in

„ხელოვნური ინტელექტი ადამიანებს მოწყენის საშუალებას არ მისცემს” – რას ჰყვებიან პირველი ქართული AI პროგრამის სტუდენტები SEU-დან

მომავალი პროფესიის არჩევა მარტივი საქმე როდია. სპეციალობა, რომელსაც მთელ დარჩენილ ცხოვრებას დავუკავშირებთ, ნამდვილად ისეთი უნდა იყოს, რომ არ მოგვბეზრდეს, ცხოვრებაშიც გამოგვადგეს და რეალიზებულადაც გვაგრძნობინოს თავი. რაც დრო გადის, თანამედროვე სამყარო სულ უფრო მეტ ახალ პროფესიას გვთავაზობს, ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ კი უამრავი მიმართულება გააჩინა. ამ ახალ მიმართულებებს შორისაა ხელოვნური ინტელექტი, რომელზეც ფართო საზოგადოებაში ყველა ლაპარაკობს, მისი შედეგებით ყველა აღფრთოვანებულია, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ პროფესია საკმაოდ ახალბედაა, ბევრი სპეციალისტი არ გვყავს, მით უმეტეს, საქართველოში. 

სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ, საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა SEU-მ გასულ წელს ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემთა მეცნიერების პირველი საბაკალავრო პროგრამა შეიმუშავა. ამ ამბის შესახებ ვრცელი სტატია მაშინვე მოგიმზადეთ, თუმცა, თუ იქ ზოგადად პროგრამას აღვწერდით, ახლა უშუალოდ მის პირველად შეფასებებზე გიამბობთ, რადგან 2023 წლის შემოდგომის სემეტრში SEU-ს კარი ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემთა მეცნიერებების სტუდენტებისთვის პირველად გაიღო. 

ამ პროგრამის ფარგლებში სტუდენტები სწავლობენ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: მონაცემთა სტრუქტურები, მონაცემთა მოპოვებისა და გასუფთავების ტექნოლოგიები, მონაცემთა დამუშავების პროგრამული სისტემები, მონაცემთა ანალიტიკა და ვიზუალიზაცია, მონაცემთა საცავები, ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების საფუძვლები და პროგრამირების ენები. გარდა ამისა, ისინი გამოიმუშავებენ კომპიუტერული მეცნიერებებისთვის აუცილებელ ზოგად უნარებს, ალგორითმულ აზროვნებასა და დასახული ამოსაცანების მათემატიკურად ამოხსნის მიდგომებს. 

Marketer რამდენიმე სტუდენტს გაესაუბრა, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების გრანტებით ჩაირიცხნენ SEU-ში. მათი მოსმენისას ირკვევა, რომ პროფესიის არჩევა ნამდვილად საპასუხისმგებლოა და ბევრი იფიქრეს, სანამ უშუალო არჩევანს გააკეთებდნენ. ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემთა მეცნიერების პროგრამებს ისინი მომავლის პროფესიას უწოდებენ და სჯერათ, რომ SEU-ში მიღებული ცოდნა და გამოცდილება მათი, როგორც AI ტექნოლოგიების სპეციალისტების წარმატების საწინდარი იქნება.

გიორგი ნატროშვილი, ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემთა მეცნიერების სტუდენტი:„ხელოვნური ინტელექტი მომავლის პროფესიად მიმაჩნია და მის შესაძლებლობებში ეჭვი არ მეპარება. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ მომავალში ეს პროფესია ყველაზე მოთხოვნადი იქნება. მის სწრაფ განვითარებას დიდხანს ვაკვირდებოდი, ყოველთვის მომწონდა, ამიტომ როგორც კი ეს პროგრამა გამოჩნდა, უკვე ვიცოდი, რომ ამ ფაკულტეტზე ჩავაბარებდი.

პირველ ნაკადში ყოფნა ჩემთვის მნიშვნელოვანიც არის და საპასუხისმგებლოც, რადგან სწორედ ჩვენით იწყება ამ პროგრამის ისტორია საქართველოში და ვუკვლევთ გზას მომავალ სტუდენტებს. თანაც, SEU-ში ყველა რესურსი და პირობაა საიმისოდ, რომ სტუდენტური გზა ბევრად ნაყოფიერი, მარტივი და პოზიტიური იყოს. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ არ ვაპირებ, შემოვიფარგლო მხოლოდ საქართველოთი, რადგან ეს პროფესია ადამიანს აძლევს საშუალებას, ნებისმიერ ქვეყანაში გახდეს წარმატებული. 

ხელოვნური ინტელექტი ადამიანებს მოწყენის საშუალებას არ მისცემს, რადგან მუდმივად ვითარდება და სიახლეებს გვთავაზობს, რაც ნებისმიერი სფეროსთვის მნიშვნელოვანია. აქ ერთგვაროვანი რუტინა არასდროს იქნება და სწორედ ეს არის ყველაზე საინტერესო ჩემთვის – მუდმივად სიახლეებთან შეჭიდება!”.

მარიამ ალექსიშვილი, ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემთა მეცნიერების სტუდენტი:

„ბევრი პროფესია მიზიდავდა და ზუსტად არ ვიცოდი, სად გამეგრძელებინა სწავლა. იქიდან გამომდინარე, რომ ტექნიკური საგნები ბავშვობიდან მიყვარდა, გადავწყვიტე, ამ მიმართულებით მომეძიებინა მომავალი საქმიანობა. 

SEU-ს შესახებ ჯერ კიდევ მე-11 კლასში, სოციალური ქსელიდან შევიტყვე. როდესაც მას ხელოვნური ინტელექტის პროგრამა დაემატა, აღწერა, რომელიც ამ პროგრამას ახლდა, ჩემთვის ძალიან ამბიციურად ჟღერდა და პირობებიც საკმაოდ დამაკმაყოფილებელი იყო, ამიტომ საბოლოო არჩევანი მასზე გავაკეთე. ჩემზე იმანაც იქონია გავლენა, რომ SEU დიდ ყურადღებას უთმობდა შეფასებას მათემატიკის გამოცდაზე, რადგან ერთ-ერთი ყველაზე მაღალი, 50%-ზე მეტი ბარიერი ჰქონდა.
დღეს ჩემთვის სასიხარულოა, რომ ჩემი თანატოლებიდან სწორედ მე აღმოვჩნდი ამ პროგრამის ერთ-ერთი პიონერი. ხელოვნური ინტელექტი საკმაოდ სწრაფად ვითარდება. ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ  google assistant-ისა და siri-ს შესაძლებლობებიც გვიკვირდა, რომლებიც არ გამოირჩევა მომხმარებლის სიღრმისეული გაგებით და საძიებო სისტემიდან ამოღებულ პასუხს აგენერირებს. ახლა კი არსებობს chatGPT, რომელსაც შეუძლია ისეთ სპეციფიკურ კითხვებსაც კი უპასუხოს,  რომლებზეც პირდაპირი პასუხი ვერ მოიძებნებოდა საᲫიებო სისტემებᲨი; შეუძლია კომპლექსური მათემატიკური დავალებების შესრულება, სხვადასხვა თემის ახსნა და ა.შ. 

არაა გასაკვირი, რომ საზოგადოებამ შიში იგრძნოს ასეთი სწრაფი განვითარებისადმი, იმასაც ამბობენ, რომ ბევრ პროფესიას ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს. ჩვენ ახლა ტექნოლოგიური რევოლუციის ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც ბევრი ცვლილება ხდება და კაცობრიობის ცხოვრებას ახალი წესები უყალიბდება. ჩემი აზრით, ხელოვნური ინტელექტი იმ მიმართულებით უნდა განვითარდეს, რომ შეუმსუბუქოს ადამიანს საქმიანობა და ეთანამშრომლოს. შესაბამისად, ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ ავირჩიე ეს სფერო, ისიცაა, რომ AI-ს სწორი მიმართულებით განვითარებას შევუწყო ხელი და კი არ მეშინოდეს მისი, არამედ გარკვეული ვიყო ყველა დეტალში. მჯერა, რომ უნარები, რომლებსაც ამ პროგრამაზე გამოვიმუშავებ, ჩემი მიზნების შესრულებაში დამეხმარება”. 

საბა ლომსაძე, ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემთა მეცნიერების სტუდენტი:

„ეს პროგრამა იმიტომ ავირჩიე, რომ მოხიბლული ვარ, თუ როგორ რევოლუციას ახდენს ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე სამყაროზე. ეს მოწინავე ტექნოლოგიები უსაზღვრო შესაძლებლობებს გვთავაზობს და მიხარია, რომ ვარ ამ ინოვაციური და საინტერესო მოგზაურობის ნაწილი. 

უნარები და ცოდნა, რასაც ეს პროგრამა მთავაზობს, ძალიან მოთხოვნადია დღეს და კიდევ უფრო მოთხოვნადი გახდება, ამიტომ მინდა, მზად ვიყო საინტერესო კარიერისთვის და ინოვაციების წინა პლანზე ვიდგე.

ხელოვნური ინტელექტის ყველაზე საინტერესო ნაწილი არის მისი პოტენციალი, მოახდინოს რევოლუცია ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტზე, მანქანური სწავლების ალგორითმებიდან, რომლებსაც შეუძლიათ უზარმაზარი რაოდენობის მონაცემების გაანალიზება, ბუნებრივი ენის დამუშავების სისტემებამდე, რომლებსაც შეუძლიათ ადამიანის ენის გაანალიზება და დამუშავება. ხელოვნური ინტელექტის სისტემების სწავლის, ადაპტაციისა და გონივრული გადაწყვეტილებების მიღების უნარი მართლაც გასაოცარი და მომხიბლავია.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ვგეგმავ, ვითანამშრომლო მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიასთან, რომელიც სპეციალიზებული იქნება ხელოვნურ ინტელექტში და შემეძლება კიდევ უფრო განვივითარო უნარები და ცოდნა ამ სფეროში”.

[R]

როგორ აფასებს Flowmaster სფოთლაითის მხარდაჭერას

„ელიტ ელექტრონიქსი“ სფოთლაითის ვერცხლის სპონსორია