტის, ბიზნესისა და მონაცემთა ანალიზის მიმართულებით საჭირო ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს. მიღებული გამოცდილება კი მათ საშუალებას მისცემს, კარიერული შესაძლებლობები როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებში განიხილონ.
დღეს, როდესაც AI სულ უფრო აქტიურად ხდება ბიზნესის ყოველდღიური პროცესების ნაწილი, ტექნოლოგიის მხოლოდ გამოყენება აღარ არის საკმარისი — მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, თუ როგორ შეიძლება მისი გამოყენება ბიზნესის განვითარებისთვის. სწორედ ამ მიმართულებით არის შექმნილი პროგრამაც.
ორი უნივერსიტეტი, ერთი პროგრამა და კარიერული შესაძლებლობები AI-ს ეპოქაში
„ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში“ სტუდენტებისთვის ერთ სივრცეში აერთიანებს იმას, რაც თანამედროვე შრომის ბაზარზე სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება – ტექნოლოგიურ ცოდნას, ბიზნესის გააზრებას, მონაცემებზე მუშაობასა და საერთაშორისო გამოცდილებას.
ამასთან, ორი უნივერსიტეტის ერთობლივი პროგრამა სტუდენტებს არა მხოლოდ ორი დიპლომის მიღების, არამედ განსხვავებულ აკადემიურ გარემოში სწავლისა და პროფესიული ქსელის გაფართოების შესაძლებლობასაც აძლევს. მათთვის კი, ვინც კარიერას ხელოვნური ინტელექტისა და ბიზნესის გადაკვეთაზე ხედავს, ეს შეიძლება იყოს გზა, რომელიც ტექნოლოგიების სწრაფად ცვალებად სამყაროში საჭირო ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში დაეხმარება.
[R]












