შეიძლება ითქვას, რომ ადამიანის შინაგან მოთხოვნილებებს შორის ერთგვარი ჩარჩოების გარღვევა და საზღვრებს მიღმა ფიქრი ერთ-ერთი უპირატესია. თითქოს, ყოველთვის გვსურს რაღაც ახლებურის გაკეთება — ისეთის, რაც აქამდე არასდროს არავის უფიქრია, მაგრამ „ცამდე აჭრილებს“ ისე მწარედ დაგვანარცხებს ხოლმე „კარგად დავიწყებული ძველის“ სახეცვლილი ფორმები, რომ ერთ კითხვამდე მივდივართ: იქნებ, ყოველთვის მკაცრად გაწერილ შაბლონებს მივყვებით?!
ალბათ, ეს განსაკუთრებით შემაწუხებელია კრეატიულ ინდუსტრიაში, სადაც შემოქმედებით იდეებს მრავალმხრივ ვაგენერირებთ, უშრეტი ენერგიით ვაფრქვევთ და უცბად აღმოჩნდება, რომ „ეს რაღაც უკვე იყო“.
იმაზე, თუ როგორ ხდება შაბლონების დამკვიდრება, რა ტიპისაა ისინი, რატომ იზიდავთ ადამიანებს და ა. შ. ლაშა დ. კოტორი გვესაუბრება, Leavingstone-ის კრეატიული დირექტორი და სმარტ აკადემიის მქადაგებელი.
M: როგორც უნდა ვეცადოთ, მაინც გარკვეული შაბლონებით ვართ შემოსაზღვრული და გამონაკლისი არც შემოქმედებითი ინდუსტრიაა… როგორ ფიქრობ, რა მოქმედებს ამ შაბლონების განსაზღვრა-დამკვიდრებაზე? რამდენად ბუნებრივი პროცესია?
გთხოვთ, ხალხო გავუფრთხილდეთ შაბლონებს!
როგორც ვაზის ან ფენოვანი ხაჭაპურის გადაკეცვის კულტურა, შაბლონიც ძალიან ბუნებრივი პროცესია: ადამიანმა აღმოაჩინა ნებისმიერი საკითხის რაღაცნაირი გონივრული გადაჭრა, რომელიც ყველასა და ყველაფერზე მორგებადია.
შესაბამისად, თითოეული შაბლონი საკმაოდ კრეატიული იდეაა. უბრალოდ, ის რაღაც თამასას ქმნის და კონკრეტული დროის მერე თუ არ დავხვეწეთ, მოსაწყენია. ხოლო მათ, ვინც ამას შეძლებენ და ყოველდღიურ შაბლონებში ახალ იდეებს დაიჭერენ, დავუძახებთ სტივ ჯობსებს, ელდარ შენგელაიებს და მსგავს გამორჩეულ სახელებს.
გთხოვთ, შაბლონები საჭიროა, ბუნებრივი და კარგია, უბრალოდ, გავუფრთხილდეთ და გავაუმჯობესოთ!
M: „ტრენდს თუ მიჰყვები, ვითარდები და თუ ჩამორჩი ან საპირისპიროდ წახვედი, მოძველებული ხარ?“ თუ ანტი-ტრენდების მიყოლაც ერთგვარი წინასწარ გაწერილი შაბლონია, რომელშიც ბევრი კრეატიული ადამიანი იყრის თავს? იქნებ, უსასრულო წრეა — ტრენდებიდან ანტი-ტრენდებამდე და პირიქით…
ტრენდის აყოლა არ ნიშნავს, რომ ძალიან თანამედროვე ხარ და არც მისი უარყოფა გაქცევს თანამედროვედ. რა თქმა უნდა, აუცილებელია გესმოდეს, რაზე ფიქრობს სამყარო და რა რეალობაში ცხოვრობ, რადგან რასაც ქმნი, ყველაფერი შენს ირგვლივ ვრცელდება – ტრენდები ამ სამყაროსეული შეგრძნებებია ერთგვარი გამოხატულებაა. უბრალოდ, ყოველთვის საჭირო არ არის, ყველაფერზე გქონდეს სათქმელი — ესეც სწორად უნდა შეარჩიო. ტრენდების დაჭერის ნაცვლად თუ ძველმოდურობასა და თანამედროვეობას შორის განსხვავებაზე მეტად, იმაზე უნდა ვფოკუსირდეთ, რაზე შეგიძლია ჩვენი პოზიციის დაფიქსირება და რამდენად სწორი იქნება ამ ტრენდთან თანაზიარობაში.
