ზოგჯერ უბრალოდ გვინდა, ტელევიზორი ჩავრთოთ, მის წინ კომფორტულად მოვკალათდეთ, სასუსნავები მოვიმარაგოთ და ყველაზე სევდიანი ფილმის ყურებისას ცრემლებად დავიღვაროთ… რეალურად, კინოს ჩვენში იმ ემოციების ზედაპირზე ამოტივტივება შეუძლია, რომლებიც შინაგანად გვაქვს — იქნება ეს სევდა, სასოწარკვეთა, სიხარული, ბედნიერება თუ სხვა.
კინოს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, ახალ სამყაროებში გადაგვიყვანოს და ემოციების ფართო სპექტრში მოგვაქციოს. მათ შორის სევდას განსაკუთრებული ადგილი უკავია — მიუხედავად ცრემლებისა და გულისტკივილისა, რომელიც დრამას ახლავს თან, ისევ და ისევ, უწყვეტად ვიხიბლებით მისით.
სტატიაში სწორედ სევდიანი ფილმებისადმი ჩვენი სიყვარულის მიზეზებს განვიხილავთ.
მეცნიერება სევდიანი ფილმებისადმი სიყვარულის მიღმა
შესაძლოა, არალოგიკურად გვეჩვენებოდეს ისეთი გამოცდილების ძიება, რომელიც დარდს იწვევს, მაგრამ ეს ღრმად ფესვგადგმული გატაცებაა. მსგავსი სიუჟეტები ათწლეულების განმავლობაში იპყრობდა მაყურებელს და შეგრძნებების ნაზავს გვიტოვებდა — დაწყებული მელანქოლიით, დასრულებული კათარსისით.
მეცნიერების აზრით, სევდიანი ფილმები ღრმა, რეალურ ემოციებთან შეხვედრის შანსს გვაძლევს, თანაც დაცულ გარემოში. ეკრანზე უსაფრთხო მანძილიდან „რეალობის განცდით“, ჩვენი ემოციური პასუხები ავთენტური და ნამდვილია. ეს ემოციური გათავისუფლება, რომელსაც კათარსისად მოვიხსენიებთ, საშუალებას გვაძლევს, „დამარხული გრძნობებისგან“ განვიწმინდოთ და ჩვენი ცნობიერება გავზარდოთ. სხვა სიტყვებით, დეპრესიისგან გამოწვეული განცდები შეიძლება დროებით ხელახლა გაჩნდეს, რაც ინდივიდს საშუალებას მისცემს, ის ძირითადი საკითხები განსაზღვროს, რომლებიც რეალურად აწუხებთ.
მადლიერება და ბედნიერება
რამდენიმე კვლევის თანახმად, სევდიან ფილმებსა და ბედნიერებას შორის მჭიდრო კავშირი არსებობს. ტრაგედიებით გამოწვეული ემოციური კავშირი მაყურებელს საშუალებას აძლევს, საკუთარ ცხოვრებაში არსებული ახლო ურთიერთობები დააფასონ.
გაზიარებული ემოციური გამოცდილება და კავშირი
კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც გვიყვარს სევდიანი ფილმები, არის კავშირის გრძნობა, რომელიც საერთო ემოციური გამოცდილებიდან წარმოიქმნება. კვლევების მიხედვით, ერთად სიცილმა, ერთად ცეკვამ და გუნდში მუშაობამ შეიძლება გააუმჯობესოს სოციალური ურთიერთობები და ტკივილის ტოლერანტობა, ენდორფინის გაზრდის გზით.
ანალოგიურად, სევდიანი ფილმის ერთად ყურებამ შეიძლება გამოიწვიოს სოციალური შემაკავშირებელი ეფექტი, რადგან საერთო ემოციური გამოცდილება ცვლის ჩვენი ენდორფინების მიღებას და სხვებთან მეტ სიახლოვეს გვაგრძნობინებს.
ემოციების დადასტურება
სევდიანი ფილმები ადასტურებს ჩვენს საკუთარ ემოციებსა და გამოცდილებას. ასეთი სიუჟეტები გვახსენებს, რომ სევდა ადამიანის მდგომარეობის ბუნებრივი ნაწილია. თანაც ბევრი რეჟისორი საკმაოდ დამაჯერებელ ნარატივებს ქმნის, რაც რეალურობის შეგრძნებას ამძაფრებს — მხატვრულობასთან ერთად სინამდვილესაც ვგრძნობთ.