გაზაფხული მოვიდა და ეს ის პერიოდია, როცა ზამთრის სიცივის შემდეგ ბუნებაც ახლდება და იღვიძებს. შეიძლება არც კი იცოდეთ, რომ ჩვენი ორგანიზმი სეზონების მიხედვით მოქმედებს. ჩინურ მედიცინაში აღიარებულია, რომ სეზონურ ცვალებადობასთან ერთად ჩვენც უნდა გავიაროთ ადაპტაცია იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ჯანმრთელობას. გარემოსთან ჰარმონიაში ცხოვრებით, ჩვენ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ ავადმყოფობა და დისბალანსი. ამ მხრივ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ ვიკვებებით.
ზოგიერთები ფიქრობენ, რომ წელიწადის სხვადასხვა დროს ნებისმიერი ტიპის კვება მისაღებია და საერთოდ არ უნდა მივაქციოთ ყურადღება, როდის რას მივირთმევთ, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის. ის, რასაც ჩვენ დიდ დროს არ ვუთმობთ, ყურადსაღებია ჩვენი ორგანიზმისთვის, ამიტომ არსებობს ბევრი ფაქტორი, რომელსაც სეზონურად უნდა მივაქციოთ ყურადღება.
უპირველეს ყოვლისა, გავარკვიოთ, რას ნიშნავს სეზონური კვება…
სეზონური კვება გიბიძგებთ, ყურადღება გაამახვილოთ სეზონურ ხილსა და ბოსტნეულზე. ცხოვრების ეს წესი შეიძლება მოიცავდეს გარკვეული სახეობის თევზის ან ხორცის ჭამას წლის კონკრეტულ მონაკვეთში, თუმცა როდესაც სეზონურ კვებას ვახსენებთ, მაინც პირველად ხილი და ბოსტნეული გვახსენდება, რადგან ეს პროდუქტები სწორედ წელიწადის დროების მიხედვით მოდის. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სეზონი შეიძლება სხვადასხვა პერიოდს ნიშნავდეს სხვადასხვა რეგიონისა და ქვეყნისთვის.
სეზონური კვება ხელს უწყობს ჯანსაღი გარემოს შექმნას. მაგალითად, გვიან გაზაფხულზე მოყვანილი მარწყვი ბევრად უფრო სასარგებლოა, ვიდრე ზამთარში მოყვანილი. კულტურების სეზონურად მოყვანა და მოხმარება არა მხოლოდ გემრიელ საკვებს გვაძლევს, არამედ საშუალებას აძლევს გარემოს ციკლურად გადაიტანოს თავისი ბუნებრივი რესურსები და სეზონები.
სეზონი და პროდუქტები
წელიწადის ყველა დროს არის გარკვეული სახეობის ხილი და ბოსტნეული. მაგალითად, თუ ზაფხულში უნდა მიირთვათ ქლიავი, გარგარი, ალუბალი და სხვა ზაფხულში მოსული ხილ-ბოსტნეული, ზამთარში ისინი უნდა ჩანაცვლდეს ციტრუსებით. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ზამთარში ნივთიერებათა ცვლის პროცესი შენელებულია, იმატებს ვირუსების ან უბრალოდ გაციების ალბათობა, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ერთი მხრივ, შემოდგომიდანვე მოყოლებული შევამზადოთ ორგანიზმი ზამთრისთვის, მეორე მხრივ კი, უშუალოდ ზამთარში მივიღოთ სწორი პროდუქტები და ჩვენი მენიუს ძირითადი ნაწილი გავხადოთ ის საკვები, რომელიც ამ ცივ სეზონს ჯანსაღად გადაგვატანინებს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც ზამთართან დაკავშირებით უნდა გაგიზიაროთ, არის დაკონსერვებული საკვების შესახებ ინფორმაცია. ბევრი ჩვენგანი ჯერ კიდევ ზაფხულიდან იმარაგებს ხილის კომპოტებსა და ბოსტნეულის კონსერვებს ზამთრისთვის. უნდა გითხრათ, რომ ეს მხოლოდ ზამთარში კვების რაციონის გამრავალფეროვნებაა და არ აქვს რაიმე კავშირი ვიტამინების მიღებასა და სწორ კვებასთან. უხეშად რომ ვთქვათ, ორგანიზმი არ ტყუვდება მსგავსი პროდუქტებით და მათ არანაირ კვებით ღირებულებას არ ანიჭებს.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ როდესაც ხილი და ბოსტნეული იზრდება მისთვის ნაცნობ და ბუნებრივ გარემოში, ანუ იმ სეზონზე, რომელიც ბუნებრივად მას მიეკუთვნება, ისინი იზრდება და მწიფდება ყოველგვარი ხელოვნური დანამატის გარეშე და არის სრულიად ჯანმრთელი საკვები ჩვენთვის.