ტრენდი თვითმიზანი ვერ იქნება, ის მედიუმია, როგორც ნებისმიერი მელოდიისთვის ინსტრუმენტი — აი, შალახო რომ რეი ჩარლზმა დაუკრას, საინტერესოა, მაგრამ მანდ მთავრდება. არაფერია სათქმელი, უშინაარსოა. თუმცა რიგით ქართულ ქორწილში კონკრეტული ტიპი აუცილებლად გამოჩნდება, რომელიც ძირიდან ხელსახოცს დაეწაფება და ვუალა! ეგაა! უკვდავი ტრენდი გამეორდა! დამკვრელმა ჩვენს გულებში დამალულ კინტოს გული აუნთო!
თუნდაც Dove-მა რომ გააკეთა კორონავირუსის პანდემიის დროს რეკლამა: Courage is Beautiful. ალბათ, ეს ბრენდი სხვა დროს არ გამოვიდოდა ამგვარი იდეის ირგვლივ შექმნილი კამპანიით, მაგრამ მიმდინარე მოვლენებმა მოიტანა. სხვა დროს ტრენდებს არ მიჰყვებოდა, თუმცა კონკრეტულ მომენტში ზუსტად თუ მოარტყი, დადებითად იმოქმედებს შენზე. ტრენდებს გაუაზრებლად თუ ავყვებით, კარგი შედეგი ნამდვილად არ გვექნება.
M: ისე, საინტერესოა, როგორ ხვდებიან კრეატიულ ინდუსტრიაში მოღვაწე ადამიანები ერთდროულად, რომ აი ახლა „ამ ტრენდის და შაბლონის“ დროა? თითქოს, რაღაც კოლექტიური გონის ამბავია…
დღევანდელ რეალობაში ეს ძალიან მარტივი პროცესია, რადგან სოციალური ქსელების რაღაც ნაწილი სწორედ ტრენდების ჩამოყალიბება-გავრცელებას ემსახურება. მითუმეტეს საქართველოსთვის გაცილებით კომფორტული „სივრცეა“ შექმნილი — ძირითადად ამერიკა და ევროპა ხომ ბევრ რამეში გვისწრებს და ტრენდებიც არაა გამონაკლისი: როცა იქ რაღაც ხდება, ჩვენთან 3-4 თვეში მოდის. აი, მეორადები ევროპიდან, ოღონდ ტრენდების – 10/10 ეგაა. შესაბამისად, აქ მიხვდერა ნაკლებადაა საჭირო, მთავარია დააკვირდე და თვალი ადევნო.
ასე ვთქვათ, მეორადებად თუ არა, ტრენდები ჩარტერული რეისებით ჩამოდიან ჩვენამდე… დროთა განმავლობაში კი ზოგიერთ ჩვენგანს ერთგვარ ინსტინქტად უმუშავდება — ვგრძნობთ, როდის რა დაიწყება, რა იქნება პოპულარული და ა. შ.
M: და რა უნდა გააკეთო, რომ გამორჩეული იყო შემოქმედებით ინდუსტრიაში?
ალბათ, ამისთვის ძალიან ბევრი რამის კეთებაა საჭირო. უბრალოდ, ეს შენი თვითმიზანი იმ დონეზე უნდა იყოს, რამდენადაც ავთენტურობა უნდა გამოძრავებდეს. ყველას რაღაც გვიხარია, ჩვენებური ხედვა გვაქვს და მთავარია, საზოგადოდ გავრცელებული იდეა და სამყაროსეული ამბები ერთიანად რომ გეჯახება, საკუთარ თავშიც დარჩე. ამიტომ, გამორჩეულობას თავდაჯერებულობა და სწორი ხედვა გიხსნის ყველაზე მეტად, მაგრამ თან ძალიან ბევრი უნდა იშრომო — გააანალიზო სხვების შემოქმედება, პრინციპები, გადაიაზრო და გაარკვიო, როგორ შეიძლება მათი შენებურად გარდაქმნა.
