თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე მდებარე შახტაში დავით ბროდსკის ავტორობით, საინტერესო ექსპერიმენტი მოეწყო. ხელოვანმა გადაწყვიტა, მიტოვებული შახტისთვის ახალი სიცოცხლე და დატვირთვა მიენიჭებინა – არსებული სივრცე გააკეთილშობილა და პერფორმატიულ ინსტალაციად აქცია, რომელშიც რამდენიმე ცოცხალი ხმოვანი პერფორმანსი შესრულდა. ასე გარდაიქმნა ბევრისათვის შეუმჩნეველი ადგილი ახალ სახელოვნებო პოლუსად.
პროექტი, საზოგადოებრივი ხელოვნების პლატფორმის მიერ ორგანიზებულ “ფესტივალი პერფორმანსის დღეები თბილისზე”, რადიო კოლექტივ Common Waves-თან კოლაბორაციაში, 25-27 დეკმებერს გაიმართა, როგორც ინსტალაციისა და პერფორმანსის სინთეზი.
სამი დღის განმავლობაში ხმოვანი პერფორმანსების შესასრულებლად დავით ბროდსკიმ მუსიკალური არტისტები ბენ უილერი, BUSF და Hundred Tapes მოიწვია.
M: დავით, მოგვიყევით რა არის და რას ნიშნავს პირადად თქვენთვის პროექტი შახტა?
დავით ბროდსკი: “SHAKHTA” არის ინსტრუმენტი, საიდანაც სხვადასხვა შინაარსის ბგერა, ხმა, სიტყვა, მესიჯი და მუსიკა ამოდის, რომელსაც ადამიანი აკეთებს და ჰაერში, სივრცეში – კოსმოსში უშვებს. ის დგას ისეთ ადგილას, რომელსაც წლების განმავლობაში ქუჩის საპირფარეშოს ფუნქცია ჰქონდა, ეს იყო მძღოლებისა და მოხეტიალე ადამიანების, “ბომჟების” დროებითი გასაჩერებელი. ამიტომაც, “SHAKHTA” ყველა მარტოხელა, უსახლკარო და განმარტოებულ ადამიანს ეძღვნება.
ნამუშევრის პერფორმატიული ხასიათი, გარკვეულწილად, ფესტივალის და ზოგადად, წლევანდელი წლის პერფორმანსის დღეების კურატორების მიდგომამაც განაპირობა – პერფორმანსი ფორმულირდება, როგორც სახელოვნებო ფორმა, რომელსაც არ აქვს განსაზღვრული წესები და პირიქით, სრულიად ღიაა ექსპერიმენტებისთვის.
ინოვაციურობასა და ექსპერიმენტებს ყოველთვის თან სდევს გარკვეული ეჭვები და, რა თქმა უნდა, არც ეს შემთხვევა ყოფილა გამონაკლისი, მუსიკოსი ბენ უილერი, პირველი დღის მონაწილე იხსენებს – “დათო ამ იდეით დამიკავშირდა და მართლაც დავინტერესდი, თუმცა იყო გარკვეული ეჭვებიც, თუნდაც ხმასთან დაკავშირებით, რომ გარემოდან გამომდინარე, ხმა მეტისმეტად ცუდი იქნებოდა. საბოლოოდ კი ხმა იმდენად თბილი იყო ამ გარემოში, დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ მე, არამედ დათოს და სხვა მონაწილეებსაც ძალიან მოეწონათ. სწორედ ამ სივრცემ აქცია ეს ყველაფერი უნიკალურ გამოცდილებად.”
M: საინტერესოა, როგორ გაჩნდა შახტის ხელოვნების სივრცედ გარდაქმნის იდეა?
დავით ბროდსკი: ეს ადგილი ჩემთვის სხვადასხვაგვარად საინტერესოა, ის ეკუთვნის საჯარო სივრცეს, მაგრამ მის ქვემოთ გვირაბი, ანუ მიწისქვეშა ხიდი გადის, რომელიც ორ გარემოს აკავშირებს… კერძო საკუთრებიდან საჯარო საკუთრებაში გვირაბი სწორედ შახტის სახით ამოდის და ეს სიმბოლური კვეთაა, რაც ნამუშევრის კონტექსტს ქმნის.
ხელოვანისთვის აუცილებლობას წარმოადგენს, წინასწარ განსაზღვროს, როგორ შეიძლება თითოეული მოცემულობის საინტერესოდ გამოყენება, თითქოს წინასწარ უნდა იგრძნოს მისი ხასიათი და შესაძლებლობა – “როდესაც შახტა ვნახე თავისი პირვანდელი მდგომარეობით, მიმიზიდა, როგორც საინტერესო სამუშაო მასალამ. თანაც, ნამუშევრის შექმნის პროცესი ამავე ნამუშევრის, როგორც ხელოვნების ნიმუშის ნაწილი გახდა. ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ კეთების პროცესი, ადამიანებთან ურთიერთობა, მუშაობა და სხვადასხვა არქიტექტურული და შემოქმედებითი პრაქტიკების მათთან გაზიარება, დაკვირვება, და მათი უკეთესად გაცნობა.” – ამბობს დავით ბროდსკი.
დასაწყისიდან დასასრულამდე ნამუშევარს ფიზიკური ცვლილება არ განუცდია, უბრალოდ იმ მუსიკასთან და ხმასთან ერთად, რომელსაც არტისტები ქმნიდნენ, იცვლებოდა განწყობაც.
ავტორი: ქეთია ბელქანია