რამდენიმე დღის წინ, ინტერნეტსივრცეში ახალი ონლაინ სექსშოპი Shop69.ge გამოჩნდა. სტარტაპი ქართველმა ცოლ-ქმარმა წამოიწყო. მათი თქმით, ეს არის მცდელობა, ერთ სივრცეში სხვადასხვა მიმართულება მოექცეს: სექსშოპი, სექსუალური განათლება, ინტერაქტიული ფორუმი კითხვის დასმისა და საკითხების განხილვის შესაძლებლობით, თემატური ვლოგები და ა.შ. რაც შეეხება პროდუქციას, უცხოური ნაწარმის გვერდით, სტარტაპერები ბაზარზე ქართულ პროდუქციას იძიებენ. ცდილობენ, დიზაინერებს ეთანამშრომლონ, რომლებიც საქართველოში სექსსათამაშოებს, სექსუალურ თეთრეულსა თუ სხვა, თემატურ პროდუქციას ქმნიან. მსგავსი პროდუქტი ვებგვერდზე კატეგორია „სექსი ქართულადის“ ქვეშ ერთიანდება.
Shop69.ge-თ სარგებლობა საქართველოს მასშტაბითაა შესაძლებელი, ქართული ბაზრის სპეციფიკიდან გამომდინარე, ვებგვერდის შემქმნელები გარკვეულ ზომებს იცავენ (მაგალითად, რეგიონული შეკვეთის შემთხვევაში, კურიერმა არ იცის, რა პროდუქტს აწვდის მომხმარებელს) და ამასთან, ცდილობენ, უშუალო კომუნიკაციას ვებგვერდის სტუმრებთან:
მახსოვს, დაახლოებით, 15 წლის წინ გაიხსნა მაღაზია, რომელსაც მოსახლეობამ ქვები დაუშინა. ეს დრო გავიდა, თუმცა, ფიზიკური მაღაზია რომ გააკეთო, შეიძლება იგივე განმეორდეს, ამიტომ, ონლაინ მაღაზია კარგი გამოსავალია. პირველი ქართული ონლაინ სექსშოპი არ ვართ, არიან სხვებიც. თუმცა, მათ აქვთ ისეთი ტონი, თითქოს ცუდ და დასამალ რამეს აკეთებდნენ. მათ საიტზე შედიხარ ინკოგნიტოთი, ან მხოლოდ ღამის 12 სააათის შემდეგ შეგიძლია პროდუქციის გამოწერა და ა.შ. ჩვენ გვინდა, უშუალო კომუნიკაცია მომხმარებელთან და იმის დანახვება, რომ არაფერ ცუდსა და სასირცხვილოს არ ვაკეთებთ, პირიქით“, – გვიყვება Shop69-ის თანადამფუძნებელი გიორგი, რომელიც პარალელურად, რამდენიმე კომპანიის სისტემური და IT მენეჯერია.
სანამ ამ მიმართულებით მუშაობას დაიწყებდა, ქართველ წყვილს 2009 წლიდან ჰქონდა პლატფორმა Sexart.ge. ამ გზით, ისინი დგამდნენ ნაბიჯებს საზოგადოებაში სექსუალური განათლების ზრდის მიმართულებით. ეს იყო სექსუალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებისა თუ ამ საკითხებთან დაკავშირებით, სპეციალურ ფორუმებზე გამოცდილების გაზიარების მცდელობა. რომელიც შემდეგ, სექსშოპის იდეაში გადაიზარდა:
თემატურ პორტალ Sexart.ge-ზე ვწერდით სექსზე, პრობლემებზე, ჯანმრთელობაზე, პოზებზე და ა.შ. დროთა განმავლობაში, მომხარებელთა რიცხვი გაიზარდა და სექსშოპზე მოთხოვნა გაჩნდა. ხარისხიანი პროდუქციის გამოწერა, აქამდე, ხშირად, უცხოური საიტებიდან უწევდათ“.
M: თქვენს ვებგვერდზე სტუმრობისას, ყურადღებას იქცევს კატეგორიები, ისინი ქართველ მომხმარებელს მოარგეთ?
დიახ, გვინდა, რომ ჩვენი ვებგვერდი სექსუალურთან ერთად, სახალისოც იყოს. ვცდილობთ, მომხმარებელთან უშუალო მიდგომას, არ გვინდა ტაბუდადებული პროდუქციის რეალიზების განწყობას ვქმნიდეთ, ამიტომაც, გავამარტივეთ და სახალისო გავხადეთ კატეგორიები.
M: თუმცა, მიუხედავად ამ უშუალო და ტაბუსაწინააღმდეგო მიდგომებისა, გაქვთ ანონიმური მიწოდების სერვისი…
დიახ, მომხმარებელთა მოთხოვნის გათვალისწინებით, შევქმენით ისეთი შეფუთვა, რომლიდანაც პროდუქციის ტიპი, ან სექსშოპის ლოგო არ ჩანს. ასევე, ანონიმურია მიწოდება რეგიონების შემთხვევაში. ეს გადაწყვეტილება ბაზრის სპეციფიკიდან გამომდინარე მივიღეთ.
M: საიდან იღებთ პროდუქციას, რომელიც სექსშოპშია წარმოდგენილი?
აქ აღსანიშნავია ერთი მნიშვნელოვანი რამ. სხვადასხვა მიმართულების გვერდით, ხელს ვუწყობთ ქართველ დიზაინერებს, რომლებიც საქართველოში ქმნიან სექსუალურ პროდუქციას. საქართველოს გარდა, პროდუქციას ვიღებთ ჩინეთიდან, საიდანაც ევროპული მაღაზიების უმეტესობა მარაგდება. დიდ ყურადღებას ვაქცევთ იმას, რომ სერტიფიცირებული ნაწარმი გვქონდეს.
M: როგორია Shop69.ge-ს სამომავლო გეგმები?
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ვაკეთებთ ვლოგს, სადაც განვიხილავთ ხოლმე კონკრეტული ნივთის მოხმარებასთან დაკავშირებულ დეტალებს. სამომავლოდ, ვგეგმავთ სახალისო ვიდეოების ჩაწერას. კატეგორია „სექსი საქართველოში“ მთლიანად ჩვენი პროდუქტია, საქართველოში დამზადებული პროდუქციით და ვფიქრობთ, ამ კუთხით ბევრ დიზაინერთან თანამშრომლობას. სარეკლამოდ გამოყენებული ფოტოები არის საქართველოში გადაღებული, ქართველი მოდელების მონაწილეობით და ვგეგმავთ, ამ მიმართულებით სხვა აქტივობებსაც. ამ ეტაპზე კი, ვფიქრობთ, რამდენიმე თვის განმავლობაში გაგვიცნობს მომხმარებელი, შემდეგ კი ვგეგმავთ დიდ პროექტს, რომელზეც ჯერ ვერ ვისაუბრებთ.