„ის ამის გაკეთებულია და აუცილებლად კარგი იქნება“ მიდგომაც რეალურად დიდი შრომის შედეგია. უბრალოდ, საბოლოოდ, ყველა საკუთარი თავი იყო — და ვინჩი, პიკასო თუ ჩემი მშობლები. ყველა ძალიან ბევრს შრომობს, სწავლობს, უყურებს საუკეთესოს და შემდეგ ამას თავის ხედვაში იყენებს. მთავარიც ესაა, რომ ავთენტური იყო, ხედვის დონეზე სხვა კი არ გადმოაკოპირო, არამედ პრაქტიკების თვალსაზრისით გაითვალისწინო მათი ძალისხმევა.
ვისაც ავთენტური იდეების გაცოცხლება შეუძლია, გამორჩეულიც ის არის
M: შენს შემთხვევაში როგორ ხდება „იდეების დაჭერა“… რამდენად გიადვილდება რაღაც სრულიად განსხვავებულის მოფიქრება და ჩარჩოებისგან თავის დაღწევა?
მე კონკრეტული სტრუქტურა მაქვს ნაპოვნი იმის მიხედვით, რას ჩემთვის შესაბამისი მგონია. ვფიქრობ, სწორედ სწორი სტრუქტურის პოვნაა აუცილებელი, რადგან ფიქრს რომ იწყებ, შენი ტვინი ავტომატურ რეჟიმს ეჩვევა — სწორ გამოსავლამდე მიჰყავხარ, თავისთავად გაფიქრდება რაღაც ახალი. მთავარია, გონება სათანადოდ დატვირთო და აუცილებლად მიხვალ რაიმე იდეამდე — ასე ვთქვათ, შენს ტვინს ასწავლი, როგორ იფიქროს, შენც იცი, როგორ ფიქრობს და ასე მორგებულად თანაცხოვრობთ. ხოლო რამდენად კარგია, მას უკვე შემდგომ დაახარისხებ. მუდმივი შემოქმედების პერიოდში თანდათან სწავლობ, ინტუიციური გრძნობა გიყალიბდება და ხვდები, რა მოგწონს შინაგანად. დაახლოებით ისეა, მეგობარი რომ გეუბნება კარგად ვარო და შენც მის ცუდად ყოფნას გრძნობ. ასეთი უკუკავშირის შედეგად კი გონებაც იწრთობა, რათა შენზე მორგებული იდეები დაგიგენერიროს.
M: და ვინ არის შენთვის „ყველაზე მაგარი შემოქმედებითი ტიპი“?
მგონი, ამაზე ძალიან ბევრი უნდა ვიფიქრო, მაგრამ ამ ეტაპზე შაბლონური ვიქნები და ორ ადამიანს დავასახელებ. პირველი, ეს არის დედაჩემი, რომელიც კრეატიულ ინდუსტრიაში არ მუშაობს, მაგრამ როცა რაიმე გამოწვევას წააწყდება, ეგრევე იფიქრებს, ვის უნდა მოაგვარებინოს ან თავად როგორ მოაგვაროს. ამ თვალსაზრისით ის არის მნიშვნელოვანი, რომ თუ თავად ვერ ჭრის პრობლემას, ზუსტი გუნდის შეკვრა შეუძლია უცბად — თუ ვერ დაგეხმარება, გეტყვის, ვის ექნება საჭირო პასუხი.
მეორე ეიჩირო ოდაა, One Piece-ის ავტორი. ბიბლიის შემდეგ ყველაზე გაყიდვადი ბეჭდვითი გამოცემაა — ყველაფერი, რაც ლიტერატურასა და რელიგიაში არსებობდა, გააერთიანა და სრულიად ახალ ამბად აქცია.
ავტორი: ქეთია ბელქანია