არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ისა და UNDP-ის მხრიდან გრძელდება ცნობიერების ამაღლება პლასტმასის ნარჩენების შემცირებასთან დაკავშირებით. მსგავს თემაზე დაწერილ სხვა მასალებს შეგიძლიათ, ჩვენს გვერდზე გადახედოთ. დღევანდელ სტატიაში კი ჰორეკა სექტორში გადადგმულ სხვა წარმატებულ ნაბიჯებს გაგიზიარებთ.
როგორც იცით, ორგანიზაციებმა ამ საქმეში აქტიურად ჩართეს ჰორეკა სექტორის წარმომადგენლები, რადგან მათთვის პლასტმასა და მისგან გამოწვეული საფრთხეები დიდ გამოწვევას წარმოადგენს. ცირკულარული პრაქტიკების დანერგვა ჯერჯერობით ახალია საქართველოში მოქმედი ბიზნესებისთვის, თუმცა ბევრი მათგანი უკვე გათვითცნობიერდა ამ საკითხში და შეუძლია თავისი გამოცდილება სხვასაც გაუზიაროს. ამ სტატიაში სწორედ ასეთ სასტუმროებს გაგაცნობთ, თუმცა მანამდე მცირე ინტერვიუს წარმოგიდგენთ ნანა თაკვარელიასთან, CENN-ის პროექტების მენეჯერთან.
M: ნანა, რა გამოწვევებია დღეს ჰორეკა სექტორში ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით და როგორ ეხმარება CENN მათ ცნობიერების ამაღლებაში?
ზოგადად, ჰორეკა სექტორისთვის პლასტმასის ნარჩენები დიდ გამოწვევას წარმოადგენს. გარდა იმისა, რომ საქართველოში ჯერ არ არსებობს ცენტრალიზებული, დახარისხებული ნარჩენების შეგროვების სისტემა, საქართველოში ახალია სხვა ცირკულარული პრაქტიკებიც.
მნიშვნელოვანია, ჰორეკა ბიზნესებმა უპირველეს ყოვლისა კარგად მოიკვლიონ ნარჩენების წარმოქმნის წყაროები თავიანთ ბიზნესებში და გადახედონ შესყიდვებს. სწორედ ამ ინფორმაციის საფუძველზე, მოელაპარაკონ როგორც მომწოდებლებს, ისე გადამმუშავებელ კომპანიებს, რათა მოიძიონ ერთჯერადი პლასტმასის ალტერნატივა და დაახარისხონ ის პლასტმასა, რომლის შემცირებაც ვერ ხერხდება.
სწორედ ამ მიზნით, CENN მუშაობს სასტუმროებთან და ხელს უწყობს მათ, რომ სწორად ჩაატარონ ნარჩენების აუდიტი და ნარჩენების წყაროების იდენტიფიცირება, გააკეთონ შესყიდვების ანალიზი და მოელაპარაკონ მომწოდებლებს ერთჯერადი პლასტმასის ალტერნატივებზე. ეს, განსაკუთრებით, შეფუთვებს ეხება. ამასთანავე, CENN მუშაობს ჰორეკა ბიზნესებთან მწვანე შესყიდვების მიმართულებითაც.
CENN-ის ბიზნესკამპანიის ფარგლებში, მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრენინგები და მათ უკვე განახორციელეს მნიშვნელოვანი აქტივობები პლასტმასის ნარჩენების შესამცირებლად.
M: გაგვიზიარეთ უკვე დანერგილი ცირკულარული გადაწყვეტები, რომლებიც დადებითად აისახება გარემოზე.
უკვე გვაქვს ცირკულარული ეკონომიკის მნიშვნელოვანი მაგალითები, განსაკუთრებით, ჰორეკა სექტორში:
- სასტუმროები მომხმარებლებს თავის მოვლის საშუალებებს აღარ სთავაზობენ ერთჯერად შეფუთვებში. ახლა უკვე მრავალჯერადი დისპენსერებია სასტუმროებში განთავსებული;
- სასტუმროების საკონფერენციო სივრცეში პლასტმასის წყლის ბოთლები ჩანაცვლდა შუშის ბოთლებით.
- სასტუმროებმა ასევე დაიწყეს პლასტმასის დახარისხება და რეციკლირება;
- გვაქვს მაგალითები, როცა მათ წყლის დისპენსერები დაამონტაჟეს, რომლებიც ხელს უწყობს პლასტმასის ბოთლების მოხმარების შემცირებას.
M: თქვენი გამოცდილებით, რა მაგალითები გახსენდებათ ჰორეკა სექტორიდან, სადაც უკვე დაინერგა ნარჩენების შემცირების პრაქტიკა?