რიტუჩარია
როდესაც სეზონური კვების მნიშვნელობაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა გაგიზიაროთ ინდური პრაქტიკა, რომელიც გვასწავლის, თუ რა მნიშვნელობა აქვს სწორ კვებას წელიწადის შესაბამისი პერიოდის მიხედვით. „რიტუ” ნიშნავს სეზონს, ხოლო ჩარია წესსა და რეჟიმს. ეს კულტურა საკმაოდ ძველია და ხაზს უსვამს სწორედ იმ ასპექტებს, რომლებზეც დღეს ჩვენ გესაუბრებით. რიტუჩარია გვეუბნება, რომ პრევენცია არის ადამიანის ჯანმრთელობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი და ამას ჩვენ სწორედ სეზონური სწორი კვების მიხედვით მოვახერხებთ. დღევანდელ ეპოქაში ძალზე ხშირია ცხოვრების წესის დარღვევა, რაც ძირითადად გამოწვეულია სეზონური რეჟიმის არარსებობით, სეზონურ მახასიათებლებში კონცენტრაციის ნაკლებობის გამო. რიტუჩარიას სწავლებაში ნათქვამია, რომ სეზონური ცხოვრების დარღვევა აზიანებს ჩვენს ორგანიზმს და მის შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა გვქონდეს, რათა დავიცვათ ჩვენი თავი და ახლობლები ჯანმრთელობის დაზიანებისაგან.
რძე და სეზონი
არსებობს ბევრი კვლევა იმასთან დაკავშირებით, რომ რძე და სეზონები ერთმანეთთან ურთიერთკავშირშია. სიმკვრივის თვალსაზრისით, ის ბევრად უფრო მკვრივია ზაფხულში და ნაკლებად ზამთარში.
გარდა ამისა, ბრიტანეთში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ გაზაფხულზე წარმოებულ რძეში იოდის უფრო მაღალი კონცენტრაცია იყო, ვიდრე შემოდგომაზე. ასევე არსებობს კვლევები იმასთან დაკავშირებით, რომ ზაფხულის მაღალი ტემპერატურა გავლენას ახდენს რძის ცხიმოვანი მჟავების შემადგენლობაზე – ზაფხულის თვეები საშუალოდ 0,4 პროცენტული ერთეულით ნაკლებია, ვიდრე ზამთრის თვეები. ნედლი რძის შემთხვევაში სეზონი გასათვალისწინებელია რძის გემოსთან მიმართებითაც, რადგან მასზე დიდ გავლენას ახდენს ის, თუ როგორ ბალახს ჭამს ძროხა.
როგორ დავიწყოთ სეზონური კვება?
თუკი ჩვენი სტატიის წაკითხვის შემდეგ დაინტერესდებით სეზონური კვების დაცვით, შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია, რომელი პროდუქტებია თქვენი რეგიონისთვის მისაღები ამა თუ იმ სეზონზე. მთავარი რჩევები, ფაქტობრივად, უკვე მოცემულია ხილისა და ბოსტნეულის შემთხვევაში – მიიღეთ პროდუქტები მაშინ, როცა ისინი შემოდის და არა დაკონსერვებული სახით ან სათბურში მოყვანილი. ეცადეთ პროდუქტები იყოს ახალი და ისინი მოამზადოთ ნაკლებად საზიანო ინგრედიენტებთან ერთად, რათა შედეგი ჰქონდეს. ახლა, გაზაფხულზე ბევრი ახალი პროდუქტი შემოვა, მაგალითად: ფოთლოვანი მცენარეები, კარტოფილი, მარწყვი, ალუჩა, ლობიო და ბარდა; გაზაფხულზე შემოდის ახალი სოკოც, ამიტომ არჩევანი საკმაოდ მრავალნაირია. დაიცავით სეზონური კვება და ჯანმრთელობასთან ერთად, თქვენი მენიუ უფრო გემრიელიც იქნება, რადგან ახალი საკვები ყოველთვის უფრო მადისაღმძვრელია.
რუბრიკას ჯანსაღი ცხოვრების წესზე წარმოგიდგენთ ფარმადეპო.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი