in

როგორ ვაქციოთ სეზონური მარკეტინგი გრძელვადიან ურთიერთობად მომხმარებელთან

სხვადასხვა დღესასწაული ან, თუნდაც, BACKTOSCHOOL-კამპანიები ბრენდებისთვის წლის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პერიოდია – ადამიანები ამ დროს უფრო ბევრ რამეს ყიდულობენ, ეძებენ საჩუქრებს და სხვადასხვა შეთავაზებას ეცნობიან. თუმცა კომპანიების მარკეტინგულმა გუნდმა ეს პერიოდი მხოლოდ გაყიდვების გაზრდის შესაძლებლობად არ უნდა გამოიყენოს. მართალია, მომხმარებლის ქცევა დღესასწაულების დასრულების შემდეგ იცვლება, მაგრამ ბრენდს სწორედ ამ ცვლილებების გამოყენება შეუძლია იმისთვის, რომ ერთჯერადი ყურადღება ხანგრძლივ ურთიერთობად აქციოს.

ამის კარგი მაგალითია ფიზიკური აქტივობის მოყვარული მომხმარებლების ქცევა. დღესასწაულების პერიოდში მათი რუტინა შესაძლოა შეიცვალოს, თუმცა ბოლომდე მაინც არ გაქრეს, ამიტომ ბრენდებისთვის მნიშვნელოვანი ხდება არა მხოლოდ სადღესასწაულო შეთავაზებები, არამედ ისიც, როგორ აგრძელებენ ურთიერთობას შემდეგ. ამის სამი საინტერესო გზა არსებობს.

გახადეთ ბრენდი მომხმარებლის ტრადიციების ნაწილი

დღესასწაულებს უამრავი განმეორებადი რიტუალი ახლავს: გოგრების გამოჭრა, ნაძვის ხის მორთვა, საჩუქრების შეფუთვა, სადღესასწაულო კერძების მომზადება თუ მეგობრებთან შეხვედრა. ბრენდს არ სჭირდება ამ ტრადიციების ჩანაცვლება. პირიქით, უფრო ეფექტურია, თუ ის უკვე არსებულ რიტუალს ბუნებრივად მოერგება და მასში საკუთარ ადგილს იპოვის.

ამის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითი Coca-Cola-სა და შობის კავშირია. ბრენდმა საშობაო რეკლამები ჯერ კიდევ 1920-იან წლებში დაიწყო, თუმცა 1931 წელს ჰადონ სანდბლომის მიერ შექმნილმა სანტას სახემ Coca-Cola-ს სადღესასწაულო კომუნიკაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა. თბილი, მხიარული, წითელ ტანსაცმელში გამოწყობილი სანტა წლების განმავლობაში ბრენდის რეკლამებში ჩნდებოდა და საბოლოოდ Coca-Cola-ს ერთ-ერთ ყველაზე ცნობად საშობაო სიმბოლოდ იქცა. თავად ბრენდი აღნიშნავს, რომ სანტა არ შეუქმნია, თუმცა მისმა რეკლამებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი იმ ხატის ჩამოყალიბებას, რომელსაც დღეს მთელ მსოფლიოში ვიცნობთ.

ეს კავშირი მხოლოდ ერთჯერად კამპანიად არ დარჩენილა. სანტას გარდა, Coca-Cola-ს საშობაო კომუნიკაციებში წლების განმავლობაში დამკვიდრდა წითელი სადღესასწაულო სატვირთოები, პოლარული დათვები და სხვა განმეორებადი ვიზუალური ელემენტები. შედეგად, ბრენდის გამოჩენა სადღესასწაულო სეზონზე თავად იქცა ბევრისთვის შობის დაწყების ერთგვარ ნიშნად. Coca-Cola-ს 2024 წლის კომუნიკაციაშიც კი ბრენდის საშობაო მემკვიდრეობა სწორედ ამ სიმბოლოების: სანტას, განათებული სატვირთოებისა და პოლარული დათვების საშუალებით იყო წარმოდგენილი.

დაეხმარეთ მომხმარებელს ახალი ჩვევის ჩამოყალიბებაში

დღესასწაულების დროს ბრენდს შეუძლია პროდუქტის რეკლამირების ნაცვლად, მომხმარებელს მიზნის მიღწევაში დაეხმაროს. 

Samsung-მა ეს მიდგომა 2025 წლის იანვარში გამოიყენა, როდესაც Strava-ზე საკუთარი პირველი გამოწვევა გაუშვა. მისი დავალება იყო ერთი თვის განმავლობაში 250 წუთის ფიზიკური აქტივობის შესრულება, რომელშიც საკუთარი Galaxy Watch-იც ბუნებრივად ჩართო. პროდუქტის შესახებ ინფორმაცია მომხმარებელს სწორედ მაშინ ხვდებოდა, როდესაც გამოწვევის კონკრეტულ ეტაპს ასრულებდა. ამ გზით სარეკლამო მესიჯი უბრალოდ ეკრანზე გამოტანილი შეთავაზება აღარ იყო – პროდუქტი მომხმარებლის მიღწევებთან ასოცირდებოდა.

დღესასწაულების დასრულების შემდეგაც დარჩით მომხმარებლის ცხოვრებაში

სეზონური კამპანიის დასრულება მომხმარებელთან ურთიერთობის დასრულებას არ უნდა ნიშნავდეს. პირიქით, გრძელვადიანი კავშირისთვის მნიშვნელოვანია, რომ ბრენდი მომხმარებლის ცხოვრებაში მაშინაც დარჩეს, როცა სადღესასწაულო პერიოდის განსაკუთრებული ყურადღება უკვე დასრულებულია.

იგივე ლოგიკა თანამედროვე Nike-ის კამპანიაშიც ჩანს: დეკემბერში, მაშინ, როცა სადღესასწაულო დატვირთვა ადამიანებს ვარჯიშის კალაპოტიდან აგდებს, ბრენდმა Instagram-ზე ისეთი კონტენტი შექმნა, რომელიც მომხმარებლებს იანვარში უკეთეს ფორმაში დაბრუნების მოტივაციას აძლევდა. კამპანია Nike Training Club-ისა და Nike Run Club-ის აპებსაც უკავშირდებოდა, ანუ სეზონური კომუნიკაცია მომხმარებლის შემდგომ ქცევაში გაგრძელდა.

აქ მთავარი გაკვეთილი ისაა, რომ ბრენდმა მომხმარებელს მხოლოდ მაშინ არ უნდა მიმართოს, როცა ის ყიდვისთვის მზად არის. 

კომპანიები ხშირად დიდ რესურსს ხარჯავენ იმისთვის, რომ მომხმარებლის ყურადღება სადღესასწაულო პერიოდში მიიპყრონ. თუმცა ამ ყურადღების შენარჩუნება და მომხმარებლის ყოველდღიურ ცხოვრებაში დარჩენა გაცილებით უფრო ღირებული შეიძლება აღმოჩნდეს.

საერთო პრინციპი ასეთია: ბრენდი არ ცდილობს მომხმარებლის ცხოვრებაში საკუთარი საჭიროების ხელოვნურად შექმნას – ის ერთვება იმ ტრადიციებში, მიზნებსა და რუტინებში, რომლებიც მომხმარებლისთვის ისედაც მნიშვნელოვანია. სწორედ ასეთი მიდგომა აქცევს სეზონურ ჩართულობას ნდობად, განმეორებით ინტერაქციად და, საბოლოოდ, გრძელვადიან ურთიერთობად. 

Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ

როგორ მოვამზადოთ iPhone iOS 27-ის დასაყენებლად?