გამოვყოფდი „სევსამორას”, რომელმაც ბევრი ღონისძიება გაატარა პლასტმასის შემცირების მიზნით: წყლის დისპენსერები დააერთა პირდაპირ ონკანზე, რითაც აღმოფხვრა წყლის ბინულების საჭიროება; დაიწყო შუშისა და პლასტმასის განცალკევება, რომლებსაც აბარებს კომპანიებს „კერე” და „ტენე”.
ასევე, აღსანიშნავია კომპანია „თომას ქოხი”, რომელმაც მრავალჯერადი ალტერნატივებით მთლიანად ჩაანაცვლა ერთჯერადი თეფშები, ჭიქები და ჭურჭელი. მსგავსი ნაბიჯი აუმჯობესებს სასტუმროს იმიჯს და ხელს უწყობს დიდი რაოდენობით ნარჩენების შემცირებას. ამასთანავე, მნიშვნელოვან მაგალითს აძლევს სხვა პატარა სასტუმროებსა და კოტეჯებს.
Marketer-ში გადავწყვიტეთ, ინტერვიუს დროს დასახელებულ სასტუმროებსაც გავსაუბრებოდით და უშუალოდ მათგან გაგვეგო, რა ტიპის ცირკულარული პრაქტიკა დანერგეს თავიანთ საქმიანობაში.
ეკა დევიძე, საოჯახო სასტუმრო „თომას ქოხი”:
„საოჯახო სასტუმრო „თომას ქოხი” ბახმაროში მდებარეობს. 29 თებერვალს CENN-მა გაეროს განვითარების პროგრამისა და ნორვეგიის მხარდაჭერით, სასტუმროს წარმომადგენლებისათვის ტრენინგი გამართა თემაზე: „როგორ შევამციროთ პლასტმასის ნარჩენები სასტუმროებში”.
ჩვენი ადმინისტრაცია ამ ტრენინგს დაესწრო და მას შემდეგ გვინდოდა, პლასტმასის მოხმარების შემცირების კუთხით გაგვეტარებინა გარკვეული ღონისძიებები. ამ ინიციატივის ფარგლებში, ერთჯერადი ჭიქები, თეფშები, დანა-ჩანგალი ჩავანაცვლეთ მრავალჯერადი გამოყენების შუშისა და ხის ჭურჭლით. წყლის პლასტმასის ბოთლები კი შეიცვალა მინის ბოთლებით.
ვაპირებთ, ყველა სხვა რეკომენდაციაც გავითვალისწინოთ, რომლებიც მივიღეთ კამპანიის ფარგლებში და სხვებსაც ვურჩევთ, აიმაღლონ ცნობიერება გარემოსდაცვით საკითხებში, დანერგონ ინოვაციური მიდგომები და ჩაერთონ სხვადასხვა ღონისძიებაში”.
ქეთევან ჯამარაული, სასტუმრო „სევსამორა”:
„CENN-ის კამპანიის „შეამცირე პლასტმასით დაბინძურება“ ფარგლებში, დავნერგეთ რამდენიმე სიახლე, რომლებიც დაგვეხმარა სასტუმროში პლასტმასის ნარჩენების შემცირებაში. აღნიშნული აქტივობების განხორციელებას მცირე დრო და რესურსი დასჭირდა.
წყლის დისპენსერები ეკომეგობრული, ინოვაციური სისტემით ჩავანაცვლეთ; დავიწყეთ პლასტმასისა და შუშის განცალკევება და ჩაბარება; კონფერენციების დროს პლასტმასის კალმების მაგივრად ვიყენებთ ფანქრებს, ხოლო წყლის პლასტმასის ბოთლები ჩანაცვლდა შუშის ბოთლებით. ეს პროცესი არ არის ერთჯერადი, რაც ნიშნავს, რომ მსგავსი ღონისძიებები გრძელდება და სასარგებლო ცვლილებები სხვადასხვა მიმართულებით გვაქვს დაგეგმილი. გვსურს წყლის მოხმარების შემცირება, წვიმის წყლის შეგროვება და სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყენება; ნარჩენების მართვა და ტერიტორიის კიდევ უფრო მეტად გამწვანება.
იმ სასტუმროებს, რომელთაც ჯერ უფიქრია პლასტმასის შემცირებაზე, ვურჩევდით გაეზიარებინათ ჩვენი პრაქტიკა ზემოთ ჩამოთვლილი აქტივობების სახით, რაც არის მარტივად განსახორციელებელი და არც დიდ დანახარჯებთანაა დაკავშირებული. ამით ისინი პოზიტიურ ზეგავლენას მოახდენენ როგორც გარემოზე, ასევე საზოგადოებაზე”.
სტატია შექმნილია პროექტის „შევამციროთ პლასტმასით დაბინძურება“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ნორვეგიის მხარდაჭერით. პროექტის მიზანია ნარჩენების მართვის ცირკულარული მოდელების დანერგვის ხელშეწყობა, დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობების გაზრდა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
[R]