9
Aug
2019

შალვა კალაგონი – “ნებით თუ უნებლიეთ პლანეტა დედამიწის რეზიდენტი” #თაობა

9 Aug 2019

შალვა კალაგონი თბილისელი მუსიკოსია. მუსიკასთან ბავშვობიდან აქვს შეხება, შეიძლება ითქვას, რომ მის მუსიკოსად ჩამოყალიბებაში მუსიკალურმა ინსტრუმენტებმა და გარესამყაროს ხმებმა იქონია გავლენა. დღეს მის ორიგინალურ შემოქმედებაში ამგვარ ბუნებრივ ხმას უხვად წააწყდებით. გარკვეული პერიოდის შემდეგ, როცა გააცნობიერა, რომ მუსიკას თავისი ფონი ჰქონდა, შეეცადა ვიზუალურად გამოესახა ეს ყველაფერი. დღეს კი მუსიკოსთან ერთად მხატვარიცაა. ხატავს – მუსიკალურ ნახატებს. #თაობა შალვას გაესაუბრა:

M: ვინ არის შალვა კალაგონი? – გაგვაცანით თქვენი თავი..

შალვა კალაგონი – ნებით თუ უნებლიეთ პლანეტა დედამიწის რეზიდენტი.

M: როდის და რა ვითარებაში დაიწყო თქვენი მუსიკასთან ურთიერთობა?

ალბათ, მუსიკასთან ჩემი ურთიერთობა დედაჩემის წკრიალა ნანინათი იწყება, გრძელდება ქართული ფოლკლორით, რომელიც ადრეულ ბავშვობაში სახლში ჩამესმოდა, აგრეთვე, ჩემს განკარგულებაში მყოფი   უამრავი საბავშო მუსიკალური ინსტრუმენტების ხმოვანებით. მახსოვს, როგორ ვცდილობდი, რომ ყველა მათგანზე დაკვრისთვის თანაბარი დრო დამეთმო. სკოლის პერიოდიდან დავიწყე  ფირფიტებისა და კასეტების შეგროვება და ყველა ხელმისაწვდომი მუსიკის მოსმენა, მსოფლიო ხალხური მუსიკიდან დაწყებული, კლასიკური მუსიკით დამთავრებული.

M: როგორი იყო და არის თქვენი მუსიკალური ინსპირაციები? რა ახდენს თქვენს შემოქმედებაზე დიდ ზეგავლენას?

ჩემი ბავშვობის დროინდელი მუსიკალური ინსპირაციების ჩამონათვალი ასეთია: ჩვენი პლანეტის ბუნებრივი ხმები (წვიმა, ქარი, მდინარე, ზღვა, ფრინველები და ა. შ.) და საერთოდ სამყარო, როგორც მუსიკალური ინფორმაციის მატარებელი და ულიმიტო, როგორც თვითონ მუსიკა. სამგზავრო და სატვირთო მატარებლების ხმები, რაც ხშირად ჩამესმოდა ჩვენს რკინიგზისპირა აგარაკზე ყოფნის დროს, სადაც ჩემმა ბავშვობამ ჩაიარა.

ხოლო მოგვიანებით უკვე კონკრეტული არტისტები გახდნენ ინსპირაცია: the Beatles, Jimmy Hendrix, Pink Floyd, Weather Report, Miles Davis, San Ra, Cecil Taylor, Ornette Coleman, John Cage, Pierre Schaeffer, Karl-Heinz Stockhausen…

M: დრო და დრო, როგორ განვითარდა თქვენი მუსიკალური საქმიანობა?

2002  წელს დავაარსე ექსპერიმენტალური “cosmonomadic orchestra”, რომლის ძირითად ბირთვს ჩემთან ერთად  წარმოადგენდნენ ლადო ონიანი, გირშელ ჯავახიშვილი და გოგა გარსევანიშვილი. ჩაიწერა 14 ალბომი, სადაც პერიოდულად მოწვეული მუსიკოსებიც მონაწილეობდნენ. ეს არის მუსიკალური მიმდინარეობების გარკვეული ეკლექტური ელექტრონულ-ინსტრმენტალური მიქსი. ეს ალბომები მსოფლიო ელექტრონულ ქსელში მოგზაურობენ და შეგიძლიათ, მიაგნოთ. ერთ-ერთ პროექტს ასეც ჰქვია: the Netnomadic orchestra (ქსელში მოხეტიალე ორკესტრი).

ამჟამანდელი ჩემი მუსიკალური აქტივობა კი ინსტრუმენტალურ მუსიკასთან ერთად, სოლო ექსპერიმენტალური ელექტრონული მუსიკაა.

M: როგორ ფიქრობთ, რა სახელი შეიძლება დაერქვას თქვენს შემოქმედებას?

ჩემი შემოქმედებისთვის სხვადასხვა დროს ძალიან ბევრი სიმბოლური სახელი ამომტიტივებია ხოლმე, რომლებიც შემდეგ ჩემი გამოფენების და პერფორმანსების სახელებად გამომიყენებია, აი რამდენიმე მათგანი: Tripfusion, cosmocodes, unistreams, real-sureal, visioner, duality-unity, ideadetonator, middle-medium, sense A, entropion , uniglider, Artinduction, permission, sEclectica, Maxmuse, trancell, phantasm, Xtrance…

M: ხატავთ კიდეც..

მუშაობის პროცესში და ვიზუალური გამოსახულების ყურების დროს, გარკვეული მუსიკა ჩამესმის, როგორც ფონი ამ გამოსახულებისა. და პირიქით, მუსიკალური შესრულების დროს გარკვეულ გამოსახულებებს ვხედავ, როგორც ფონი იმ მუსიკისა, რომელსაც ვუკრავ. ამ შემთხვევაში, მუსიკა მევლინება ვიზუალური გამოსახულებების შექმნის ინსპირაციად და იდეად.

M: რისი თქმა გსურთ თქვენი შემოქმედებით?

ჩემი შემოქმედებითი აქტივობით მე ვახდენ სამყაროსეული ინფორმაციის მუდმივ ნატურალიზაციას, როგორც გამტარი. აგრეთვე ჰეპენინგის მანიფესტაციას, რომელსაც გარემო გვთავაზობს – სპონტანურს, ესე იგი ორიგინალურს, ქცევასა და ხმოვანებაში არსობრივად დაუოკებელს.

ყველა ვიზუალური გამოსახულება, თუ მუსიკალური ხმოვანება, აღმოცენებულია პირველად, ცოცხლად და  ინტუიტიურად ბუნებრივად.

M: რომ არა მუსიკა..

რომ არა მუსიკა, ალბათ ადამიანის სულიერი ჰარმონია დაირღვეოდა.

M: დაუტოვეთ #თაობას ტრეკი ფლეილისტისთვის:

 

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე



განხილვა