10
Nov
2017

#თაობა – სფიქსი: “მსმენელს ვერ მოატყუებ, არც შეიძლება, სინამდვილის გარეშე ვერაფერი გამოვა”

10 Nov 2017

როდესაც ბავშვობაში ჰიპ-ჰოპით პირველად დაინტერესდა, ალბათ, ვერც წარმოიდგენდა, რომ წლების შემდეგ ჰობი ყოველდღიურ საქმიანობად გადაიქცეოდა და მის მუსიკას ფართო საზოგადოება მოისმენდა. ზაზა ნოზაძემ, რომელსაც მსმენელი (Sf-x)-ის სახელით იცნობს, ახალი ტრეკი წარადგინა, სახელწოდებით “არ გვაქვს დრო” და ალბომიც ჩაწერა, სადაც თბილისური ისტორიებია ნაამბობი.

M: პირველ რიგში, გავეცნოთ მკითხველს, ვინ არის სფიქსი?

სფიქსი, იგივე ზაზა ნოზაძეა. უყვარს კინო, მუსიკა, თბილისი, Wu-Tang-ი და მადრიდის რეალი.

M: როდის დაიწყო შენი გატაცება ჰიპ-ჰოპით?

ჰიპ-ჰოპით დავინტერესდი ბავშვობიდან და ვთვლი, რომ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მიმდინარეობაა, თავისი მრავალფეროვნებით, თავისუფლებითა და ორგანულობით. ალბათ სამი წელია, რაც ვაკეთებ ამ საქმეს, როდესაც მგონია რომ, რაღაც ეტაპამდე მივაღწიე, იქვე აღმოვაჩენ ხოლმე, რომ წინ დიდი კიდევ დიდი გზაა, რომ კიდევ ათასი რამ მაქვს ასათვისებელი და ბევრი ახალი “სქილი” თუ ინფომაცია მისაღები. მოკლედ, როცა ამ მუსიკას აკეთებ, სულ აღმოჩენებში ხარ, თუ არ ხარ ესე იგი ეს შენი საქმე არაა და გაეშვა ჯობია. უკიდეგანო ჟანრია რეპი.

M: რას მოიცავს შენი მუსიკალური კარიერა, საიდან გაგიცნო მსმენელმა?

არ ვიცი, ჩემს მუსიკას საბედნიეროდ დღეს უკვე ბევრი ადამიანი უსმენს და ზოგი რას, ზოგი რას. ჩემს შემოქმედებას არ გააჩნია რაღაც ერთი კონკრეტული პლატფორმა, ვცდილობ მრავალფეროვანი, თანამედროვე და მაქსიმალურად ჰარმონიული იყოს, როგორც მუსიკა, ასევე პოეზია (ანუ ლირიკა). ერთადერთი, რასაც ვინარჩუნებ, ორგანულობაა. შანსი არაა, მსმენელს ვერ მოატყუებ, არც შეიძლება, სინამდვილის გარეშე ვერაფერი გამოვა. დანარჩენი უკვე შენზეა დამოკიდებული, რა ამბავს მოყვები, რა ემოციით და როგორ ფლობ, როგორც ხელობას – “ემსგინგს”.

 

CREDIt:

Director: Tevdore Gogoladze, Zaza Nozadze

DOP : Tato Sulaqvelidze

Art Department: Fourk group

Video Editing: Nika Gelashvili

M: გვიამბე შენს ახალ ალბომზე, რას ეხება და რისი თქმა გინდა ამ ალბომით?

ჩემი ახალი ალბომის სახელია – “თბილისიდან..!” ალბომის მთავარი ხაზია, რომ მოვყვეთ ნამდვილი თბილისური ამბები, თბილისური ემოციები და სიყვარული, თბილისური გულაობა და პრობლემები. მოკლედ ვილაპარაკებ იმაზე, რაც ზუსტად ვიცი. სადაც ვცხოვრობ 27 წელი და გავაკეთებ ისე, რაც კარგად გამომდის. ყველაზე რთული იყო ფორმის ნახვა, როგორც იქნა უკვე ვუსმენ ალბომს და ვგრძნობ, რომ რაღაც ნამდვილად ღირებული დავდეთ მე და ბევრმა ადამიანმა ვინც მიიღო მონაწილეობა ამ ყველაფრის შექმნაში. ალბომიდან პირველი ვიდეო კლიპი, ტრეკზე – “არ გვაქვს დრო” და ძალიან კარგად შეხვდა მსმენელი, რის გამოც დიდი მადლობა მინდა ვუთხრა. ასევე, დიდი მადლობა “ზედაზენს”, რომ გვაძლევს საშუალებას დავდოთ ხარისხიანი პროდუქტი. იმედი მაქვს ბევრი კომპანია მიხვდება, რომ უნდა ჩაიდოს ფული ქართველ არტისტებში და ზოგადად გვერდში უნდა დაუდგნენ ხარისხიანი შემოქმედების შექმნას.



განხილვა