მთლად საშობაო ორცხობილებში არ აგერიოთ… მართალია, იჭმევა, მაგრამ სრულად ფუნქციონირებადი კამერაა. კანადელმა ფოტოგრაფმა დიმიტრი ჩერბაჯიმ ჯანჯაფილის ორცხობილისა და ტკბილეულის გამოყენებით შექმნა. შაქრის მინის ლინზაც კი აქვს, რომელიც Fujifilm Instax Square-ის დახმარებით იღებს.
თუმცა ფოტოგრაფისთვის ეს პირველი ცდა არ არის, მანამდე Polaroid SX-70 შემოგვთავაზა, რომელიც მართალია, ვიზუალურად საოცარი იყო, მაგრამ რეალურად ვერ ასრულებდა თავის ფუნქციას. ახლა კი სწორედ ეს ნაწილი გააუმჯობესა, შეისწავლა, როგორ შეეძლო შაქრის მინის ლინზად გამოყენება.
„ეს ექსპერიმენტებისთვის შესანიშნავი მოწყობილობაა. ჩემმა კვლევამ აჩვენა, რომ შესაძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ შედეგები არც ისე კარგია, ეს ჩემთვის შესაძლებლობა იყო, საკუთარი ოპტიკური სისტემა ტკბილეულისგან შემექმნა“, — განმარტავს ფოტოგრაფი.
პროცესი ფუნქციური ქაღალდის პროტოტიპით დაიწყო, რაც მოიცავდა ცხობის სატესტო ფაზას, რომ ჯანჯაფილისგან სასურველი ორცხობილა მიეღო… მეტი სიზუსტისთვის ყველის სახეხსაც იყენებდა. კამერის ძირითადი ნაწილი კი DIY Instax Square-ით არის აგებული, ხოლო ხის ნაწილები ახლა ორცხობილებითაა ჩანაცვლებული. მიუხედავად შაქრის შემცველობისა, როგორც უკვე გითხარით, საბოლოო პროდუქტით რეალური ფოტოების გადაღებაა შესაძლებელი.
მართალია, გამოსახულებები ბუნდოვანია, თუმცა მიღებული შედეგები მაინც სასიამოვნო სიურპრიზად უნდა ჩავთვალოთ, ეს ხომ „გამომცხვარი“ ფოტოაპარატია… ექსპერიმენტი კი სულ 220 დოლარი დაჯდა… ხოლო, თუ მოგონებების შეგროვება და სახლის ახლად გამომცხვარი ორცხობილების სუნით ავსება დღესასწაულებზე თქვენთვისაც ჩვეული რიტუალია, მაშინ ჯანჯაფილის კამერაც საინტერესო უნდა იყოს.
დიმიტრი ჩერბაჯი კი ფოტოების გადაღებას მთელი დეკემბრის მანძილზე გააგრძელებს მანამ, სანამ მისი დაშლის სიხარულს მეგობრებთან ერთად შობის დღეს გაიზიარებს. და თუ ამ პროცესებზე დაკვირვება გსურთ, მაშინ ფოტოგრაფის ბლოგს უნდა ესტუმროთ.